„ჩემი შვილი უჩემოდ იზრდებოდა, სამაგიეროდ სხვის შვილებს ვუვლიდი კარგად“ – ემიგრანტი ქალის ისტორია
მას დღემდე ახსოვს და ალბათ არც არასდროს დაავიწყდება 2004 წლის 7 მაისი – დღე, რომელიც, არც მეტი – არც ნაკლები, შვილთან დაშორების ემოციებს ინახავს. ამ დღის ყველა წუთის გახსენება შეუძლია, მაგრამ არცერთის – უემოციოდ. არც სამშობლოში დაბრუნების დღე ავიწყდება, არც აეროპორტში მომლოდინე შვილის თვალები. ნანა არის ერთ-ერთი იმ ქალთა შორის, რომლებმაც იპოვნეს საკუთარ თავში ძალა და ოჯახები დღემდე მოიყვანეს საკუთარი ოფლისა და ცრემლის ფასად. 10 წელი გაატარა საბერძნეთში, ემიგრაციაში -. ვითარებაში, რომელშიც, როგორც თვითონ ამბობს, ყველაფერზე რთულია დარჩე იმად, ვინც იყავი. მან ეს მოახერხა და საუკუნეებად გაწელილი წლების შემდეგ დაბრუნდა იქ, სადაც გულისფანცქალით ელოდნენ.
ნანა, ვიცი ძალიან ემოციურია თქვენთვის ეს ყველაფერი. მადლობა, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. შეგიძლიათ გაიხსენოთ ის დღე, როდესაც ემიგრაციაში წახვედით?
რა თქმა უნდა, შემიძლია. ეკონომიკური სიდუხჭირე იყო ის, რამაც გადამაწყვეტინა უცხოეთში წასვლა. ეს იყო 2004 წელს. ყველაზე რთულია შვილთან დაშორება. ყველა დეტალი მახსოვს. კარის მეზობლებმა გამაცილეს. ახლა ისინი ცოცხლები აღარ არიან, სამწუხაროდ. 7 მაისი იყო, წვიმდა. მივდიოდი ნასესხები ფულით, სრულიად უცხო ქვეყანაში, სადაც არავინ მელოდა. არავინ მხვდებოდა ისეთი, ვისაც ბოლომდე მივენდობოდი, არავინ იყო იქ ჩემი ოჯახის წევრი ან ნათესავი. ერთადერთი, ვინც იქ მეგულებოდა, იყო ნაცნობი, რომელმაც წასასველი ფული გამომიგზავნა, თუმცა ჩემი ჩასვლის დღეს ვერ მოახერხა აეროპორტში მოსვლა და მარტო აღმოვჩნდი სრულიად უცნობი ქვეყნის პირისპირ.
ქალისთვის, რომელიც დგება და მიდის საკუთარი ქვეყნიდან სრულიად უცხო გარემოში, ემიგრაციის დასაწყისში რა იყო ყველაზე რთული?
მგზავრობაც სტრესული იყო ჩემთვის, რადგან ისე არ გავმგზავრებულვარ, როგორც ვგეგმავდი. ჩამოვედი თვითმფრინავიდან, არავინ დამხვედრია, როგორც უკვე ვთქვი. პირველ დღეს ძალიან შემეშინდა. სასტუმროში გავატარე ის ღამე. მერე მოვიდა ჩემი ნაცნობი და ცოტა დავმშვიდდი.
ყველაზე რთული იყო იმ ადამიანების პოვნა, რომელთა ნდობაც შეიძლებოდა. ჩემს შემთხვევაში არაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი: არ ვიცოდი, სად უნდა მემუშავა, პრობლემა იყო ენის ბარიერიც. ორი უცხო ენა – ინგლისური და რუსული ვიცოდი, თუმცა აუცილებელი იყო ბერძნულის ცოდნა. სხვა შემთხვევაში ნორმალურ სამსახურს ვერ ვიშოვიდი. საბედნიეროდ, იმ ადამიანებში გამიმართლა, ვისთანაც ვითანამშრომლე. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მე ვიცნობდი „გოგოებს“, რომლებსაც არ აჭმევდნენ, სცემდნენ… მოკლედ, ძალიან რთულ პირობებში უწევდათ მუშაობა.
პირველი პერიოდი იყო ფსიქოლოგიურად ურთულესი. პირველი ექვსი თვის მანძილზე მთელ დღეებს ტირილში ვატარებდი. შეკრულ ჩემოდნებზე ვიჯექი თვეების განმავლობაში: რომ ვერ გამეძლო, უცებ ავდგებოდი და წამოვიდოდი. მაგრამ ის ფაქტი, რომ ვალით წავედი, მაჩერებდა. ვიცოდი, ჩემს წამოსასვლელად აღებულ ვალსაც ვერ გადავიხდიდით, მე რომ საქართველოში დავბრუნებულიყავი.
ვალი რომ გავისტუმრე, უკვე უკეთ ვიყავი, სტიმული მქონდა. მონატრება აღარ იყო ისეთი ტკივილიანი, როგორიც თავიდან… დასაწყისში ტელეფონით ვეკონტაქტებოდი ოჯახსა და ახლობლებს, მერე სკაიპის გამოყენება დავიწყეთ და ამანაც შეგვიმსუბუქა მონატრება. სკაიპით ვუყურებდი ჩემი შვილის გაზრდას, როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა, ვურეკავდი, ვუსმენდი, ვუყურებდი…
სამსახურის დაწყების შემდეგ რა იყო ის, რასთან შეგუებაც ყველაზე მეტად გაგიჭირდათ?
ციხეში არასდროს ვმჯდარვარ, მაგრამ ასე მგონია, ვიცი, რასაც გრძნობენ პატიმრები. მთელი ექვსი დღე გამოკეტილი ხარ ვიღაცის სახლში, ერთადერთი კვირა დღე გაქვს იმისთვის, რომ თავისუფლება იგრძნო. ყველაფერზე რთული ეს იყო ალბათ მუშაობისას ჩემთვის. თავიდან ვიყავი ასე, რაღაც მომენტში ვეღარ გავუძელი ჩაკეტილ სივრცეს. მე ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ. იმ ჩაკეტილ სივრცეშიც კი, სადაც ძალიან თბილად მიმიღეს, კარგად მექცეოდნენ, ჰაერი არ მყოფნიდა. ორი წელი საათობრივად ვმუშაობდი, საღამოობით საკუთარი თავისთვის დრო მრჩებოდა, ვსეირნობდი. ვგრძნობდი, ეს დადებითად მოქმედებდა ჩემზე – ჯანმრთელობაზეც და განწყობაზეც.
ცხადია, ძალიან რთულია შვილთან და საყვარელ ადამიანებთან განშორება, მშობლიური ქვეყნის დატოვება… რამ გადაგალახვინათ ემოციურად რთული პერიოდები?
სულ მახსოვდა, რომ წამოსვლისას ჩემს გოგონას ვუთხარი: მივდივარ და არ ვიცი, როდის დავბრუნდები, მაგრამ რასაც მოისურვებ, ყველაფერს გამოგიგზავნი-მეთქი. ამით ვინუგეშებდი თავს.
ემოციური სირთულეების გადალახვაში დამეხმარა ისიც, რომ იქ კარგი მეგობარი შევიძინე – საქართველოდან ჩასული ემიგრანტი გოგო. მიჭირდა თუ მილხინდა, მას ყოველთვის ვუყვებოდი. ამ საუბარებმა ძალიან დიდი დადებითი ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა ჩემზე. როცა ის ცუდად იყო, მე ვეხმარებოდი. მოკლედ, მუდმივად გვერდით ვედექით ერთმანეთს. ბოლომდე მივენდე მას და ძალიან ერთგული ადამიანი აღმოჩნდა, ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ.
ლექსების და ჩანაწერების წერა დავიწყე. ქმარს ვიყავი დაშორებული და სწორედ მას მივიჩნევდი ჩემი უცხოეთში წასვლის მიზეზად. ლექსებში ჩემს ყველა ემოციას გადმოვცემდი და ამით ვთვისუფლდებოდი თითქოს. ყველა ნაწერს ვინახავ დღემდე.
როგორ ფიქრობთ, ემიგრაციის 10-წლიანმა პერიოდმა რა შეცვალა თქვენში?
იქ არავინ არ იცვლება, არავინ არ იცვლება სერთოდ. ემიგრაციაში ადამიანების ბუნება, ნამდვილი სახე ვლინდება, უბრალოდ. თუკი ადამიანი ნიღბიანია, იქ ნიღაბს იხსნის და თავისი ნამდვილი სახით ჩნდება. მე ისევ ის ნანა ვარ.
მაინც რა შეცვალა იმ ათმა წელმა ჩემში? ერთადერთი – ჯანმრთელობა. გამიფუჭდა ნერვები, ძალიან მშვიდი ადამიანი ვიყავი ემიგრაციაში წასვლამდე. სამუშაო პირობები ნორმალური იყო, აქ ეს არაფერ შუაშია; ოჯახისგან სიშორემ, იმ ფაქტმა, რომ არ ვიყავი ჩართული ჩემი შვილის ყოველდღიურობაში, იმან, რომ ძალიან ბევრი რამე გამოვტოვე მის ცხოვრებაში ამ ათი წლის განმავლობაში, ჩემს შინაგან სამყაროზე ძალიან იმოქმედა. შვილის ცხოვრებაში გამოტოვებულ მომენტებს ვეღარ დავიბრუნებ, სამწუხაროდ. ცუდია, რომ სკოლის პერიოდი – ბავშვის ცხოვრებაში საუკეთესო წლები გამოვტოვე. ისიც კი ვერ ვნახე, როგორ წავიდა ჩემი შვილი სკოლაში, მე თვითონ ვერ წავიყვანე, ვერცერთ მშობელთა კრებას ვერ დავესწარი – ეს ყველაფერი დედაჩემმა აიღო საკუთარ თავზე. ჩემი შვილი უჩემოდ იზრდებოდა, სამაგიეროდ, სხვის შვილებს ვუვლიდი კარგად.
მინდა გთხოვოთ იმ დღის ემოციების გახსენება, როცა ჩემოდნები ჩაალაგეთ და საქართველოში ბრუნდებოდით. რას განიცდიდა ნანა, რომელიც თვითმფრინავში იჯდა და სამშობლოში ბრუნდებოდა?
დაბრუნების ემოცია, რასაკვირველია, რადიკალურად განსხვავებული იყო წასვლის ემოციისგან. რომ მიდიხარ და არ იცი, როდის დაბრუნდები, ტოვებ შვილს, ოჯახს, საყვარელ ადამიანებს, 10 წელი გადის და უკვე იცი, რომ მალე დაუბრუნდები ყველას და ყველაფერს. 15 აპრილი იყო, თბილოდა. ჯერ კიევში უნდა ჩავფრენილიყავი, კიევიდან – საქართველოში. მესმოდა, როგორ წუწუნებდნენ ჩემი თანამემამულეები ჯერ კიევში დაფრენაზე, მერე ისევ თვითმფრინავში ასვლაზე. მივუტრიალდი და ღიმილით ვუთხარი: საქართველოში ბრუნდებით, საკუთარ ოჯახებში და თქვენ რაზე წუწუნებთ-მეთქი.
ფინანსურად ისეთი კმაყოფილი მაინც ვერ მოვდიოდი, როგორიც მინდოდა, აქ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა მელოდა, თუმცა უცბად გადავწყვიტე წამოსვლა, აბსოლუტურად დაუგეგმავად. მივხვდი, რომ ჩემს შვილს ჩემი გვერდით ყოფნა უფრო სჭირდებოდა, ვიდრე ემიგრაციაში დარჩენა. გავაცნობიერე, რომ საქართველოშიც შევძლებდი იმდენს, რომ მიმეხედა ჩემი შვილისთვის. მოკლედ, ჩემს იქ ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა. ეს ყველაფერი რომ გავაანალიზე, საბუთების შეგროვება დავიწყე. ორ დღეში ყველა საბუთი მზად მქონდა. ამ ორ დღეში შვიდი კილო მოვიკელი წონაში, ისე ვნერვიულობდი. ძალიან დიდი სიხარული იყო. ემოცია იმისა, რომ შვილი ჩემზე მაღალი დამხვდა, იყო საოცარი. ხომ ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ რომ დავინახე!.. წინასწარ ვამშვიდებდი ჩემს თავს, რომ ზედმეტი ემოციისგან რამე არ დამმართნოდა და ბავშვი არ შემეშინებინა. ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა, ღვთის წყალობით.
ემიგრაციაში წასვლაზე მას შემდეგ არ მიფიქრია.
როგორც ვიცი, არიან ადამიანები, რომლებიც ბრუნდებიან საკუთარ ქვეყანაში, თუმცა იმდენად არიან შეჩვეული იმ გარემოს, რომელშიც წლების განმავლობაში იცხოვრეს, იმუშავეს, რომ ვეღარ ეგუებიან სამშობლოში არსებულ პირობებს. ჩამოსვლის შემდეგ გქონდათ თუ არა ასეთი განცდა?
კი, ჩემს ცხოვრებაში იყო ასეთი პერიოდი, იყო ეს განცდა. ჩამოსვლის შემდეგ, ექვსი-შვიდი თვის მანძილზე ვიყავი სრულ დეპრესიაში სწორედ ამის გამო. ქუთაისში ვცხოვრობდით. ვერ ვშოულობდი სამსახურს. თუ იყო სამუშაო, იყო ათლარიანი დღეში, არადა დილიდან საღამომდე უნდა გემუშავა. სხვადასხვა სამსახური მოვსინჯე, მაგრამ ანაზღაურებას საერთოდ ვერც შეადარებდი იმ ხელფასს, რასაც საბერძნეთში ვიღებდი. 300-ლარიან ხელფასს ვერ ავცდი ქუთაისში. მერე ჩემმა შვილმა თბილისში ჩააბარა უნივერსიტეტში და აქ გადმოვედით საცხოვრებლად, დედა ქუთაისში დარჩა.
მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ისევ ემიგრაციაში მიდიან აქ ჩამოსვლის შემდეგ. იქ მიჩვეულები არიან შედარებით იოლ შრომას შესაბამისი ანაზღაურებით. ხელფასი გაკმაყოფილებს, აქ აღებული სამასი ლარი კი ელემენტარულ რაღაცებზეც არ გყოფნის ადამიანს.
10 წლის განმავლობაში ემიგრაციაში იცხოვრეთ და ამ დროის განმავლობაში შვილსგან შორს იყავით. ჩამოსვლის შემდეგ გაუცხოების განცდა ხომ არ გქონდათ თქვენ და თქვენს შვილს?
არა, ჩვენ არ გვქონია გაუცხოების მომენტი. ჩემი ჩამოსვლის პირველივე წამიდან გაგვახსენდა ის დაშორების დღე, როცა ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. მე, როგორც გითხარით, ყოველდღე ვესაუბრებოდი ჩემს შვილს სკაიპით, შორიდან ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი, ვიცოდი, რაც ხდებოდა მის ცხოვრებაში, ვაძლევდი რჩევებს, ვეხმარებოდი მეცადინეობაში, შორიდან ვიცნობდი მის მეგობრებს, ადამიანებს, რომლებთანაც ურთიერთობდა. პირველივე ჩახუტების შემდეგ ყველაფერი ისე იყო, როგორც წასვლამდე.
ვიცი, ზოგჯერ შვილებიც ისე უცხოვდებიან, რომ მშობელს უყურებენ, როგორც მხოლოდ შემოსავლის წყაროს, რაღაცნაირად უქრებათ მშობლის სიყვარული. ძალიან ბევრი მშობელი ჩამოსულა და შვილებს უთქვამთ, რისთვის ჩამოხვედიო. ჩემი შვილისგან რაღაც მსგავსი რომ მეგრძნო, აქ ერთი წამითაც ვერ დავრჩებოდი, მაგრამ ჩვენ შორის ყველაფერი პირიქით იყო. ბოლო სამი წლის განმავლობაში სულ მიმეორებდა, არაფერი არ მინდა საერთოდ, ოღონდ შენ ჩამოდიო. მისმა სიტყვებმაც გადმომძალა და დაუგეგმავად გადამაწყვეტინა ჩამოსვლა.
და ბოლო კითხვა: რას ნიშნავს იყო ემიგრანტი ქალი?
ეს ნიშნავს სირთულეს, შვილისგან, ახლობლებისგან, მეგობრებისგან შორს ყოფნას. ასე მგონია, მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ ამ ყველაფრის ატანა. დარჩე იმ ადამიანად, ვინც იყავი – ეს არის ყველაფერზე რთული, თუმცა ასევე ყველაზე მთავარი რამ, როცა ემიგრაციაში იმყოფები.
ესაუბრა ნინო წულაია
მსგავს თემაზე: „შვილების კეთილდღეობაზე ფიქრი ყველაფერს გაგაკეთებინებს ადამიანს“
კომენტარები