დღის თემამსოფლიოპოლიტიკაიტალია

25 ნოემბერი – „ბრექსიტის“ პირველი დღე: ევროკავშირის ლიდერებმა შეთანხმება დაამტკიცეს

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა საგანგებო სამიტი გაიმართა, რომელზეც ოფიციალურად გაფორმდა ლონდონისა და ბრიუსელის „გაყრა“ და დაიწყო „ბრექსიტის“ პროცედურა – დიდი ბრიტანეთის გამოსვლა ევროკავშირის შემადგენლობიდან.

„ბრექსიტის“ თაობაზე შეთანხმების 585-გვერდიანი ტექსტი, რომელიც სამიტმა დაამტკიცა, თითქმის 2 წლის განავლობაში მზადდებოდა. მასში მოცემულია ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გამოსვლის ძირითადი დებულებები.

ბრიუსელში სამიტამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადეს, რომ დოკუმენტი „შეთანხმებულია უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე“. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის, დონალდ ტუსკის სიტყვებით, „ამ კრიტიკულ დღეებში ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ სოლიდარობის და ერთიანობის ტესტი ჩააბარა“. სამიტის გახსნის წინადღით არანაკლები ოპტიმიზმი ჩანდა „ბრექსიტის“ თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლის, მიშელ ბარნიეს სიტყვებში, რომელმაც განაცხადა, რომ „დღევანდელი შეთანხმება – აუცილებელი ნაბიჯია ამბიციური პარტნიორობის ასაგებად. ჩვენ ვრჩებით დიდი ბრიტანეთის პარტნიორებად, მოკავშირეებად და მეგობრებად“.

თუმცა უკვე ბრიუსელში სამიტის მონაწილეებმა 25 ნოემბერს, რომელიც ფორმალურად „ბრექსიტის პირველი დღე გახდა“, „ტრაგიკული და სევდიანი“ უწოდეს. „ეს ნაღვლიანი მომენტი და ტრაგედიაა“, – განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ „ზეიმის მიზეზს“ ვერ ხედავს, ხოლო ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ ხაზი გაუსვა, რომ „ბრექსიტის  შემთხვევაში ყველა წაგებული რჩება“.

თავად ნისლიან ალბიონზე ამ დოკუმეტმა ლამის გახლიჩა ბრიტანეთის მთავრობა, რომელმაც მხოლოდ 5-საათიანი კამათის შემდეგ შეძლო ევროკავშირთან შეთანხმების ტექსტის დამტკიცება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ თავისი კაბინეტის წევრების უმრავლესობა დოკუმენტის მიღებაში დაერწმუნებინა. ლონდონში „ბრექსიტთან“ დაკავშირებული მოლაპარაკებები ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ შესულა ჩიხში. ამასთან, რამდენიმე მინისტრმა, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ ტერეზა მეის პოზიციას, თანამდებობა დატოვა. კერძოდ, მწვავე კრიტიკის საგანი გახდა ე. წ. „საგამცემლო თანხის რაოდენობა“, რომელიც ლონდონმა ბრიუსელს უნდა გადაუხადოს.

ამას გარდა, როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, დაურეგულირებელი დარჩა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – ირლანდიასა (რომელიც ევროკავშირში რჩება) და ჩრდილოეთ ირლანდიას (რომელიც დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაშია) შორის საზღვრის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ უამრავმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა მხარი დაუჭირა საბაჟო შემოწმების პუნქტების განთავსებას საზღვარზე, მეი დაეთანხმა ევროკავშირის ვარიანტს, რომელიც ღია საზღვარს ითვალისწინებს. ჯერჯერობით საზღვრის საკითხის საბოლოო გადაწყვეტა შეჩერდა იმ იმედით, რომ 2020 წლის პირველ ივლისამდე სათანადო გადაწყვეტილებას მოძებნიან.

უსიამოვნებები გრძელდებოდა სამიტის წინა დღითაც. მადრიდმა თქვა, რომ არ დაუჭერს მხარს პოლიტიკურ დეკლარაციას დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მომავალი ურთიერთობების შესახებ, თუ მასში არ იქნება გამყარებული ესპანეთის უფლება, მონაწილეობა მიიღოს პირდაპირ მოლაპარაკებებში ბრიტანეთთან გიბრალტარის ერთობლივი კონტროლის საკითხთან დაკავშირებით. გიბრალტარი დიდი ბრიტანეთის ზღვის მიღმა ტერიტორიად ითვლება, უკვე დაახლოებით 300 წელია ესპანეთი მასზე საკუთარი უფლების დამტკიცებას ცდილობს. თუმცა გუშინვე ესპანეთის პრემიერმა პედრო სანჩესმა უცაბედად განაცხადა, რომ როგორც ესპანეთის მეფეს მიაწოდა ინფორმაცია, „ბრექსიტის“ სასარგებლოდ მისცემს ხმას. „რაღაც გარანტიების“ მიუხედავად, რომელზეც ბრიუსელიდან არაოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა, ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ წარმართავს მოლაპარაკებებს ლონდონთან გიბრალტარის საკითხზე: თავად ესპანელები თუ მიშელ ბარნიე.

ბელგიის დედაქალაქში დამტკიცებული „გაყრის“ დოკუმენტი ახლა უკვე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის და თავად გაერთიანებული სამეფოს პარლამენტებმა უნდა დაამტკიცონ. და აქ, როგორც  Daily Mail-ი წინასწარმეტყველებს, ტერეზა მეის მოუწევს „უკიდურესად მძიმე ბრძოლა თემთა პალატაში“.

დაბოლოს, გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ბრექსიტის“ გარდამავალ პერიოდს, რომელიც 2020 წლის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო, შესაძლოა კიდევ ერთი ან 2 წელი დაემატოს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დებულება ჩაიდო შეთანხმების 132-ე მუხლში. ეს ნიშნავს, რომ ლონდონი ვალდებული იქნება ამ ხნის განმავლობაში ევროკავშირის ბიუჯეტში ყოველწლიურად 13 მილიარდი ევრო შეიტანოს. ამასთან, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას ვეღარ შეძლებს.

ბრიუსელის სამიტის წინა დღით ტერეზა მეიმ გამოაქვეყნა ღია წერილი, რომლითაც გაერთიანებული სამეფოს მცხოვრებლებს მიმართა. ღია წერილში იგი ხაზს უსვამს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავის მთავარ მისიად ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლა მიაჩნია. მეიმ დასძინა, რომ მოქმედებს იმ უმრავლესობის სახელით, რომელმაც რეფერენდუმზე „ბრექსიტს“ დაუჭირა მხარი.

„ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენი საზღვრების კონტროლს და ერთხელ და სამუდამოდ აღვკვეთთ ადამიანთა თავისუფალ გადმოსვლას. არსებული იმიგრაციული სისტემის ნაცვლად, რომელიც აგებულია იმაზე, თუ საიდან მოდის ადამიანი, ჩვენ მას ავაშენებთ უნარ-ჩვევებსა და ტალანტებზე, რომელიც [იმიგრანტს] შეუძლია შემოგვთავაზოს. ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენი ფულის კონტროლის შესაძლებლობას, დავასრულებთ ევროკავშირისთვის ყოველწლიურ კოლოსალურ გადახდებს“, – განაცხადა ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close