„ნუ გათათრდები!“ – ფრინველი, რომელიც მშობლიურ ენაზე ელაპარაკებოდა უცხოეთში გადახვეწილ ქართველებს
„საქართველოსთანა არც ყოფილა და არც იქნება არც ქვეყანა და არც ხალხი…“
რამდენიმე წლის წინათ მცირე ხნით ფინეთში მყოფი უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში რომ დაბრუნდა, აეროპორტიდანვე სამების ტაძარში გაემართა. მას შემდეგ, რაც იქ მყოფნი დალოცა, უწმინდესმა მრევლს მცირე ქადაგებით მიმართა:
„თქვენი ლოცვებითა და ღვთის დიდი წყალობით, მშვიდობით დავბრუნდით სახლში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ასევე, მინდა ვთქვა, რომ უცხოეთში ჩემი წასვლა ასეთი დიდი ხნით არ შეიძლება. ძალიან მომენატრეთ. გერმანიაში ყოფნის დროს ერთ-ერთმა ქალიშვილმა მითხრა, ისე მიყვარხართ, როგორც საქართველოო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოსთანა არც ყოფილა და არც იქნება არც ქვეყანა და არც ხალხი…“
„საქართველოსთანა არც ყოფილა და არც იქნებაო…“ – ეს დღეს ბრძანა უწმინდესმა.
„უწინამც დღე კი დამელევა მე, უცხოობაში რაა სიამე?!“ – ეს სიტყვები კი, ყველამ ვიცით, სვეგამწარებულ ტატო ბარათაშვილს (თავისი გმირის პირით პოემაში „ბედი ქართლისა“) საუკუნე-ნახევრის წინათ აღმოხდა. „სხვა საქართველო სად არის?!“ – ათქმევინა სპარსეთში გადახვეწილ ქართველს ანა კალანდაძემ.
სულხან-საბას ლექსიკონის თავფურცელზე არსებული საოცარი, ზღაპრული მინაწერიც გავიხსენოთ:
„ნუ გათათრდები – ეგვიპტის მტრედი, მომცრო ფრინველი, მსგავსი გვრიტისა. ესენი, ოდეს მგზავრს კაცს ნახავენ, იწყებენ ძახილს ქართულის ენით: „ნუ გათათრდები!“
ცხადია, ძნელი დასაჯერებელია, რეალურად ეარსება ფრინველს, რომელიც ქართულ ენაზე ელაპარაკებოდა უცხოეთში გადახვეწილ ქართველებს და ასე დაჟინებით შეაგონებდა, სადაც არ უნდა მოხვდეთ, ნუ გადარჯულდებით, სიკვდილამდე იქართველეთო! თუმცა, თავისთავად, გადმოცემაც ძალიან შთამბეჭდავი და მრავლისმეტყველია.
საქართველოდან სხვადასხვა მიზეზით თუ მიზნით წასულ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით დამკვიდრებულ ქართველთა შვილებს ოღონდაც რომ სჭირდებათ ასეთი შეძახილი, რადგან, ვაი რომ, უმეტეს შემთხვევაში მრავალ მათგანს გადარჯულება ემუქრება მშობლიურ ნიადაგს მოწყვეტილი და უცხო მიწაში ახალ, თუნდაც ბევრად უკეთეს პირობებში გადარგული იმ ნორჩი ნერგის მსგავსად, რომელიც გახარებით შეიძლება გაიხარებს კიდეც, მაგრამ თუ მას იმ საკვებს არ მიაწვდიან, რომლითაც მშობლიური მიწა მის ფესვებს ასაზრდოებდა, გადაჯიშდება.
საცდური, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში მართლაც ბევრია და მათი იქითკენ ლტოლვის ახსნა სულაც არ არის ძნელი: ყველას აქვს უფლება უკეთესი ცხოვრება უნდოდეს, ესწრაფვოს მას და კიდეც იცხოვროს ასე, მაგრამ მოვალეობებიც ხომ არსებობს – მოვალეობა სამშობლოს, თანამოძმეების წინაშე…
ეს მოვალეობა აბრუნებდა ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში ცოდნის მისაღებად, მეცნიერებათა სხვადასხვა დარგში სამოღვაწეოდ წასულ ჩვენს წინაპრებს. ისინი მიდიოდნენ რუსეთშიც, საფრანგეთშიც, გერმანიაშიც, შვეიცარიაშიც, მერე ბრუნდებოდნენ და იქ შეძენილ ცოდნას სამშობლოს, მის წინსვლა-განვითარებას, განათლებას, მშობელი ხალხის კეთილდღეობას, მის სამსახურს ახმარდნენ. სხვადასხვა გარემოებათა გამო დარჩენითაც დარჩენილან ამა თუ იმ ქვეყანაში, რომელიც ყოველი მათგანისთვის სიცოცხლის ბოლომდე უცხოეთი იყო ოდენ. ყველგან და ყველა დროში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ბედის ტრიალით სამშობლოს მოწყვეტილი ქართველი ადამიანი ქართველადვე რჩებოდა და გადაუგვარებელი, გადაუჯიშებელი, ქართველადვე კვდებოდა. ამას ჩვენი მოაზროვნენი მშობლიურ მიწასთან სულიერი მიჯაჭვულობით ხსნიან.
ვინ დაგიშლით?! – გააგრძელეთ სწავლა დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში; იმუშავეთ, გაიუმჯობესეთ მატერიალური პირობები, იმოგზაურეთ – იტალიაშიც, შვეიცარიაშიც, საბერძნეთშიც, თურქეთშიც; მთელი მსოფლიო მოიარეთ, დაათვალიერეთ ქალაქები, მუზეუმები, ღირსშესანიშნაობები, დაისვენეთ, ოღონდ ნურსად დარჩებით, დაბრუნდით; ოღონდ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქართველები ხართ, რომ თქვენს სამშობლოს სჭირდებით, რომ თუ ჩვენვე არ ვუპატრონეთ ჩვენს წარმტაც მთასა და ბარს, რომელზეც ბევრ უცხოს უჭირავს თვალი, სხვები დასახლდებიან, სხვები დაისაკუთრებენ, წაგვართმევენ და მერე გვიანღა იქნება ვაი-ვიში და თავში ცემა…
მანანა გელაშვილი
ჟურნალ „ნაკადულის“ რედაქტორი
კომენტარები