საზამთროს ლოსიონები და ნიღბები თქვენს კანს ახალგაზრდობას დაუბრუნებს
საზამთროს ნაყოფი და წვენი კოსმეტიკაში ფართოდ გამოიყენება და შესანიშნავი ეფექტიც აქვს.
საყინულეში გაყინეთ საზამთროს წვენი. ყოველ დილას საზამთროს „ყინულის ნატეხით“ ჩაიტარეთ სახის მასაჟი, 15-20 წუთის შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ და მკვებავი წაისვით. ეს პროცედურა მიზანშეწონილია ნებისმიერი ტიპის კანისთვის.
მზის, ქარის ან ყინვისგან გაღიზიანებული კანის დასამშვიდებლად საუკეთესო საშუალებაა შემდეგი რეცეპტის მიხედვით მომზადებული ლოსიონი: სახეხზე გახეხეთ საზამთროს რბილობი, გააჩერეთ ერთი-ორი საათი, შემდეგ კი გამოწურეთ. 400 მლ წვენს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი. მარილის მთლიანად გახსნის შემდეგ მიღებული მასა გაფილტრეთ და დაუმატეთ 200 მლ არაყი. მიღებული ლოსიონით გაიწმინდეთ სახის კანი, სახეზევე შეიშრეთ და გაიჩერეთ ერთი-ორი საათი. თუ ლოსიონს მაცივარში შეინახავთ, მისი გამოყენება დაახლოებით ერთი წლის მანძილზე შეგეძლებათ.
ერთი კვერცხის გული კარგად გათქვიფეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი საზამთროს წვენი და მიღებული მასა გადაისვით სახეზე. ეს ნიღაბი კარგია მშრალი და ნორმალური კანისთვის.
კვერცხის გული გათქვიფეთ 1 ჩაის კოვზ საზამთროს წვენში, ამდენივე მცენარეულ ზეთსა და არაჟანში. სისქისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი შვრიის ფქვილი ან გამხმარი და დაფშვნილი პური. ნიღაბი დაიდეთ სახეზე 15-20 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ჩაის სუსტი ნაყენით. რეკომენდებულია მშრალი და ნორმალური კანისთვის. ასეთი ნიღაბი კვირაში 2-3-ჯერ უნდა გაიკეთოთ, მთელი კურსი კი 12-15 პროცედურას მოიცავს.
იმისთვის, რომ მატონიზებელი ნიღაბი მიიღოთ, ნახევარი ჭიქა სქელი მანანის ფაფა (რძეზე დამზადებული) ათქვიფეთ ერთი კვერცხის გულთან ერთად, დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი საზამთროს წვენი, თაფლი და მცენარეული ზეთი, ბოლოს ნახევარი კოვზი მარილი და კარგად აურიეთ. ნიღაბი სახეზე 20-30 წუთს უნდა გაიჩეროთ.
საზამთროს რბილობი დასრისეთ, მიღებული მასა 10-15 წუთით დაიდეთ სახეზე. მშრალ, პიგმენტური ლაქების მქონე კანზე ნიღბის წასმამდე გადაისვით ზეითუნის ან სიმინდის ზეთი და გაიკეთეთ 5-7-წუთიანი კომპრესი: პირსახოცი დაასველეთ ცხელ წყალში, რომელსაც დამატებული ექნება სოდა (1 ჩაის კოვზი – 1 ლიტრ წყალზე) ან გვირილის თბილ ნაყენში. ნიღაბი ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით, ფრთხილად შეიმშრალეთ რბილი პირსახოცით და წაისვით მკვებავი საცხი.
საზამთროს კურკების ზეთი
ძალიან სასარგებლოა, აგრეთვე, საზამთროს კურკების (თესლების) ზეთი, რომელიც არაჩვეულებრივად მოქმედებსა კანსა და თმებზე. ეს ზეთი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, ვიტამინებით – А, В, Е, С, РР, თუთიით, სელენით და ბიოლოგიურად აქტიური სხვა ნივთიერებებით. საზამთროს კურკების ზეთი უნივერსალურია – ის გამოიყენება ყველა ტიპის კანისთვის, არ აცობს ფორებს, კვებავს, ატენიანებს კანს და ზრდის მის ელასტიკურობას. აგრეთვე, რეგულარული გამოყენებისას ის შესანიშნავად აღადგენს კანის ბუნებრივ ჰიდროლიპიდურ ბალანსს. ეს ზეთი კარგი საბაზო საფუძველია ნიღბებისთვის ეთერზეთების დამატებით და აი, რატომ: მისი მთავარი ღირსება ის არის, რომ ძალიან მსუბუქია, ადვილად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმოვან კვალს. ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ ზეთი კი არა, მკვებავი საცხი წაისვით. ამ თვისების გამო ის შეუდარებელია თმის მოვლისთვისაც. ასეთი ზეთის ნიღბები კვებავს და ატენიანებს თმას და, ამასთან, ადვილად შეგიძლიათ ჩამობანა. დაბანის შემდეგ თმა ძალიან ჯანსაღად და ახალგაზრდულად გამოიყურება.
საზამთროს კურკების ზეთი (მისი მეორე დასახელებაა კალაჰარი და ეტიკეტებზე შესაძლოა ამ დასახელებით შეგხვდეთ) შეგიძლიათ აფთიაქებსა და მაღაზიებში შეიძინოთ.
თამთა გურული
მსგავს თემაზე: ნამდვილი სუპერხილი – საზამთროს ვიაგრასაც კი ადარებენ!
კომენტარები