ათენში ქართველი ემიგრანტი ქალი გულის შეტევით გარდაიცვალა
გუშინ, 12 ივნისს ათენში, ევანგელიზმოს საერთო პროფილის საქალაქო საავადმყოფოში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა.
„საავადმყოფოში ვისაც გიმუშავიათ, ყველა იცნობდით მას. „ნანა ხაშურელი“, ჩვენი ნანა, უწყინარი, მშვიდი, კეთილი ქალბატონი. ცუდად გახდა და 5 წუთში გული გაუჩერდაო… ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ. ეს ძლიერი ქალი, უძლური აღმოჩნდა და დაემორჩილა სიკვდილს.რამდენიმე თვის წინ მეტაქსას საავადმყოფოში შემხვდა, დილაადრიან თვალცრემლიანი იყო: ერთი თვე ვუვლიდი და ამ დილით გარდამეცვალა, ვერაფერი ვუშველე ბაბუასო. ყველას ტკივილი გულთან მიჰქონდა, ამიტომაც ვეღარ გაუძლო მისმა გულმა.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული ნანა“, – წერს ფეისბუქის მომხმარებელი ნანა თევდორაძე საკუთარ გვერდზე.
გარდაცვლილი ნანა (ნელი) სვანიშვილი დაახლოებით 15 წელი ემიგრაციაში იყო საბერძნეთში. ოჯახის წევრები საქართველოს საკონსულოს დაუკავშირდნენ და შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ მას სამშობლოში გადმოასვენებენ.
nostal.ge მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოჯახს ქალბატონი ნანას გარდაცვალების გამო.
კომენტარები