„ამ წლებმა ბევრი სიმწარე, დამცირება, ნოსტალგია და ერთადერთი სიხარული, ოჯახის გადარჩენა მარგუნა წილად…“
ქალბატონ მაია ქასრაშვილ-რამიშვილს ფეისბუქის მომხმარებლები მისი სიმღერებით იცნობენ, რომელთა ჩანაწერებსაც იგი პერიოდულად თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.
„სიმღერა ჩემთვის ყველაფერია: სულიერი საკვები, მაცოცხლებელი ძალა, რომლითაც ვსუნთქავ. სიმღერამ ბევრი რამ გადამატანინა. ვმღერი, როდესაც მიხარია; ვმღერი, როდესაც მომაწვება დარდი, ნაღველი, ნოსტალგია ჩემი ქვეყნისა და ახლობლების, სიმღერა ჩემი ცხოვრებაა…“ – ამბობს NOSTAL.GE-სთან საუბარში ქალბატონი მაია ქასრაშვილი-რამიშვილი. მისმა თბილმა და გულშიჩამწვდომმა სიმღერამ, ტკბილმა ხმამ შეუძლებელია ვინმე გულგრილი დატოვოს. სათნოება და სიყვარული მუსიკალურ ბგერებთან ერთად მოდის მისი ნამღერიდან.
მაია ქასრაშვილი-რამიშვილი ათი წელია ემიგრანტია. თუ როგორ და რატომ აღმოჩნდა ეს ლამაზი და სათნოებით სავსე ქალბატონი საკუთარი სამშობლოდან შორს, იტალიაში, სად და რა ვითარებაში ცხოვრობს ამჟამად და რას ფიქრობს მომავალზე, – ამაზე თავად გვიამბობს.
ქალბატონო მაია, სოციალურ ქსელში, თქვენს ფეისბუქგვერდზე მოვისმინე, როგორ მღერით… აღფრთოვანება არ დამიმალავს. ალბათ მუსიკალური განათლება გაქვთ მიღებული, იტალიაში ამ კუთხით ხომ არ ხართ დაკავებული? მაგალითად, თქვენს ცოდნას ემიგრანტ ქართველ ბავშვებს ხომ არ გადასცემთ?
ქალაქ ტყიბულში დავიბადე და გავიზარდე, მუსიკალური განათლებაც იქვე მივიღე, შემდეგ კი სწავლა ქუთაისში გავაგრძელე. ვმღეროდი ჩემს უძვირფასეს ძმასთან, გელა ქასრაშვილთან ერთად. ის ამჟამად ოჯახთან ერთად უკრაინაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. სამწუხაროდ, წლებია აღარ გვინახავს ერთმანეთი. ჩემი ძმა ჩემი სიცოცხლეა.
რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, მიუხედავად მუსიკალური განათლებისა, აქ, იტალიაში ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას ქართველ ბავშვებს ვერ ვუზიარებ.
კონკრეტულად სად ხართ, რომელ ქალაქში და როგორ აღმოჩნდით მშობლიური ქვეყნის საზღვრებს გარეთ?
ამჟამად იტალიის ქალაქ სალერნოში ვცხოვრობ. მოგეხსენებათ, ბოლო ათეული წლების განმავლობაში როგორი ეკონომიური პირობებიც შეიქმნა საქართველოში: უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, სამარცხვინო პენსია, ადამიანების ღვაწლის დაუფასებლობა… ყველაფერმა ამან, მე კი არა, ასეულობით ათასი ადამიანი იძულებული გახადა, ოჯახის გადასარჩენად დაეტოვებინა საკუთარი ქვეყანა და უცხო ქვეყნის „ქვეშევრდომი“ გამხდარიყო…
თქვენთვის რამდენად რთული იყო უცხო ქვეყანაში ადაპტაციის პერიოდი, რა ბარიერების გადალახვა მოგიხდათ, უპირველეს ყოვლისა, როცა იტალიაში აღმოჩნდით?
დღევანდელი პირობებით თუ ვიმსჯელებთ, ადამიანს საკუთარ ქვეყანაში გიჭირს თავის დამკვიდრება და უცხო ქვეყანაში რა იქნება?! საშინელი მომენტია, როდესაც ჩამოდიხარ უცხო ქვეყანაში, არ იცი ენა, არ გაქვს თავშესაფარი… მე ამ მდგომარეობას შევადარებდი წყალში ჩავარდნილ ნივთს, რომელსაც ბობოქარი ტალღები ხან ერთ მხარეს მიახეთქებს, ხან მეორე მხარეს, ის კი ან მიეკედლება რომელიმე ნაპირს, ან ჩაიძირება და შთანთქავს წყლის სიღრმე…
ფიქრობდით თუნდაც ამაზე, უცხოეთში რომ მიდიოდით? რა შეგიძლიათ თქვათ ახლა?
სოციალური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობით დათრგუნულს, ფიქრის უნარიც არ მქონდა, მხოლოდ რობოტივით ერთი კოდი იდო ჩემს ტვინში – ოჯახი გადამერჩინა… რას ვიტყოდი ამ ეტაპზე? – ეს ჩემი დაკარგული საუკეთესო წლებია… წლები, რომლებმაც ბევრი სიმწარე, დამცირება, ნოსტალგია და ერთადერთი სიხარული, ოჯახის გადარჩენა მარგუნა წილად…
და ალბათ რაღაცაში დაგარწმუნათ კიდეც იტალიაში ცხოვრების პერიოდმა. მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს – მის დადებით მხარეზე რას იტყვით, ოჯახის მატერიალური კეთილდღეობის გარდა?
იტალიაში ცხოვრების პერიოდმა ჩემი თავი მაპოვნინა, უფრო კარგად დამანახვა, ვინ ვარ, რა შემიძლია და რა – არა; გამაგებინა ის, რომ ცხოვრებაში ძლიერი უნდა იყო, ბრძოლის უნარი უნდა გქონდეს, დაისახო მიზანი და მიისწრაფვოდე ამ მიზნის შესრულებისკენ; გქონდეს საკუთარი თავისა და უფლის იმედი, გიყვარდეს შენი ქვეყანა და არასოდეს დაკარგო იმედი ხვალის, ზეგის და, საერთოდ, მომავლის!
ამ მომავალს როგორ ხედავთ, ფიქრობთ საქართველოში დაბრუნებაზე?
ბუნებით ოპტიმისტი ვარ და ჩამოსვლის დღიდანვე მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა; რომ ამას დრო სჭირდებოდა, დრო, რომელიც აგრერიგად ძვირფასია ყველასთვის… და ახლაც მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა წელში გაიმართება უფლის წყალობით, რამეთუ დედა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, არ გაწირავს საქართველოს და მასთან ერთად – არც ჩვენ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მარგალიტებად მიმოფანტულ ქართველ ემიგრანტებს. ჩვენ დავბრუნდებით!!!
თქვენი ემიგრანტობის პერიოდში ყოფილხართ მშობლიურ ქვეყანაში? თუ იყავით, თქვენი განცდა რას შეგიძლიათ შეადაროთ?
კი, ჩემი ემიგრანტობის პერიოდში ვიყავი ჩემს მშობლიურ საქართველოში. და რა განცდა მქონდა? გეტყვით სიმართლეს: მიხაროდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ჩემი ქვეყნის მიწაზე დავდგი ფეხი, მაგრამ თითქოს გაწყვეტილი იყო მთავარი სიმი ჩემსა და ხალხს შორის, თითქოს საერთო სასაუბრო თემა აღარ გვქონდა, თითქოს უცხონი ვიყავით ერთმანეთისთვის… ეს საშინელი, ენით აუწერელი შეგრძნებაა: თითქოს უცხოდ გრძნობ თავს და ფიქრობ, რომ შენი ადგილი აქ აღარ არის.
პირად ცხოვრებაზეც მოგვიყევით...
პირად ცხოვრებაზე? რა გითხრათ, ილია ჭავჭავაძის არ იყოს, ჩვენ ჩვენს თავს აღარ ვეკუთვნით… ჩვენ ჩვენი პირადი გვაქვს-ღა? თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მყავს მეუღლე, ამბროსი რამიშვილი საქართველოში, ვაჟი, ზაზა რამიშვილი – უკრაინაში და ქალიშვილი, ნათია თავის ვაჟთან ერთად – იტალიაში. აი, ჩემი პირადი ცხოვრება, ამას თუ ცხოვრება ჰქვია…
ნათიაც ქალაქ სალერნოში ცხოვრობს?
კი, ნათიაც სალერნოში ცხოვრობს, ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს. ჩემი შვილიშვილი, ალექსანდრე ხიდაშელი 12 წლისაა, არ მოსწონს აქ ყოფნა, საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობს.
გარდა შვილისა და შვილიშვილისა, თუ გყავთ მანდ ადამიანი, რომელსაც ენდობით, გჯერათ მისი ობიექტურობის?
რა თქმა უნდა, მყავს. ეს არის ჩემი მეგობარი თინიკო ხარიტონაშვილი, რომელიც ჩემთვის ბევრს ნიშნავს: მეგობარიც არის, დაც, დედაც და, რაც მთავარია, ჩემი ობიექტური და კრიტიკული შემფასებელი, მაგრამ ერთგული და უღალატო ადამიანი, რომელსაც ყველაფერს ვანდობ.
ემიგრანტების ყველაზე დიდ პრობლემად რას თვლით?
ემიგრანტს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს უცხო მიწაზე. ვთვლი, რომ პირველი პრობლემა თავის დამკვიდრებაა, შემდეგ კი – სხვა დანარჩენი…
თავისუფალი დრო თუ გრჩებათ და როგორ ატარებთ? მეგობრები თუ ხვდებით ერთმანეთს?
კვირაში ორი დღე ოფიციალურად არის გამოყოფილი დასვენებისთვის, მაგრამ ზოგი სახლიდან გამოუსვლელადაც კი ვმუშაობთ… თუმცა მაინც ვახერხებთ ერთმანეთთან შეხვედრას. მყავს ახლობლები, მეგობრები, რომლებთანაც სიამოვნებით ვატარებ იმ მცირე დროს, რა დროითაც შევძლებ გარეთ გასვლას.
მგონი, 99 წლის ქალბატონთან მუშაობთ…
კი, ვმუშაობ ბებოსთან, რომელიც 99 წლის არის – ანნა მარია დ’აკუნდო. ყოველ სამშაბათს მის სახლში იკრიბება თეატრალური დასი – მოყვარული მსახიობები, საუბრობენ, შემდეგ სპექტაკლებს დგამენ და შემოსული თანხებით გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებიან. ქალბატონი ანნა ამ საქველმოქმედო ჯგუფის პრეზიდენტია.
კეთილი საქმე უკეთებიათ…
ნამდვილად. საერთოდ, მე მხოლოდ დადებითს ვიტყოდი იტალიელებზე, რამეთუ იტალიამ და იტალიელებმა გადაარჩინეს ჩვენი ოჯახები. რომ არა აქ მუშაობა, არ ვიცი, როგორ გავუმკლავდებოდით იმ გაჭირვებას, რაც ჩვენს ქვეყანაში გვქონდა.
თავად იტალიელები რას ამბობენ ქართველებზე?
ვფიქრობ, კარგად არიან განწყობილნი ჩვენ მიმართ, სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან შედარებით, უფრო მეტად ქართველები შეჰყავთ ოჯახებში სამუშაოდ. მათთან საუბარშიც აშკარად იკვეთება მეტი პატივისცემა ჩვენდამი.
თქვენი ცხოვრების პრინციპი რა არის?
ჩემი ცხოვრების პრინციპებია ობიექტურობა, სამართლიანობა, ერთურთის სიყვარული, იმედი, გამძლეობა და სამშობლოში დაბრუნება.
შორიდან როგორ ჩანს სამშობლო – საქართველო?
ძალიან რთული კითხვა… როგორ ჩანს? როგორ და – როგორიც არის რეალურად: დაღლილი, დაქანცული, ულამაზესი, მაგრამ დამძიმებული არსებული რეალობით, რომელიც შველას ითხოვს თვითოეული ჩვენგანისაგან, ემიგრანტი თუ არაემიგრანტი ქართველისაგან, რათა კვლავ ფეხზე დადგეს, გაიმართოს და იგუგუნოს „ლილეომ“ და „მრავალჟამიერმა“, ქართულმა გენმა კვლავ იქართველოს!
სიმღერა რა არის თქვენთვის?
სიმღერა ჩემთვის ყველაფერია: სულიერი საკვები, მაცოცხლებელი ძალა, რომლითაც ვსუნთქავ. სიმღერამ ბევრი რამ გადამატანინა. ვმღერი, როდესაც მიხარია; ვმღერი, როდესაც მომაწვება დარდი, ნაღველი, ნოსტალგია ჩემი ქვეყნის და ახლობლების, სიმღერა ჩემი ცხოვრებაა…
რომელი იტალიელი მომღერალი მოგწონთ?
რა ვიცი, ბევრი კარგი მომღერალი ჰყავს იტალიას. მომწონს ტოტო კუტუნიო, ალბანო, ანდრეა ბოჩელი, ადრიანო ჩელენტანო… ახალგაზრდა მომღერალი ემმა მარონე, ანნა ტატანჯელო.
ემიგრანტებს რას ეტყოდით?
ვეტყოდი, რომ არ დაკარგონ იმედი ხვალის… იქონიონ გამძლეობა, ბრძოლის უნარი, ერთმანეთისა და საკუთარი ქვეყნის სიყვარული და იფიქრონ ჩვენს უსაყვარლეს სამშობლოში დაბრუნებაზე.
დაბოლოს, რას ისურვებდით?
ჩემი ქვეყნის აღზევებას, გამთლიანებას და ყველა ემიგრანტის საკუთარ მიწაზე დაბრუნებას!
ღმერთმა გისმინოთ, ქალბატონო მაია! აგსრულებოდეთ სურვილები!
ესაუბრა თამარ ოთიაშვილი
კომენტარები