თამთამ საკუთარი ტანსაცმლის ხაზი შექმნა
თამთამ, ბოლოს და ბოლოს, ხორცი შეასხა თავის იდეას, რომელზეც ამდენს საუბრობდა – მან საკუთარი ტანსაცმლის ხაზი შექმნა. როგორც თავად მომღერალმა განაცხადა, მისი ტანსაცმლის კოლექციის ჩვენება პირველ ოქტომბერს (ორშაბათს) გაიმართება.
თამთა ამბობს, რომ უყვარს ექსპერიმენტების ჩატარება. ის მოდას „იწვევს“ და ახალ ტენდენციებს ქმნის, მისი ტანსაცმლის კოლექცია, უპირველეს ყოვლისა, განსხვავებული სტილით და პირადულობით გამოირჩევა. თამთას ნამუშევრები სხვა ბრენდებისას არ ჰგავს. მომღერალი (და უკვე დიზაინერი) ამბობს, რომ მისთვის მოდა არის თამაში, თვითგამოხატვის საშუალება; მოდა სიტყვებია, რომლებსაც იგი საკუთარი „მეს“ ვიზუალიზაციისთვის გამოიყენებს.
„ძალიან მიჭირს ისეთი ნივთების მოძებნა, რომელთა შეძენაც მომინდებოდა. ამიტომ ვიფიქრე: რატომ არ უნდა გავაკეთო საკუთარი ბრენდის ფარგლებში ტანსაცმლის ხაზი, რომელსაც თავად სიამოვნებით ჩავიცვამდი?!“ – ამბობს იგი.
თამთას ჩაცმის სტილი და იმიჯი უამრავი ადამიანის აღტაცებას იწვევს. იგი Style Icon-ადაა („სტილის სახე“) აღიარებული – მას ყოველთვის გამორჩეულად აცვია, ზოგჯერ საკმაოდ გამომწვევადაც, თუმცა ყველაფერს არაჩვეულებრივად იხდენს. საინტერესოა, რას შესთავაზებს პოპულარული მომღერალი თავის თაყვანისმცემლებს და მოდის თავგადაკლულ მიმდევრებს 1-ლ ოქტომბერს? ინფორმაციას თამთას კოლექციის პირველ ჩვენებაზე აუცილებლად მოგაწვდით.
კომენტარები