„სალვინის დეკრეტი“ – იტალიის საიმიგრაციო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები მუხლობრივად
გთავაზობთ დეტალურად, მუხლობრივად იმ ძირითად ცვლილებებს იტალიის ერთიან საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რომლებსაც განსაზღვრავს 5 ოქტომბერს ძალაში შესული საკანონმდებლო ბრძანებულება – „სალვინის დეკრეტი უსაფრთხოებისა და იმიგრაციის შესახებ“ (“DECRETO SALVINI IMMIGRAZIONE E SICUREZZA“) განსაზღვრავს.
იტალიის მოქალაქეობის მიღებისა და ჩამორთმევის შესახებ დებულებები
მოქმედ კანონში, რომელიც 1992 წლის 5 თებერვალსაა მიღებული, 91-ე პარაგრაფში შემდეგი ცვლილებები შედის:
ა) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ანულირებულია – ანუ უქმდება დებულება, რომ თუ ქორწინების საფუძველზე მოქალაქეობის მიღების მოთხოვნა უარყოფილი არ იქნა 2 წლის განმავლობაში, დაინტერსებულ მხარეს შეუძლია მიმართოს მოსამართლეს მოქალაქეობის მიღების თაობაზე, ქორწინების საფუძველზე.
ბ) მე-92 მუხლის მე-2 პუნქტი: თანხა 200 ევრო, იცვლება 250 ევროთი, ანუ შენატანი იტალიის მოქალაქეობის განაცხადის განხილვისთვის 50 ევროთი მეტი – 250 ევრო იქნება.
გ) მე-92 მუხლის შემდეგ ემატება შემდეგი ტექსტი, რომ მოქალაქეობის განაცხადის განხილვის ვადა არსებული 24 თვის (2 წლის) ნაცვლად 48 თვემდე (4 წელი) იზრდება. ანუ იტალიის მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანიდან პასუხის მოლოდინი შეიძლება 4 წლამდე გაიწელოს.
დ) მე-10 მუხლის შემდეგ ჩამატებულია ტექსტი, რომ უცხოელის მიერ მიღებული მოქალაქეობა უქმდება გარკვეული სახის საბრალდებო მსჯავრის შემთხვევაში, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული (ჩამოთვლილია დანაშაულების სახეები; მოქალაქეობის ჩამორთმევა ხორციელდება 3 წლის განმავლობაში სასამართლოს მიერ დადგენილი დანაშაულისთვის – როგორიცაა, მაგ.: ტერორიზმი, ტერორისტული ორგანიზაციების წევრობა).
ჰუმანიტარული დაცვა იტალიაში, ბინადრობის უფლება ჰუმანიტარული დაცვის მიზნით
დეკრეტის ტექსტი დამუშავდა და ადაპტირდა შსს-ს თანამშრომლებთან დაუღალავი შრომით, თუმცა მისი პირვანდელი სახე, რომელმაც დიდი უთანხმოება გამოიწვია, იტალიაში ჰუმანიტარული დაცვის შესახებ, მაინც უცვლელი დარჩა.
ახალი ბრძანებულებით მინისტრი სალვინი აუქმებს ბინადრობის უფლების გაცემას ჰუმანიტარული დაცვის მიზნით. ადამიანები, რომლებიც იტალიაში იმყოფებიან ჰუმანიტარული დაცვის პროცედურებისთვის, რომელიც ნახსენებია 1989 წლის 30 დეკემბერს გამოცემულ 416-ე დეკრეტში, ახალი ბრძანებულების ძალაში შესვლის შემდეგ ამავე საფუძველზე რჩებიან იტალიაში დაგეგმილი ვადის ამოწურვამდე და, ნებისმიერ შემთხვევაში, მიღებისა და განთავსების პროექტების დაფინანსების ვადაში.
რაც შეეხება უცხოელებს, რომლებსაც აქვთ მოქმედი ბინადრობის უფლება ჰუმანიტარული მოსაზრებების საფუძველზე, 2018 წლის 5 ოქტომბრის კანონპროექტის პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ამბობს, რომ მისი ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელია გაგრძელება არსებული კანონის საფუძველზე, თუმცა მხოლოდ ძალიან მკაცრი ექსპერტიზის შემდეგ, რომელსაც კომპეტენტური ტერიტორიული კომისია ატარებს; ეს კომისია აფასებს პირობებს და წინაპირობებს უცხოელის იტალიის ტერიტორიაზე ყოფნის გასაგრძელებლად. შესაბმისად, ჰუმანიტარული ბინადრობის უფლების გაგრძელება უფრო ძნელი იქნება, ვიდრე ადრე.
მე-9 პუნქტში, ასევე, გათვალისწინებულია, რომ ახალი დეკრეტის ძალაში შესვლის მომენტიდან უცხოელები, რომლებსაც, ტერიტორიული კომისიის დასკვნით, არ შეუძლიათ მიიღონ ბინადრობის უფლება საერთაშორისო დაცვის საფუძველზე, თუმცა აქვთ ადრე არსებული ჰუმანიტარული ბინადრობის უფლების მიღების უფლება საერთაშორისო დაცვის საფუძველზე, მიიღებენ ახალი ტიპის ბინადრობის უფლებას წარწერით: „განსაკუთრებული შემთხვევები“ – ეს დოკუმენტი 2-წლიანია და გარდაიქმნება ბინადრობის უფლებად თვითდასაქმებისა და დაქვემდებარებული სამუშაოსთვის. თუ მოქმედების ვადის ამოწურვამდე დოკუმენტი არ გარდაიქმნა (კანონის ენაზე – კონვერტირდა) ბინადრობის უფლებად, მაშინ უცხოელის იტალიის ტერიტორიაზე ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. გარდა ამისა, ფართოვდება იმ დანაშაულთა წრე, რომლებიც, საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, წარმოადგენს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის ან უკვე მინიჭებული ლტოლვილის სტატუსის გაუქმების საფუძველს. ეს დანაშაულებია: სექსუალური ძალადობა, ნარკოტიკების წარმოება, გასაღება და შენახვა, ძარცვა და გამომძალველობა; სახელმწიფო თანამდებობის პირზე ძალადობა ამ მუქარა; ქურდობა დამამძიმებელი გარემოებით, როგორიცაა იარაღის გამოყენება.
ბინადრობის უფლების ძველი და ახალი ტიპები ჰუმანიტარული დაცვისთვის
ა) ბინადრობის უფლება სოციალური დაცვის მოტივით (მუხლი 18) (PERMESSO MOTIVI DI PROTEZIONE SOCIALE) 6-თვიანია და შესაძლებელია მისი გაგრძელება ერთ წლამდე ან უფრო ხანგრძლივად, თუ შესაბამისი პირობები არსებობს. ის საშუალებას იძლევა, ხელი მიგიწვდებოდეთ ძირითად სოციალურ უფლებებსა და სწავლაზე, აგრეთვე, შეგიძლიათ იმუშაოთ, როგორც დაქირავებულმა მუშაკმა. სურვილის შემთხვევაში, თუ სათანადო პირობები არსებობს, ეს დოკუმენტი შეიძლება სასწავლო ან სამუშაო ბინადრობის უფლებად გარდაიქმნას.
ბ) ბინადრობის უფლება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის (მე-18 მუხლი) – ერთწლიანია და ის საშუალებას იძლევა, ხელი მიგიწვდებოდეთ ძირითად სოციალურ უფლებებსა და სწავლაზე, აგრეთვე, იტალიაში ჩაწერაზე; გაძლევთ დაქვემდებარებული ან ავტონომიური სამუშაოს შესრულების უფლებას, თუ მინიმალურ ასაკობრივ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ. ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ ეს დოკუმენტი შეიძლება სასწავლო ან სამუშაო ბინდადრობის უფლების დოკუმენტით შეიცვალოს.
გ) ბინადრობის უფლება მშრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლთათვის (მუხლი 22, პარაგრაფი 12) – ამ დოკუმენტს 6 თვე აქვს ვადა და შეიძლება ერთ წლამდე ან უფრო ხანგრძლივად გაგრძელდეს – იმ დრომდე, რომელიც აუცილებელია სასამართლო წარმოებისთვის; ამ დოკუმენტის საფუძველზე შეგიძლიათ მუშაობა და მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ შესაძლებელია შეიცვალოს ბინადრობის უფლებით დაქვემდებარებული ან დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულების უფლებით.
დ) ბინადრობის უფლება მკურნალობის მიზნით ეძლევათ უცხოელებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმეა (19, აბზ. 2, d2) და რომელთა დეპორტაცია შეუძლებელია, რადგან მათი ჯანმრთელობისთვის უკიდურესად სახიფათოა. ის გრძელდება იტალიის სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი აუცილებელი ვადით, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში არ აღემატება ერთ წელს, თუმცა შესაძლებელია გაგრძელება, თუ იმიგრანტი ჯანმრთელობის განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობის სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტებს წარადგენს. დოკუმენტი ძალაშია მხოლოდ იტალიის ტერიტორიაზე, არ იძლევა მუშაობის უფლებას და არ იცვლება სხვა სახის ბინადრობის უფლებით, გარდა ბინადრობის უფლებისა ოჯახური მდგომარეობის გამო, ერთიანი საიმიგრაციო კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
ე) ბინადრობის უფლება პირებისთვის, რომლებიც სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალდნენ (მე-202 მუხლი) (permesso di soggiorno per calamità) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა, სადაც იმიგრატი უნდა დაბრუნდეს, დაზარალდა მოულოდნელი კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებებისაგან, რომელთა გამო უცხოელის შინ დაბრუნება სრულ უსაფრთხო გარემოში შეუძლებელია. ამ დოკუმენტს აქვს ექვსთვიანი ვადა და ძალაშია მხოლოდ ნაციონალურ ტერიტორიაზე (ანუ მხოლოდ იტალიაში და არა ევროკავშირის მასშტაბით), იძლევა მუშაობის უფლებას, მაგრამ არ არის შესაძლებელი მისი შეცვლა სამუშაო ბინადრობის უფლებით, თუმცა, წინა შემთხვევის მსგავსად, ოჯახური მდგომარეობის გამო ბინადრობის უფლებით შეიძლება შეიცვალოს.
ვ) ბინადრობის უფლება პირებისთვის, რომლებმაც განსაკუთრებული სამოქალაქო ღირებულების საქციელი ჩაიდინეს – გაიცემა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ კომპეტენტური პრეფექტის წარდგინების საფუძველზე. მისი ვადაა 2 წელი, გაგრძელების უფლებით; ხელმისაწვდომია სოციალური მომსახურებები, სწავლა, აგრეთვე, მუშაობა და ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება გარდაიქმნას ბინადრობის უფლებად დაქირავებული სამუშაოს ან თვითდასაქმების უფლებით.
ბინადრობის უფლების გაცემის, გაგრძელების, ჩამორთმევის შესახებ საქმეები (გარდა სამოქალაქო გმირობის ჩამდენი პირის შემთხვევისა) განიხილება სამოქალაქო სასამართლოს სპეციალიზებულ სექციებში.
ბინადრობის უფლება განსაკუთრებული დაცვისთვის (PROTEZIONE SPECIALE)
ეს ერთწლიანი დოკუმენტი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია უცხოელის გადაყვანა სხვა სახელმწიფოში, რომელიც მას ანალოგიურ დაცვას გაუწევს. მოცემული ტიპის დოკუმენტი შესაძლებელია გაგრძელდეს ტერიტორიული კომისიის მოთხოვნით და მუშაობის უფლებასაც იძლევა, მაგრამ არ შეიძლება გარდაიქმნას სამუშაო ბინადრობის უფლებად. თუმცა, წინა შემთხვევის მსგავსად, ოჯახური მდგომარეობის ბინადრობის უფლებით შეიძლება შეიცვალოს.
ამ ღონისძიებით იტალია უზრუნველყოფს თავშესაფრის მთხოვნელის დაცვას, რომელიც შესაძლოა არ ფლობდეს საერთაშორისო დაცვისთვის საჭირო რეკვიზიტებს, მაგრამ იმყოფება მოწყვლად სიტუაციაში (რომელიც განსაზღვრულია მე-19 მუხლის 1 და 1.1 პუნქტებით) და ამიტომ დაუშვებელია მისი გაგზავნა სახლმწიფოში, სადაც შესაძლოა იგი იდევნებოდეს რასის, სქესის, ენის, მოქალაქეობის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების, პირადი ან სოციალური პირობების გამო.
ამ ტიპის ბინადრობის უფლების განხილვა მიმდინარეობს ჩვეულებრივი სასამართლოების სპეციალიზებულ სექციებში.
გაძევება და პატიმრობაში ყოფნა
სხვა ცვლილებები ერთიან საიმიგრაციო კანონში დეკრეტის მე-2 მუხლშია მოცემული და ეხება იტალიაში არალეგალურად მცხოვრები უცხოელი მოქალაქეების ქვეყნიდან გაძევებას.
პირველ რიგში, რეპატრიაციის ცენტრებში უცხოელის გაჩერების მაქსიმალური ვადა, რომელიც 90 დღე იყო, გაორმაგდა და 180 დღე გახდა. განისაზღვრება უცხოელის პატიმრობის შესაძლებლობა (საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნით), რომელიც რეპატრიაციას და გაძევებას ელოდება, აგრეთვე, სტრუქტურებში, რომლებიც რეპატრიაციის ცენტრებისგან განცალკევებითაა. სად მოათავსებს უცხოელს, ამას სახალხო სასამართლო გადაწყვეტს კვესტურის (უწყების) მოთხოვნით. შესაძლებელია მოსამართლემ დაუშვას უცხოელის გაჩერება შესაბამისი სასაზღვრო დაწესებულებების შენობაში მანამ, სანამ მას ქვეყნიდან არ გაასახლებენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არა უმეტეს 48 საათისა.
დაბოლოს, მე-5 მუხლში, რომელიც ეყრდნობა ევროკავშირის რეგლამენტს №. 1987/2006, საუბარია, რომ ქვეყნიდან დეპორტი მოიცავს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე, აგრეთვე შენგენის კონვენციის მონაწილე ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების (ასეთი სამია: ნორვეგია, ისლანდია და შვეიცარია) ტერიტორიაზე შესვლის და ყოფნის აკრძალვას.
დეკრეტში მოცემულია ცვლილებები ლტოლვილის სტატუსის მინიჭების და ჩამორთმევის ნაწილშიც, მაგრამ რადგან ქართველ ემიგრანტებს, პრაქტიკულად, არ აქვთ შანსი, ეს სტატუსი მიიღონ იმის გამო, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაცია მოქმედებს და საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა, ამ ცვლილებებს აღარ შევეხებით. მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ იმიგრანტს, რომელსაც აქვს ლტოლვილის სტატუსი, ეს სტატუსი და სუბსიდიარული დაცვა უწყდება იმ წუთიდანვე, რაც თავისი წარმოშობის ქვეყანაში დადგამს ფეხს – არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზით დაბრუნდა იქ.
კომენტარები