დღის თემასაზოგადოებასაქართველო

წმინდა გიორგი სათხოვარს ბევრს უსრულებს – გოგნის „კარუგდებელი“, ძლიერი და მსწრაფლშემსმენელი

გიორგობა საქართველოში წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 23 ნოემბერსა და 6 მაისს. 23 ნოემბერს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების და აღსრულების (303 წ.) დღეს აღნიშნავს. 6 მაისი (ძვ. სტ. 23 აპრილი) კი წმინდა გიორგის დაბადების დღეა (275 წ.) – წმინდა გიორგი დაახლოებით 28 წლის იყო, როდესაც წამებით აღესრულა.

გიორგობის დღესასწაულს სოფელ გოგნში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) განსაკუთრებულად აღნიშნავენ. აქ მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი „კარუგდებელი“, სადაც მომლოცველები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩადიან. 6 მაისს მორწმუნეები წმინდა გიორგის სახელობის სალოცავში სათხოვნელად მიდიან, 23 ნოემბერს კი – მადლობის სათქმელად (23 ნოემბერს გიორგობას მხოლოდ საქართველოში ზეიმობენ). ეს ადგილი არა მხოლოდ სილამაზითაა გამორჩეული, სალოცავი დიდი მადლის მატარებელიცაა.

როგორც ლეგენდა გადმოგვცემს, სოფელ გოგნში ყველა მამაკაცი დაღუპულა და მიზეზი ვერავის გაუგია. სოფლის ერთ მკვიდრს სიზმარი უნახავს, თქვენი უბედურების მიზეზი მდინარეში ეძებეთო. მართლაც, მდინარიდან წმინდა გიორგის ხატი ამოუბრძანებიათ და ურემზე დაუბრძანებიათ. ხარები ყველაზე მაღალ ადგილზე ასულან და იქ გაჩერებულან. სწორედ იმ ადგილზე აუგიათ საყდარი. ცნობილია, რომ სალოცავის კარი რამდენჯერმე დაკიდეს, მაგრამ ყოველ ჯერზე ჩამოვარდა. სწორედ ამიტომ მას „კარუგდებელი“ უწოდეს.

არსებობს მეორე ლეგენდაც: სოფელში ერთი დავრდომილი მოხუცი ცხოვრობდა, რომელსაც წმინდა გიორგი გამოეცხადა. წმინდანმა მას უთხრა, რომ მოფრინდებოდა ჩიტი, რომელიც ერთ-ერთი ქვისაკენ გაუძღვებოდა. დავრდომილი მართლაც წამოდგა და გაჰყვა ჩიტს, რომელმაც ეს ქვა აპოვნინა. მოხუცმა ქვა იმ ადგილზე მიიტანა, სადაც ჩიტი დაიღუპა. სწორედ ამ ადგილზე ააშენეს სალოცავი, თუმცა მოგვიანებით დაანგრიეს და ქვები კლდიდან გადაყარეს. სანამ დაანგრევდნენ, სალოცავს კარი ჰქონდა, რომელიც მუდამ ჩამოგდებული ხვდებოდათ. დაუდარაჯდნენ სოფლის მაცხოვრებლები და ნახეს, რომ შუაღამისას კარი თავისით ვარდებოდა, ამიტომაც უწოდეს „კარუგდებელი“. მოგვიანებით სოფლის ხუთმა მკვიდრმა ქვები კლდიდან ამოიტანა და ახალი, ოდნავ უფრო დიდი სალოცავი ააშენა. როცა წმინდა ადგილს მონადირე უახლოვდებოდა, იარაღს რამდენიმე მეტრით ქვემოთ ტოვებდა და ახლომახლო ტერიტორიაზე ნადირს არასოდეს კლავდა.

მონასტრის წინამძღოლის, დეკანოზ იოანე რევიშვილის გადმოცემით, წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი VII საუკუნეში აუშენებიათ. იყო პერიოდი, როცა ის გელათის მონასტერს ექვემდებარებოდა. აქ არის ძველი მონასტერი, რომელსაც ნასაყდრალს ეძახიან და განდეგილი ბერების საცხოვრებელი ადგილი იყო. ამბობენ, რომ ამ სალოცავში წმინდა გიორგის თავის ქალა იყო დაბრძანებული, ხოლო დავით ულუსა და დავით ნარინის მეფობის პერიოდში შემოემატა წმინდანის მენჯის ძვალი.

აქ წირვა წლების განმავლობაში აღევლინებოდა. მორწმუნეებმა წინაპრებისგან გადმოცემით იცოდნენ ტაძრის სასწაულმოქმედი ძალის შესახებ. აქ უშვილო წყვილებს, დავრდომილებს, დასაოჯახებელ ახალგაზრდებს ხშირად შეხვდებით. სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი ძველი ურთხელია, გარკვეულწილად ესეც ამ სალოცავის სიძველეზე მიანიშნებს. იშვიათია, ურთხლის ტყე ასეთი სახით სადმე იყოს შემორჩენილი, რადგან ურთხლის მასალა ძვირად ღირებულია.

სოფლის მაცხოვრებლებმა მოინდომეს, ტაძრისთვის კარი დაეკიდათ, წვიმის დროს ტაძარში პირუტყვი თავშესაფარებლად რომ არ შესულიყო. კარი შეაბეს, თუმცა იცოდნენ, რომ მას „კარუგდებელს“ უწოდებდნენ. ერთხელ დაკიდეს, ჩამოვარდა, შემდეგ იგივე გამეორდა. დაუდარაჯდნენ, იქნებ კარს ვინმე აგდებსო, დაღლილებს, წამიერად წასთვლიმათ. უეცრად ხმა გაიგონეს, დაინახეს, რომ საყდარს კარი ჩამოვარდნოდა, გარშემო ყველგან დაიარეს და უცხო ვერავინ შენიშნეს.

მოგეხსენებათ, საღამოს ლოცვის შემდეგ ეკლესიები იკეტება. ამ სალოცავში ადამიანს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა მივიდეს, წმინდა გიორგის შესთხოვოს, მოილოცოს და გული დაიმშვიდოს. „კარუგდებელის“ დანიშნულება ეს არის.

გოგნის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავს დიდი ძალა აქვს, მსწრაფლშემსმენელია. აქ, უმეტესად, დავრდომილი ადამიანები და ის ახალგაზრდები მოდიან, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ. წმინდა გიორგი სათხოვარს ბევრს უსრულებს.

მოხდა ასეთი შემთხვევაც: კაცი ყავარჯნებით ამოვიდა, ილოცა და უკან ხელჯოხით გაბრუნდა. ტაძარს ბევრი მორწმუნე ცხვარსა და მამალს სწირავს, რომლებიც სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ისე დადიან, ნადირიც კი არ ჭამს, მაშინ როდესაც სოფლის მაცხოვრებლებს პირუტყვი ღამე გარეთ რომ დარჩეთ, დილით ნადირისგან დაგლეჯილი დახვდებათ.

სალოცავის გვერდით დიდი ჯვარია აღმართული. იმ ჯვრის ძირში რამდენიმე ქვაა. სოფელში ერთი დავრდომილი ბიჭი ცხოვრობდა, გვარად რობაქიძე იყო, წლების განმავლობაში ვერ დადიოდა. მას წმინდა გიორგი გამოეცხადა და უთხრა, ამ ადგილზე ტაძარი უნდა აიგოსო. პირველი ლოდი თავად ამ დავრდომილმა ბიჭმა ამოიტანა და წმინდა გიორგის ძალით, სიარული შეძლო.

მოამზადა ნინო ხოშტარიამ

23 ნოემბერს გიორგობას მხოლოდ საქართველოში აღნიშნავენ – რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს მფარველ წმინდანზე

ლიკაბეტოსის მთა ათენში და წმინდა გიორგის ეკლესია

ლიკაბეტოსის მთა ათენში და წმინდა გიორგის ეკლესია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close