„თუ უსაფრთხოებისა და მიგრაციის შესახებ დეკრეტს, რომელიც მთავრობამ უკვე დაამტკიცა, პარლამენტის დეპუტატთა პალატა მხარს არ დაუჭერს, ეს მმართველი კოალიციის არსებობას საფრთხის ქვეშ დააყენებს“, – განაცხადა დღეს, 20 ნოემბერს იტალიის ვიცე-პრემიერმა, პარტია „ლიგის“ ლიდერმა მატეო სალვინიმ ჟურნალისტებთან. ამის შესახებ სააგენტო ANSA იუწყება.
„სალვინის დეკრეტი“ (Decreto Sicurezza e Immigrazione) ითვალისწინებს სახელმწიფო ხარჯების შემცირებას მიგრანტების მისაღებად და ამის პროპორციულად ბიუჯეტის ხარჯების გაზრდას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, მაფიასა და არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რომელიც, აგრეთვე, შევიდა „ლიგისა“ და „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ კოალიციურ კონტრაქტში, თუმცა 19 ნოემბერს „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ რამდენიმე დეპუტატმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მთავრობის მიერ დამტკიცებული დეკრეტი მათი პარტიის პროგრამას ეწინააღმდეგება, ამიტომ უნდა „დაზუსტდეს“ (ანუ ცვლილებები უნდა შევიდეს).
დეპუტატების განცხადებაზე შს მინისტრ მატეო სალვინის პასუხის შემდეგ განმარტება გააკეთა იტალიის ვიცე-პრემიერმა, „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერმა ლუიჯი დი მაიომ, რომელმაც განაცხადა, რომ მისი პარტია არ აპირებს პირობის დარღვევას, ხოლო რამდენიმე დეპუტატის განცხადება მხოლოდ მათი პირადი აზრია.
მთავრობის ოპონენტების აზრით, მიგრაციის შესახებ დეკრეტზე კამათი ნიშნავს, რომ კოალიციაში შემავალ პარტიებს სულ უფრო უჭირთ შეთანხმება და ეს კოალიცია დიდხანს არ იარსებებს. მთავრობის მომხრეები კი, პირიქით, აღნიშნავენ, რომ მუშაობის მთელი 6 თვის განმავლობაში კოალიციაში შემავალი პარტიები მუდმივად აჩვენებენ უნარს, შეთანხმებას მიაღწიონ ყველაზე რთულ საკითხებზეც კი.
„სალვინის დეკრეტის“ ტექსტი, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და იტალიის პარლამენტის სენატმაც მხარი დაუჭირა, პარლამენტის დეპუტატთა პალატაში 23 ნოემბერს შევა განსახილველად. დეპუტატებს განხილვის ვადა ნოემბრის ბოლომდე აქვთ და 3 დეკემბრამდე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, დაამტკიცებენ თუ არა ახალ საიმიგრაციო კანონს. ლუიჯი დი მაიოს დაპირებას თუ გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, დეკრეტს დეპუტატთა პალატაში სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვდება.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები