კინო/ფილმებიარტისტიკულტურა

მანანას როლისთვის 11 წლის ნანული სარაჯიშვილი რეზო ჩხეიძემ აღმოაჩინა

საქართველოში ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელმაც არ იცის, ვინ არის ნანული სარაჯიშვილი, მის საოცრად დადებით ენერგიასა და მსახიობურ ხიბლზე არ საუბრობდეს, მისი გმირების ფრაზებს არ იმეორებდეს კინოფილმებიდან „მანანა“ თუ „გარიგება“ (სხვა ფილმებზე არაფერს ვამბობთ), მისი ეკრანზე გამოჩენისას განსაკუთრებულ ხალისს არ გრძნობდეს, ქუჩაში შეხვედრისას კი სურვილი არ ეუფლებოდეს, მივიდეს და უთხრას, რომ უყვარს და დიდ პატივს სცემს… ქალბატონმა ნანულიმ ფართო საზოგადოების სითბო და სიყვარული ბავშვობიდან სავსებით სამართლიანად „მიისაკუთრა“ და დღემდე ამ სიყვარულით მოდის…

მისი პირველი ფილმი რეჟისორების – ზაქარია გუდავაძის და შალვა მარტაშვილის „მანანა“ იყო (1958 წ.), კომედიური კინოსურათი პატარა ანც გოგონაზე, რომელიც თავის ნებაზე ათამაშებს სიყვარულით დაბრმავებულ მოხუც ბებიას და პაპას და ტყუილებით თავგზას უბნევს გარშემომყოფთ, მაგრამ ბუნებით კეთილი და გონიერი ბავშვი მალე თვითონვე მიხვდება, რომ უსიამოვნებას აყენებს ყველას და პირობას დებს, რომ სამაგალითო მოსწავლე გახდება.

რეზო ჩხეიძის აღმოჩენა

გადამღები ჯგუფი მთავარ გმირს – პატარა მანანას ეძებდა. ამ როლისთვის 1500 ბავშვი გასინჯეს. რეზო ჩხეიძე ახალი ჩამოსული იყო მოსკოვიდან და ფილმის რეჟისორებს კონსულტაციას უწევდა. სცენარი რომ წააკითხეს, თან უთხრეს, უამრავი ბავშვი გავსინჯეთ, მაგრამ ისეთი, როგორიც გვინდა, ვერაფრით ვიპოვეთო. რამდენიმე დღით ადრე რეზო ჩხეიძე ერთ-ერთ ოჯახში წვეულებაზე იყო, სადაც ძალიან მოიხიბლა სარაჯიშვილების უმცროსი გოგონას ცეკვა-სიმღერით; რეჟისორებსაც ურჩია, სარაჯიშვილების ოჯახში დარეკეთ და მათი ბავშვი გასინჯეთ, ცოცხალი ბავშვია, მე ძალიან მომეწონაო.

მართლაც, კინოსტუდიიდან მშობლებს დაურეკეს და უთხრეს, თქვენი გოგონა სინჯებზე მოიყვანეთო. ოჯახში ეს ამბავი არავის გაჰკვირვებია, რადგან მათი უფროსი ქალიშვილი – ლია უკვე გადაღებული იყო ფილმებში „ჩვენი ეზო“ და „საბუდარელი ჭაბუკი“ (ამ უკანასკნელში იგი გოგიტას დის როლს თამაშობს). დედამ კინოსტუდიაში სწორედ ლია წაიყვანა, რომელიც ნანულიზე ექვსი წლით უფროსი იყო. კინოსტუდიაში უთხრეს, არა, ქალბატონო, თქვენი უმცროსი გოგონას ნახვა გვინდაო. „ეს ისეთი შოკი იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ვერ წარმოიდგენთ, – იხსენებს ქალბატონი ნანული წლების შემდეგ, – დედამ არა, ნათლიამ წამიყვანა, ამისგან მაინც არაფერი გამოვაო. სინჯებზე იმდენი და ისეთი ლამაზი ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი, იმ დღეს პროტესტის ნიშნად არაფერი გავაკეთე, ტირილი დავიწყე და ნათლიამ სახლში წამომიყვანა. რეზოს უკითხავს, რა ქენითო? ცხადია, არაფერიო, – უთხრეს. ალბათ, პირველად იყო და იმიტომ, კიდევ გასინჯეთო. ისევ მიმიყვანეს კინოსტუდიაში. უხერხულობა რომ მოეხსნათ, ფოტოები გადამიღეს, მეფერებოდნენ. ცოტა ხანში ისე გავთამამდი, რომ რაც მითხრეს, ყველაფერი მორჩილად შევასრულე: ვიმღერე, ვიცეკვე, ლექსი წავიკითხე… მოგვიანებით ქალბატონ სესილია თაყაიშვილთან ერთად ფირზე გადამიღეს და როლზე რომ დამამტკიცეს, ისე ვინერვიულე, იმ საღამოს 39 გრადუსი სიცხე მომცა“.

მანანა – ცხოვრების მეგზური

ასე აღმოჩნდა 11 წლის ნანული სარაჯიშვილი ქართული კინოს ვარსკვლავების გარემოცვაში. იპოლიტე ხვიჩია, სესილია თაყაიშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, მედეა ჩახავა, ალექსანდრე თაყაიშვილი, იაშა ტრიპოლსკი… – თითოეული მათგანი ბავშვს შვილივით ექცეოდა, ანებივრებდა.

„ეს ადამიანები მარტო არაჩვეულებრივი მსახიობები კი არა, პირველ ყოვლისა, უდიდესი პიროვნებები იყვნენ. მე ბედნიერი ვარ, რომ პარტნიორობას ვუწევდი მათ. თანაც პოპულარული ბავშვი გავხდი, პოპულარობა კი ვისთვის არ არის გასახარელი?! „მანანა“ დღემდე მომყვება მეგზურად: „ვერ იცანი, კაცო, „მანანაში“ რომ თამაშობს, ის არის“, – ხშირად მესმის ხოლმე. ზოგჯერ ისეთ ახლობლებსაც კი ეშლებათ და მანანას მეძახიან, ვისთან ერთადაც გავიზარდე… სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი, რამ განაპირობა ფილმის ასეთი პოპულარობა, მაგრამ ის კი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ „მანანაში“ რომ არ მეთამაშა, მსახიობი არ ვიქნებოდი. ბავშვები და მათთან ურთიერთობა მიყვარს ძალიან და უთუოდ პედაგოგი გავხდებოდი. ამ ფილმმა ბევრად განსაზღვრა ჩემი ცხოვრების გზა. თუმცა, ზოგჯერ მწყინს ხოლმე, იცით?.. მას შემდეგ უამრავი როლი ვითამაშე თეატრსა და კინოში და მაინცდამაინც „მანანა“… მიუხედავად იმისა, რომ ფილმიც და ეს სახელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია“, – ამბობს ქალბატონი ნანული, რომელსაც ისევ ისეთი ეშმაკურად მოციმციმე თვალები და ღიმილი აქვს, ისეთივე ენერგიული და მოუსვენარია, როგორიც თავის პირველ ფილმში – თითქოს მანანა არ შეცვლილა.

იპოლიტეს „საბედისწერო“ ძღვენი

გადაღებების დროს პატარა ნანულიზე განსაკუთრებით იპოლიტე ხვიჩია ზრუნავდა. ბავშვს თავი თავისუფლად რომ ეგრძნო, რაღას არ აკეთებდა. ერთხელ თურმე ერთი კალათა ნაყინი მიუტანა (გადაღებები ზაფხულში მიმდინარეობდა) და უთხრა, ეს სულ შენ უნდა შეჭამოო. „მანანამ“ დიდი მსახიობის ნათქვამი თხოვნად მიიღო და „პირობა“ ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა – მთელი ნაყინი შეჭამა და… გადაღებებიც შეფერხდა! „პატარა მანანა“ ერთი კვირა ლოგინიდან არ ამდგარა.

სხვათა შორის, ერთ-ერთი გადაღების დროს იპოლიტეს თურმე ძაღლმა უკბინა: „ალბათ გახსოვთ, ფილმში არის სცენა, სადაც მაძებარი ძაღლი მოჰყავთ. ძაღლს, ცხადია, მილიციელიც თან მოჰყვა. იპოლიტე ხვიჩიას ძაღლის ძალიან ეშინოდა და ეს კაცი სულ აწყნარებდა: „ნუ გეშინიათ, ბატონო იპოლიტე, ხომ ხედავთ, მიჭირავს“. ჰოდა, იმ სცენას იღებენ, ქურთი და სახლმმართველი რომ ჩხუბობენ, გადაკეტილია მთელი ლერმონტოვის ქუჩა. გადაღება ისე არაჩვეულებრივად წარიმართა და ისე გაერთო ეს კაცი, რომ პირდაღებული უყურებდა მედეა ჩახავას და იპოლიტეს, ამ დროს უცებ აეშვა ხელი ძაღლზე და… ისიც პირდაპირ მკლავზე ეცა იპოლიტეს. ატყდა ერთი ამბავი, გამოიძახეს სასწრაფო, ექიმები რომ მოვიდნენ, დაინახეს იპოლიტე და სიცილი დაიწყეს. „რას იცინით, სასწრაფოდ გაუკეთეთ რამე“, – გაგიჟდა რეჟისორი, მაგრამ იპოლიტე თვითონ იყო ისეთი ტიპაჟი, ხალხი მის დანახვაზე სიცილს ვერ იკავებდა“, – იხსენებს ქალბატონი ნანული.

გადაღება ბათუმში

„მახსოვს, იმ ეპიზოდს იღებდნენ, ბებია წყალში რომ ჩავარდება და მე მანქანაში ვტირი. ლამის მთელი ბათუმი იქ იყო მოგროვილი და გადაღებას უყურებდა. მე მანქანის კარს და შუშას ვარ მიწოლილი და „ბებიკო, ბებიკოს“ ვყვირი. როგორც ჩანს, ქალმა, რომელიც ამ ამბავს უყურებდა, ვერ შეამჩნია კამერები, რომელიც ამწით ზევით იყო ატანილი და გადაღება მიმდინარეობდა. იფიქრა, ბავშვი მანქანიდან ვერ გადმოდისო და, არ ვიცი, როგორ ან საიდან მოახერხა, რომ მანქანის კარის ღილაკს ხელი დააჭირა, კარი გაიღო და მე პირდაპირ მიწაზე დავენარცხე. ორი კვირა ვიწექი მუხლებგადატყავებული და ცხვირგატეხილი“, – ახლა კი სიცილით იხსენებს ამ ამბავს ფილმის მთავარი გმირი.

„მამაშენი მე ვარ!“

მოგეხსენებათ, ფილმში მანანას ბებიის და პაპის როლებს მსახიობები – სესილია თაყაიშვილი და სანდრო ჟორჟოლიანი თამაშობენ. ისინი მართლაც შვილიშვილივით ექცეოდნენ პატარა გოგონას. „ეს დიდი ადამიანები საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდნენ. ყველანაირ პირობას მიქმნიდნენ, რომ თავი კარგად მეგრძნო. ძალიან დავუახლოვდი და გადაღების დასრულების შემდეგაც ვმეგობრობდი მათთან. სინამდვილეშიც ბებია-ბაბუას ვეძახდი და ბებიაჩემი ეჭვიანობდა კიდეც სესილიაზე.

სხვათა შორის, მანანას მამის როლის შემსრულებელს, იაშა ტრიპოლსკისაც მამას ვეძახდი და ერთხელ მამაჩემმა ცოტა ხმამაღლა მითხრა: მამაშენი ის კი არა, მე ვარო… ამ ადამიანებმა ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშეს, – მათგან უამრავი რამ ვისწავლე. ალბათ ბედი იყო ისიც, რომ წლების შემდეგ, როცა რუსთაველის თეატრში მოვხვდი, ამ საოცარი მსახიობების პარტნიორი გავხდი“.

სხვათა შორის, ნანული სარაჯიშვილს სწორედ სესილია თაყაიშვილმა ურჩია თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება. ერთხელ ჰკითხა: რას შვრები, სად აბარებ? „რა ვიცი, ხომ იცით, ბავშვები როგორ მიყვარს, პედაგოგიურზე მინდა საბუთები შევიტანო, მამას კი უნდა სწავლა სამედიცინოზე გავაგრძელო“, – უპასუხა ნანულიმ. „ნივკოემ სლუჩაე, შენ თეატრალურ ინსტიტუტში უნდა ჩააბარო“, – უთქვამს სესილიას თავისი ეკრანული „შვილიშვილისთვის“, რომლისთვისაც „ბებიის“ სიტყვები ძალიან ბევრს ნიშნავდა.

„როგორ უძლებთ, ქალბატონო, ამ ბავშვს?!“

„აბსოლუტურად არ ვგავდი ჩემს გმირს, პირიქით, ძალიან წყნარი და დამჯერი ბავშვი ვიყავი. მაინცდამაინც არც კონტაქტური ვყოფილვარ. როცა ფილმი ეკრანებზე გამოვიდა, დედაჩემს ეუბნებოდნენ: „დედა, დედა, როგორ უძლებთ, ქალბატონო, ამ ბავშვს?!“ – მას ეცინებოდა და უხსნიდა, რომ ძალიან თავმდაბალი და წყნარი ბავშვი ვიყავი, რომ სულაც არ ვაბრაზებდი მშობლებს“, – იხსენებს ქალბატონი ნანული.

სხვათა შორის, ფილმის პრემიერაზე საოცარი რამ მოხდა: იმდენი ხალხი მივიდა, რომ სახანძროს გამოძახება გახდა საჭირო. ყველას მთავარი როლის შემსრულებლის ნახვა უნდოდა. ხალხს პატარა გოგონა რომ არ გაეჭყლიტა, ვიღაცამ ხელი დაავლო და მაღლა აიტაცა. ეს მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წუთები იყო. უცებ პოპულარული გახდა, თუმცა ცხოვრებას ჩვეულებრივ განაგრძობდა: კალათბურთს თამაშობდა, პიონერთა სასახლეში დადიოდა, სკოლაში ცეკვისა და სიმღერის ანსამბლს დირიჟორობდა კიდეც. „გადაღებებზე თან დედა მახლდა და ერთხელ შემთხვევით კადრშიც მოხვდა. ჩემთვის მსხალს ყიდულობდა და ზუსტად ის ეპიზოდია გადაღებული. ფილმი რომ ნახა, ძალიან შეწუხდა. საერთოდ, ფოტოს გადაღებაც კი არ უყვარდა“.

***

კინოფილმ „მანანას“ სცენარის ავტორი ელიზბარ გედევანიშვილია, მხატვარი – თენგიზ მირზაშვილი, ოპერატორი – ოჰანეს მაგაკიანი, კომპოზიტორი კი – მარიამ (მერი) დავითაშვილი, რომლის „მანანა ვარ, იცოდეთ, სხვებში არ შეგეშალოთ“ დღემდე პოპულარულია. ფილმის წარმატება, ყველაფერთან ერთად, მერი დავითაშვილის მუსიკის დიდი დამსახურებაცაა.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close