„სიყვარული ყველას უნდა“ – მსახიობთა სახალისო მოგონებები
„სიყვარული ყველას უნდა“ უბერებელი ფილმია. ამ მუსიკალურმა კომედიამ ბევრი ღიმილიანი და დაუვიწყარი დღე აჩუქა როგორც მაყურებელს, ისე მასში მონაწილე მსახიობებს, რომელთა პერსონაჟებიც კინოსურათის ეკრანზე გამოსვლიდან (1980 წ.) ამდენი ხნის შემდეგაც კი დიდი სიყვარულით არიან გარემოცულნი.
თავადაც კახელის, მწერალ ლეილა ბეროშვილის სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმი ქართულ კინემატოგრაფში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ალბათ ამ განსაკუთრებულობას არც არასოდეს დაკარგავს, რადგან ხალისიანი განწყობა, განუმეორებელი კახური იუმორი და სიყვარული, რომლითაც უხვად „შეაზავეს“ ფილმი რეჟისორებმა – გიორგი შენგელაიამ და მიხეილ ჭიაურელმა (უმცროსმა), არასოდეს გახუნდება.
მაყურებელმა დღემდე ზეპირად იცის ფრაზები ფილმიდან: „ბურნუთ, რადიოზე დაიყენე თმებიი?“; „უხეში, უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი“; „გიყვარს? ვინა, ბიჭო, ისა? მაშ, მტყუანს!“; „სიჩუმეზე გიცან“; „მე ვიცი და ჩემმა გუმანმა“; „აიღე, ბიჭო, ჰალსტუხია! ეგება დაგჭირდეს, კაცო, წყალსა გთხოვს თუ პურსა“; „შენ არ იცი, რა ტკბილია თბილი კერა, თბილი ლოგინი“; „კაცი ნაწუწნ კანფეტს დაამსგავსა, თვითონ კიდევ ქედანივით გვიყურებს“; „იგრე ხართ, როგორც ყველი და პური“; „რატო პატრონი არ მოვუკალ, რატო მეოთხედაც არ გავთხოვდი“; „შენ რო გყავ, იმაი რო ყავ? ჩვენა, კაცო, ფეტვი ხო არ გვირევია?“; „კაარგი, მაყვალ, ნუ ასტყდები ხოლმე ჩაფაანთ ყორესავითა“: „მინამ ხელ არ მოვაწერთ, ვერ დაგნებდები, ხირხალ… აქ ვერ დაგნებდები, ბიჭო, ვერა“; „ენა არა გაქვს? – ან შენ თავ რათ ტანჯავ, ან მე რასა მტანჯავ“; „ვერ არის გუნებაზე, გამოკრეფილ ვენახს დაემსგავსა“… – რომელი ერთი ჩამოვთვალოთ?!
ფილმს თავიდან „ჩემი კახეთი და ჩემი კახელები“ ერქვა, შემდეგ – „გოგონა საკერავი მანქანით”, ბოლოს კი სიყვარულით შექმნილ ფილმს „სიყვარული ყველას უნდა“ დაარქვეს.
არაფერი არ არსებობს უსიყვარულოდ…
„სიყვარული ყოველთვის, ყოველ წამს საჭიროა… გაჭირვების დროს – ყველაზე მეტად. სიყვარული ყველანაირი არეულობის მარეგულირებელი ძალაა, დამაწყნარებელი საშუალება… არაფერი არ არსებობს უსიყვარულოდ, „თვით უკვდავებაც“, როგორც გალაკტიონი ამბობდა. არანაირი საქმე არ გაკეთდება უსიყვარულოდ, ქვეყანა წინ ვერ წავა“, – ამბობდა გივი ბერიკაშვილი, რომელიც ფილმში კოლმეურნეობის თავმჯდომარის როლს თამაშობს.
„გადაღებაზე ჩვენთან ერთად იყვნენ გლეხები ახლომახლო სოფლებიდან: ახალსოფლიდან, ენისელიდან, არტანიდან, ნაფარეულიდან. სავენახე ფართობებში შევდიოდით ხოლმე და ერთად გვიწევდა მუშაობა. გლეხკაცი სამუშაოდ რომ მიდის, საგზალს თან გაიყოლებს ხოლმე, ამ შემთხვევაში არც ჩვენ გვტოვებდნენ ულუფის გარეშე – მეტი მოჰქონდათ და სუფთა ღვინოსაც თან მოაყოლებდნენ, შუადღისას შესვენებას გამოვაცხადებდით და იწყებოდა ერთი ამბავი. როცა მზე ზენიტშია, ოპერატორებს უჭირთ გადაღება, რადგან ჩრდილები სხვანაირად ეცემა სახეს, ანუ ამ დროს ისედაც ვერ ვიმუშავებდით, მაგრამ ხის ქვეშ დოქების ტრიალის შემდეგ გადაღებას როგორღა გავაგრძელებდით?! მოკლედ, გიორგი ისტერიკაში ვარდებოდა და აცხადებდა: „აღარ გამოვაცხადებ შესვენებას!“ – „ნუ გამოაცხადებ, რა, ოპერატორი შუადღისას ისედაც არ იმუშავებს“, – ვეუბნებოდი მე და ცხადია, ასეც ხდებოდა. მოკლედ, საოცარი ამბები ტრიალებდა ჩვენსა და იქაურ ხალხს შორის.
ამას რომ თავი დავანებოთ, კახეთში ყველას გვყავდა ახლობლები, მეგობრები, ნათესავები… ყველას ქეიფი უნდოდა ჩვენთან, ჩვენ კი დილით ადრე გადაღებაზე უნდა წავსულიყავით. რა გვექნა, ვიპარებოდით, ვიმალებოდით… ღამის ორ-სამ საათამდე ვერ შევდიოდით დასაძინებლად. ერთხელ შუამთის წყაროზე ღამის ორ საათზე ფარულად გავიპარე, ვიმალებოდი. აგვისტოს პაპანაქება იყო. ტანი ცივი წყლით დავიბანე და ჩემთვის ვფიქრობდი: „მგონი, დღეს გადავრჩი, ვერავინ მომაგნებს-მეთქი“. ამ ფიქრებში გართულმა, დავინახე, როგორ ჩაიარა ქალებით სავსე მანქანამ, საჭესთანაც ქალი იჯდა. სიბნელეში მათი სახეები ვერ გავარჩიე. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მძღოლი ჩემი მეგობრის მეუღლე იყო. სახლში მისულს, ქმარმა უთხრა თურმე, რომ ერთ-ერთ ოჯახში გივი ბერიკაშვილის პატივსაცემად სუფრა იყო გაშლილი, მაგრამ გივის ვერსად მიაკვლიეს. ეს რომ მოუსმენია, ცოლს უთქვამს ქმრისთვის: „წადით იმ ოჯახში, გივის მე მოვიყვანო“. „მაიცა, ქალო, არ მაეჭვიანო“, – უთქვამს ჩემს მეგობარს. მოკლედ, ქალმა წყაროსთან მომაკითხა. როგორც მოგვიანებით ამიხსნა, ტანს ზემოთ შიშველი რომ დავუნახივარ, მოსვლა მორიდებია. სხვა გამოსავალი აღარ მქონდა და რას ვიზამდი, მანქანით გავყევი უკან. ოჯახში შესულმა, მასპინძელს შევჩივლე: „არა გრცხვენიათ, ქალს თუ დააჭერინებდით ჩემს თავს, მაგას ვერ ვიფიქრებდი-მეთქი“. ერთი სიტყვით, ქეიფი არც იმ დღეს ამცდა – ნაადრევი გამოდგა ჩემი სიხარული.
ეს და სხვა უამრავი მოგონება შემომრჩა ამ ფილმის გადაღების პერიოდიდან. ფილმმაც თავისი შედეგი გამოიღო. თუ კოლექტივი კარგია, შეუძლებელია ეს შედეგზეც კარგად არ აისახოს, – „სიყვარული ყველას უნდა“ ამის ნათელი მაგალითია“.
ტრისტან სარალიძე – გივილო
„სტუდენტობის წლებში მეორე კურსზე ვიყავი, როცა ჩემმა უსაყვარლესმა მეგობარმა და ძმაკაცმა თემურ ბაბლუანმა თავისი საკურსო ფილმი „ბეღურების გადაფრენა“ გადაიღო, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ვთამაშობ. პრაქტიკულად ეს იყო ჩემი პირველი ფილმი, მაგრამ სურათი სასწავლო კინოსტუდიაში იყო გადაღებული და საზოგადოებამ მოგვიანებით ნახა – „სიყვარული ყველას უნდამ“ დაასწრო“, – იხსენებდა ტრისტან სარალიძე ჩემთან საუბარში.
მაყურებელმაც პირველად სწორედ ამ კინოფილმით გაიცნო იგი, თუმცა თავიდან ყველას მოყვარული ეგონა და არა – პროფესიონალი მსახიობი…
„კი, ასე იყო. ამბობდნენ, გიორგი შენგელაიამ სადღაც დიღომში იპოვა, მიწაზე მომუშავე და იქიდან მოიყვანაო (იცინის)… კახეთში კი (მოგეხსენებათ, გადაღებები იქ გვქონდა), ერთ-ერთ ოჯახში ქეიფისას (მრავლად იყო ასეთი დღეები) მე თვითონ მოვისმინე, იქვე, სამზარეულოში ქალები როგორ ჭორაობდნენ (ყური გამექცა მათკენ): „ეს ბიჭი მეველის როლში რო გამოდის, იგეთი ნიჭიერია, მაგრამ მსახიობი არა ყოფილა. დიდუბის ბაზარში თავისი მოყვანილი კიტრი დაჰქონებია გასაყიდად, რეჟისორს შემთხვევით მოსწონებია და უთქვამს, ოღონდ კინოში წამოდი, დღესვე მოგცემ არტისტის დიპლომსო. მეორემაც დაადასტურა, აი, მაგასა ჰქვია ყისმათი, ხო შეიძლებოდა ვერ შეემჩნია და კიტრი გამყიდველად დაბერებულიყო. ახლა კიდე, გენაცვა, ყველა ბატონო-პატივცემულოთი ელაპარაკება და თავისთვინ ქვაცა აქვ და კაკალიცო“.
ისე, „სიყვარული ყველას უნდას“ გადაღებისას არავის უფიქრია, რომ ეს უნდა ყოფილიყო რაღაც საეტაპო ფილმი, რომელიც ქართულ კინოში გადატრიალებას მოახდენდა. ის კი არა, როცა ფილმი ეკრანზე გამოვიდა, კახელების (ჩემი საყვარელი ხალხია) გარკვეული ნაწილი დაიბოღმა კიდეც, ეს რა გადაუღიათო?! რამდენიმე ჟურნალისტმა კი იწინასწარმეტყველა: ამ ფილმს დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერიაო. არადა, პირიქით მოხდა: მაყურებელი დღესაც დიდი სიამოვნებით უყურებს. საოცრად მარტივი ფილმია, ხალასი იუმორით სავსე, რომელიც საზოგადოებამ თავისუფლად აღიქვა, აიტაცა და დღემდე არ დაუკარგავს თავისი ხიბლი. ამას წინათ ვფიქრობდი, მაინც რის ბრალია-მეთქი მისი ასეთი სიცოცხლისუნარიანობა? ნუთუ მართლა ისე შესანიშნავად ვთამაშობთ, რომ მაყურებელს ძალიან მოსწონს? რა ვიცი, მგონია, რომ ეს უფრო ნოსტალგიაა, ქართული ფილმის ნოსტალგია…
მახსოვს, გადაღებას მოვრჩით თუ არა, იალტაში გავემგზავრე კინოფილმზე „ნაბრძანებია ცოცხლად შეპყრობა“ სამუშაოდ, რომელშიც მე და ია ნინიძე ვთამაშობდით მთავარ როლებს. თბილისში ჯერ არავინ მიცნობდა. დავბრუნდი იალტიდან, ჩამოვედი აეროპორტში და – უცებ ატყდა ხარხარი: ხალხი მიყურებდა და სიცილით კვდებოდა. სიმართლე გითხრათ, ძალიან შევწუხდი, რადგან ჩემთვის მიუჩვეველ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ავედი ავტობუსში და – იქაც იგივე განმეორდა, საერთო სიცილ-ხარხარი ატყდა. კინაღამ გადავირიე! აეროპორტის გზაზე ავტობუსი გავაჩერე, ჩამოვედი და ტაქსიში ჩავჯექი. ტაქსის მძღოლმა შემომხედა და იმასაც სიცილი აუვარდა. „გამაგებინე, თუ ღმერთი გწამს, რა ხდება, რაშია საქმე?“ – ვკითხე. ამასობაში რუსთაველზე ამოვუხვიეთ (პირდაპირ თეატრში მივდიოდი) და ვხედავ, კინოთეატრ „რუსთაველის“ ფასადზე ჩემი უზარმაზარი სურათია გაკრული ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“.
თურმე სანამ იალტაში ვიყავი, პრემიერა გამართულა და უამრავ ხალხსაც მოუსწრია მისი ნახვა. მაშინღა მივხვდი, რაშიც იყო საქმე. იმ დღიდან მოყოლებული, პრაქტიკულად, არ მახსოვს შემთხვევა, სადმე მივსულიყავი და ვინმეს არ ვეცნე. სიმართლე გითხრათ, პირველ ხანებში ძალიან ვიბნეოდი, არ მინდოდა ამხელა ყურადღების ცენტრში ვყოფილიყავი, რადგან ვეღარსად მივდიოდი – ვერც გასვენებაში, ვერც ქორწილში; ზოგჯერ მანქანიდან ჩამოსვლაც არ მინდოდა, ჩუმად ვიპარებოდი ხოლმე… ქუჩაში დამდევდნენ, გივილოს მეძახდნენ, ჩემს ფრაზებს იმეორებდნენ… მერე თითქოს მაყურებელიც დაწყნარდა და მეც მივეჩვიე. ზოგჯერ არტისტებმა გაპრანჭვა იციან ხოლმე: „არ მიყვარს პოპულარობა“. ტყუილია! მსახიობი, რომელიც ამას ამბობს, ან ცრუობს, ან კეკლუცობს. მგონია, რომ როცა ამ პროფესიას ირჩევ, იმთავითვე დევს მასში პოპულარობის სურვილი. თუ ეს არ გსურს, მაშინ რად გინდა, მსახიობი იყო?! ჩემთვის გაუგებარია.
ამ როლთან დაკავშირებით ერთ ამბავსაც მოგიყვებით: ბორჯომში ვისვენებდი. ვხედავ, ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩემი შვილის ნათლია ოლეგ ლომიძე დამადგა თავზე, ტრისტან, თუ გიყვარვარ და პატივს მცემ, ჩაიცვი და წამომყევიო. რაშია-მეთქი საქმე? გორში კაი პურმარილია და აუცილებლად უნდა წამოხვიდეო. წავედი. გორის რჩეული საზოგადოება იყო შეკრებილი, სიყვარულით მიმიღეს. სუფრასთან რომ დავსხედით, წამოდგა ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც პირადად არ ვიცნობდი და ისე მთხოვა სუფრას გავძღოლოდი, რომ უარი ვერ ვუთხარი. ათიანზე ჯვრის ტუზივით რომ დაგეცემა, ისეთი სუფრა გამოვიდა: იყო ერთი სიცილი, ხარხარი, ცრემლი, მოგონება… ძალიან ლამაზად აირ-დაირია ყველაფერი. უცებ წამოხტა ის ბიჭი, რომელმაც თამადობა მთხოვა და, ოლეგ, წავაგეო, გამოაცხადა. ოლეგ, ყველაფერს გაფიცებ, რა წააგო-მეთქი, დავინტერესდი.
„არასერიოზული ეგონე, ვერაფრით დავარწმუნე, რომ ნორმალური კაცი იყავი, ჩემი მეგობარია-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ არა და არ დამიჯერა – არ შეიძლება როლი (გივილო, „სიყვარული ყველას უნდა“) ასე ითამაშოო. მაყურებელს ხშირად ისეთი ჰგონიხარ, რა როლსაც თამაშობ (იცინის)… ის სუფრა თურმე ნაძლევის გამო გაიშალა, დანაძლევდნენ, რამდენად ნორმალური ვიყავი…
ვახტანგ ფანჩულიძე – ბურნუთა
ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი, მაყვალაზე უზომოდ შეყვარებული „ბურნუთა“ – მსახიობი ვახტანგ ფანჩულიძე მეორე კურსის სტუდენტი იყო (მისი ჯგუფელები იყვნენ გია ბურჯანაძე, ია ნინიძე, ზაზა კოლელიშვილი…), როცა გიორგი შენგელაიამ როლზე დაამტკიცა და ფაქტია, იმერელმა კაცმა ისე მოირგო კახელი ბიჭის როლი (ორი კვირის განმავლობაში თელავის „ინტურისტში“ ცხოვრობდა და ბირჟაზე ხშირად დადიოდა, კახური კილო რომ აეთვისებინა), დღემდე ამ სახელს ეძახიან. ბოლოს, 1989 წელს, თემურ ფალავანდიშვილის ფილმში „ოჰ, ეს საშინელი ტელევიზორი“ ითამაშა, მერე კი ისე გაჭირდა ცხოვრება, რომ საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ, ოჯახი რომ შეენახა. 5 წელი მუშაობდა მშენებლობაზე, მებაღეობაც აითვისა და მძღოლადაც იმუშავა, მოკლედ, ათასნაირ საქმეს მოერგო, მერე კი ისევ საქართველოში დაბრუნდა.
დარეჯან ხაჩიძე – მაყვალა
თუმანიშვილის თეატრის მსახიობი ქალბატონი დარეჯან ხაჩიძე 23 წლის იყო, როდესაც გიორგი შენგელაიამ მთავარ როლზე (მაყვალა) დააკავა. მანამდე რეჟისორმა ნიჭიერი მსახიობი „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაში“ გადაიღო, პატარა ეპიზოდი ჰქონდა ნათამაშევი, აგრეთვე, ფილმში „დღეს ღამე უთენებია“. ვფიქრობთ, „სიყვარული ყველას უნდა“ მისთვის, ისევე როგორც ფილმში მონაწილე ყველა მსახიობისთვის კარგი მოგონება და საინტერესოდ გასახსენებელი პერიოდია, მაგრამ ქალბატონი დარეჯანი იშვიათად თანხმდება ინტერვიუზე და ჟურნალისტებსაც ნაკლებად გვაქვს მასთან თუნდაც კონკრეტულად ამ თემაზე (კინოზე) საუბრის საშუალება. ბოლო წლებში იგი რამდენიმე ფილმში გადაიღეს, ძირითადად, ეპიზოდურ როლებში.
ბერტა ხაფავა – ანიკო
„იმდენად სასიამოვნო იყო ამ ფილმზე მუშაობის პერიოდი, რომ რომელიმე დღის გამორჩევა არც კი შემიძლია. საოცრად კარგი ჯგუფი გვქონდა, ერთი ოჯახივით ვიყავით. გადაღების შემდეგ ყოველთვის მივდიოდით ულამაზეს ადგილებში, შუამთაში, არაჩვეულებრივად ვისვენებდით. ლამის ყოველდღე ვქეიფობდით, ბიჭებს ხან სად ეპატიჟებოდნენ, ხან სად და მე მათი „დავესკა“ ვიყავი ყველგან. არ მეგონა, ამდენ ხანს „გაქაჩავდა“, ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ფაქტია, რომ ფილმი დღესაც აქტუალურია და მაყურებელი ჰყავს.
სხვათა შორის, ყველა სიკეთესთან ერთად, ეს არის ერთადერთი ფილმი, სადაც არ შემცივნია. საშინლად მცივანა ვარ, სიცხეს ვიტან, სიცივეში კი ვტირი. სიმაღლისაც მეშინია, მაგრამ ფილმში მომიხდა ამ შიშის როგორღაც გადალახვა, – გახსოვთ ალბათ, ფილმში არის კადრი, სადაც სიმაღლიდან უნდა ჩამოვხტე. გადმოხტომა შეიძლება ახლა გამიჭირდეს, თორემ მაშინ ვფრინავდი. იმ დროს თეატრში მერი პოპინსს ვთამაშობდი, ორი საათი ვცეკვავდი და დარბაზის ერთი მხრიდან მეორე მხარეს თოკით ვეშვებოდი. მოკლედ, გავარჯიშებული გახლდით, მაგრამ ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს მოხდა ისე, რომ, ბოძზე დაკიდებულს თითები გადაჯვარედინებული მქონდა და არ გაიხსნა. დუბლი დაიწყო, მაგრამ უნდა ჩამოვხტე, მაგრამ თითები არ იხსნება, ბულდოგის კბილებივით ჩაეჭედა ერთმანეთს. მეორე დუბლზე ცოტა გაიხსნა, მაგრამ გადაღება მაინც არ შედგა. როცა ყველაფერი კარგად მეგონა, მაშინ თურმე კამერა არ ჩამომყვა. მოკლედ, ამ სცენის გადაღებას რვა დუბლი დასჭირდა“, – იხსენებს ქალბატონი ბერტა, რომლის გმირის სიმღერაც „ასი წელიც რომ გავიდეს, მაინც ჩემი ქმარი გქვია“ მაყურებელს არასოდეს დაავიწყდება. ქმრის როლს კი, მოგეხსენებათ, კახი კავსაძე თამაშობს. მის მიერ განსახიერებული კოლა სამსახიობო ხელოვნების საოცარი ნიმუშია.
***
ფილმში ყველა პერსონაჟი დასამახსოვრებელია: ბაბულა (ლაურა რეხვიაშვილი) თუ ხირხალა (ამირან ქადეიშვილი), წიოკაანთ ქალი (შილდელი გულიკო ცირეკიშვილი), პაწრო, მეველეების შეყვარებულები – კურდღელა და მანუცა… მაგრამ ალბათ თითოეულ მათგანზე საუბარი და მათი მოგონებები ძალიან შორს წაგვიყვანს… აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ შეუძლებელია არ დაგამახსოვრდეს მუსიკაც, რომლის ავტორი, კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი, როგორც შევიტყვეთ, წარმატებით მოღვაწეობს ისრაელში. მისი მუსიკა ფილმს განუმეორებელ ხიბლს მატებს.
თამარ ოთიაშვილი
მსგავს თემაზე: ქართული ფილმი „ფეოლა“ – ბრაზილიელი მწვრთნელის იპოლიტე ხვიჩიასეული „გარდასახვა“
კომენტარები