დაღესტანში ნაპოვნი VI საუკუნის ქართული სახარება მეცნიერებისთვის ცნობილია და მისი ტექსტი გამოსაცემად უკვე მზადაა
დაღესტანში ძველი ხელნაწერების ციფრულ ფორმატში გადაყვანის დროს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა VI საუკუნის სახარება აღმოაჩინეს, რომელიც ქართული დამწერლობით, კერძოდ, ასომთავრულით არის შესრულებული. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „როსიამ“ გაავრცელა.
დაღესტნელი სპეციალისტების თქმით, იპოვეს ეტრატი, რომელზეც XI საუკუნეში შესრულებული არაბული სუფისტური ტექსტის ქვეშ უცნობი წარწერები შენიშნეს. დაღესტნის სამეცნიერო ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა, აღმოსავლეთმცოდნე შამილ შიხალიევმა გაარკვია, რომ ეს იყო პალიმფსესტი – ხელნაწერი პერგამენტზე, რომელზეც ძველი ტექსტის გადარეცხვის შემდეგ ახალი ტექსტი იყო დაწერილი. ძველად ზოგჯერ ასე იქცეოდნენ, რადგან ხარისხიანი საწერი მასალა დეფიციტს წარმოადგენდა.
დაღესტნის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ აღმოჩენილ უძველეს მანუსკრიპტზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია დღეს გავრცელდა, კომენტარი გააკეთა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა დალი ჩიტუნაშვილმა.
ქართველი მეცნიერი პირველ არხთან ინტერვიუში აცხადებს, რომ დაღესტანში აღმოჩენილი ხელნაწერი 2013-2014 წლებში გახდა ცნობილი, მისი პირველი ფოტოები ისტორიკოს თეიმურაზ ჯოჯუას რუსეთიდან ხელოვნების ისტორიკოსმა დიმიტრი ბელიცკიმ გამოუგზავნა.
ხელნაწერთა ცენტრის მეცნიერ-მუშაკი დალი ჩიტუნაშვილის პირველად დაღესტანში 2018 წლის სექტემბერში ჩავიდა. კვლევის შედეგად მეცნიერმა დაადგინა, რომ ხელნაწერის ქვედა ფენა ასომთავრულით შესრულებული სახარების ტექსტია, რომელიც უკვე სრულადაა გადმოწერილი და გამოსაცემად მზადდება. ქართველი სპეციალისტის ინფორმაციით, პალიმფსესტში ყველაზე მეტი ფრაგმენტი მარკოზისა და ლუკას სახარებიდანაა. ხელნაწერის დათარიღება პრობლემატურია, თუმცა პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, მეცნიერი ვარაუდობს, რომ ის VI-VII საუკუნეებში უნდა იყოს შესრულებული.
წყარო: 1 tv.ge
კომენტარები