ისტორია

ახალი ქართული სახელმწიფოს დაფუძნების გეგმა დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე

დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების ასმეერთე  წლისთავია. უკვე მთელი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ახალი, თანამედროვე საქართველო დაიბადა. ამ დროის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, მაგრამ ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა საგულისხმოა, რომ 1917 წლამდე, ანუ რუსეთში ბოლშევიკურ რევოლუციამდე, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შექმნა უტოპიურ იდეად გამოიყურებოდა. რუსეთის იმპერიის მოულოდნელმა ნგრევამ ამ იდეის რეალიზების შესაძლებლობა გააჩინა, რაც 1918 წლის 26 მაისის აქტით განხორციელდა.
გიორგი მაჩაბელი

საამაყოა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის ხელსაყრელი საერთაშორისო პირობების შექმნამდე არსებობდნენ ქართველი მოღვაწეები, რომლებიც ოცნებობდნენ სამშობლოს თავისუფლებაზე და, უფრო მეტიც, კონკრეტულ გეგმებს სახავდნენ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო თანამედროვე ქართული სახელმწიფო. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ გერმანიაში შეიქმნა „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი“ ანუ „დამოუკიდებლობის კომიტეტი“, რომელიც ლეო კერესელიძემ, გიორგი კერესელიძემ, ნესტორ მაღალაშვილმა, გიორგი მაჩაბელმა, მიხაკო წერეთელმა, პეტრე სურგულაძემ, ვარლამ ჩერქეზიშვილმა და სხვებმა დააარსეს. კომიტეტის წევრები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ გერმანიის იმპერიისა და ოსმალეთის სახელმწიფოს ხელისუფლებებთან საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების მიზნით.

მათმა მცდელობამ შედეგი მალე გამოიღო და 1914 წლის 14 სექტემბერს ოსმალეთში გერმანიის ელჩმა, ბარონმა ფონ ვანგენჰაიმმა, გერმანიის მთავრობის სახელით, გარანტია მისცა კომიტეტს, რომ ომში გამარჯვების შემთხვევაში გერმანია საქართველოს დამოუკიდებლობას ქვეყნის ისტორიულ საზღვრებში აღიარებდა.

ლეო კერესელიძე

„დამოუკიდებლობის კომიტეტი“ ბერლინსა და კონსტანტინოპოლში მრავალმხრივ საქმიანობას ეწეოდა. ამჯერად მხოლოდ ერთ, მაგრამ მნიშვნელოვან საკითხს შევეხებით:

გერმანელების მიერ დამოუკიდებლობის აღიარების პირობის მიცემის შემდეგ გიორგი მაჩაბელმა და მიხაკო წერეთელმა 1914 წლის 27 სექტემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს „კავკასიის მომავალი პოლიტიკური მოწყობისა და ნეიტრალიტეტის გეგმა“ წარუდგინეს. როგორც სათაურიდანაც ჩანს, აღნიშნული გეგმა მთელი კავკასიის მომავალ პოლიტიკურ მოწყობას ეხებოდა.

მიხაკო წერეთელი

საინტერესოა, რას გულისხმობდა 1914 წლის პროექტი? – გეგმის მიხედვით, უნდა ჩამოყალიბებულიყო „კავკასიის სახელმწიფოთა კავშირი“, რომლის შემადგენლობაში შევიდოდა „საქართველოს სამეფო“, „სომხურ-თათრული კანტონი“ და „მთის ხალხთა ფედერაცია“. „საქართველოს სამეფო“ კონსტიტუციური მონარქია უნდა ყოფილიყო, რომელსაც სათავეში რომელიმე დასავლეთევროპული სამეფო ოჯახის წევრი ჩაუდგებოდა. გეგმის ავტორები ითვალისწინებდნენ არსებულ რეალობას, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ სომხური და აზერბაიჯანული მოსახლეობა ტერიტორიულად არ იყო მკვეთრად გამიჯნული და ასეთი განცალკევების მცდელობა კონფლიქტის საშიშროებას შეიცავდა, ამიტომაც, მათი გეგმის მიხედვით, „სომხურ-თათრული კანტონის“ შემადგენლობაში შემავალ ეროვნულ ტერიტორიებს კულტურული ავტონომია უნდა მინიჭებოდა, ხოლო სახელმწიფოს მეთაური მუსლიმი პრინცი უნდა გამხდარიყო. მთის ხალხებს რაც შეეხება, თითოეულ მათგანს საკუთარი თვითმმართველობა ეყოლებოდა და კონსტიტუციაც ექნებოდა. „კავკასიის სახელწიფოთა კავშირს“ ექნებოდა საერთო ვალუტა, ასევე ეყოლებოდა საერთო ჯარი, ფლოტი და საზღვრის დაცვის დანაყოფები.

მართალია, „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ გეგმა არასდროს განხორციელებულა, მაგრამ ფაქტია, რომ კავკასიის პოლიტიკური ორგანიზების ყველა მცდელობა, რომელთაც შემდგომში ჰქონდა ადგილი, წარუმატებელი გამოდგა და რეგიონი დღემდე კონფლიქტებშია ჩაფლული.

ალექსი დავითაშვილი
ისტორიკოსი

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ

ასევე დაგაინტერესებთ: ინტერვიუ ნოე ჟორდანიას შვილიშვილთან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close