ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

გიორგი ებრალიძე: „თუ კარგი შემოთავაზება იქნება, დავფიქრდები საქართველოში დაბრუნებაზე“

ქართველი ქირურგი გიორგი ებრალიძე 1998 წლიდან საბერძნეთში ცხოვრობს: იქ მიიღო უმაღლესი განათლება და იქვე დარჩა სამუშაოდ. გიორგი 2011 წელს გავიცანი, როდესაც საბერძნეთში გამომავალ ქართულ გაზეთში, რომელსაც მე ვრედაქტორობდი, მასთან ინტერვიუ დაიბეჭდა; ინტერვიუს ჩაწერის სურვილი კი მას შემდეგ გაგვიჩნდა, რაც ჩვენი მკითხველების სამადლობელი წერილები მივიღეთ ქართველ ქირურგზე, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე გაჭირვებულ თანამემამულეებს ეხმარებოდა, როგორც შეეძლო მაშინ იგი ათენის ცენტრალურ საავადმყოფოში მუშაობდა.

დაახლოებით ერთი წლის წინ გიორგი დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, მანჩესტერში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ, თუმცა საბერძნეთთან კონტაქტს არ წყვეტს, რადგან იქ ჰყავს ყველაზე ახლო მეგობრები და, პრინციპში, საბერძნეთში მისთვის ისეთივე მშობლიური გარემოა, როგორც საქართველოში, მით უმეტეს, რომ იგი ამ ქვეყნის მოქალაქეცაა.

გიორგი, რამე კავშირი გქონდა საბერძნეთთან? რატომ აირჩიე ეს ქვეყანა განათლების მისაღებად?

არა, არანაირი, სასწავლებლად საზღვარგარეთ მინდოდა წასვლა და ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იმ პერიოდში ჩემთვის საბერძნეთი აღმოჩნდა. ათენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დავამთავრე, მერე სპეციალიზაცია და ყველა საჭირო საფეხური გავიარე, ექიმად მუშაობის უფლება რომ მქონოდა; ამჟამად ზოგად ქირურგად ვმუშაობ.

როგორც ვიცი, სანამ ბრიტანეთში წახვიდოდი, ათენის საავადმყოფოში მუშაობდი.

სხვადასხვა საავადმყოფოში ვმუშაობდი: ჯერ ათენის ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ ათენის სხვა ცენტრალურ საავადმყოფოში გადავედი; მერე კერძო კლინიკებში ვმუშაობდი, ბოლოს კი სამხედრო ჰოსპიტალში, ათენში.

ბრიტანეთში რატომ გადახვედი, საბერძნეთში პროფესიული განვითარების შესაძლებლობები ამოწურე თუ რამე კარგი შემოთავაზება მიიღე?

დიახ, შემომთავაზეს ქალაქ მანჩესტერის საავადმყოფოში მუშაობა ჩამოვედი, ვნახე, რა ხდებოდა და სიამოვნებით დავთანხმდი შემოთავაზებას. საბერძნეთში მართლაც ყველაფერი ამოვწურე, რაც ქირურგიას ეხება, ბრიტანეთში კი ჩემთვის ახალი შესაძლებლობებია

თუმცა საბერძნეთთან, ცხადია, კავშირი არ გამიწყვეტია, კვლევებში ვმონაწილეობ ათენის უნივერსიტეტში, ექსპერიმენტული ქირურგიის კათედრაზე; მუშაობა დავიწყე ანთროპოლოგიის განხრითაც.

დიდი განსხვავებაა ბრიტანეთის და საბერძნეთის ჯანდაცვის დონეებს შორის?

უფრო დიდი განსხვავება მეგონა, სანამ ჩამოვიდოდი და გავიცნობდი აქაურ სისტემას. საბერძნეთშიც არიან ძალიან მაღალკვალიფიციური ექიმები და აქ, ინგლისშიც მინახავს ექიმი, რომელზეც მიფიქრია: ამას აქ რა უნდა?! თუმცა რაც შეეხება თავად ჯანდაცვის სისტემას, ბრიტანეთში, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მოწესრიგებულია და ეკონომიკურად ძლიერი. ელემენტარული მაგალითი ავიღოთ: საავადმყოფოში რომ მოდის პაციენტი, 4 საათზე მეტხანს თუ გააჩერე მიმღებში, საავადმყოფო იხდის საკმაოდ დიდ ჯარიმას; საბერძნეთში კი მინახავს შემთხვევები, დილის 6 საათზე შემოსული პაციენტი ღამის 12 საათამდე მიმღებში ყოფილა. ბრიტანეთში თუ რომელიმე განყოფილებაში აკლიათ სპეციალისტები, არ ელოდებიან რაღაცას, ფული არის და უცებ პოულობენ კადრებს, რომ პაციენტს დროულად მოემსახურონ; საბერძნეთში კი გეუბნებიან: დაელოდეთ, ადგილი არ გვაქვს და ა. შ. განსაკუთრებით კრიზისის შემდეგ დაიწყო ეს, თუმცა მანამდეც იყო

როგორც ვიცი, საბერძნეთის მოქალაქე ხარ, ბრიტანეთსა და საბერძნეთს შორის თავისუფლად შეგიძლია მიმოსვლა, არა?

კი, აბსოლუტურად არაფერი მჭირდება. ჯერჯერობით ასეა და ბრექსიტის შემდეგ რა იქნება, არ ვიცი.

აი, მაგაზე უნდა მეკითხა სწორედ: როგორ ემზადებიან ბრექსიტისთვის და რა დამოკიდებულება აქვთ ჩვეულებრივ ბრიტანელებს? 2019 წელიც აგერ, უკვე კარზეა. ხომ გაქვს საუბრები თანამშრომლებთან, ნაცნობებთან, მეგობრებთან რა აზრის არიან ბრექსიტთან დაკავშირებით: მოსწონთ ეს გადაწყვეტილება თუ არა?

სულ მაგაზე ლაპარაკობენ ტელევიზორში, როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი. მგონი, აპირებენ შვეიცარიის მოდელის ამოქმედებას მართალია, შვეიცარია ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეს იქ მუშაობის უფლება აქვს (შვეიცარია შენგენის ხელშეკრულების მონაწილე ევროკავშირის არაწევრი სამი სახელმწიფოდან ერთ-ერთია ნ. ლ.). ახლა ბრიტანეთმა რომ შემოიღოს ვიზები ევროპელებისთვის, ჩამოექცევათ არა მარტო ჯანდაცვის სისტემა, არამედ ყველა სფერო, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია აქ დასაქმებული ევროკავშირის ქვეყნებიდან.

მეგობრები, თანამშრომლები ერთად რომ ვართ, პოლიტიკაზეც ვსაუბრობთ, ცხადია. ვინც ხმა მისცა ბრექსიტს, ბევრი ახლა უკვე ნანობს, შეცდომა დავუშვითო.

მაგრამ მეორე რეფერენდუმს ხომ არ ჩაატარებენ?! რეალურად, ერთიანი ევროპა ჩერჩილის იდეა იყო, ჩერჩილი გადატრიალდება საფლავში

რაღაც პერიოდი უნდა გავიდეს, რომ იმავე საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს. თავიდან უხაროდათ, ცალკე ვიქნებით და დამოუკიდებლად გადავწყვეტთ საკითხებს, ბრიუსელი აღარ გვიკარნახებსო (მათ შორის, ემიგრანტების მიღებასთან დაკავშირებით გასაგებია, აღარ უნდათ ამდენი ემიგრანტი), მაგრამ რეალურად რომ დადგნენ ფაქტის წინაშე, ათასი მახე გამოჩნდა შიგნით: მაგალითად, ვაჭრობის სფეროში ბრიტანეთის საქონელს თუ ბაჟი დაუწესდა ევროკავშირის ბაზარზე, ეს დიდი დარტყმა იქნება ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის პრემიერი ტერეზა მეი ბოლომდე იცავს თავის გადაწყვეტილებას, მაგრამ უკვე აღარ აქვს ის ავტორიტეტი, მიხვდნენ, რომ არ იყო სწორი გადაწყვეტილება. შოტლანდიასთან აქვთ ამ საკითხზე დაძაბული ურთიერთობა, ისინი ცალკე რეფერენდუმს ითხოვენ შოტლანდია არ უჭერს მხარს ბრექსიტს, როგორც ცნობილია; მოგეხსენებათ, ჩატარდა რეფერენდუმი შოტლანდიის გამოყოფასთან დაკავშირებით და სულ ცოტა ხმა დააკლდა დადებით გადაწყვეტილებას, თუმცა 10 წელიწადში კიდევ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება და არავინ იცის, რა მოხდება

კარიერული წინსვლის თვალსაზრისით ბრიტანეთში რა პერსპექტივა გაქვს, უცხოური წარმოშობა ხელს ხომ არ შეგიშლის?

არა, არავითარ შემთხვევაში, არავითარ შემთხვევაში!.. სამედიცინო სფეროში, მაგალითად, ძალიან ბევრი ინდოელი, პაკისტანელი, პოლონელი თუ სხვა ეროვნების წარმომადგენელია მაღალ პოზიციაზე. აქ ექიმის ლიცენზია რომ მოიპოვო, ჯერ სამედიცინო ფაკულტეტზე 8 წელი უნდა ისწავლო, შემდეგ 8 წელი კიდევ სპეციალიზაციას სჭირდება უნდა შეაკლა თავი; მაღალ პოზიციაზე პასუხისმგებლობაც მაღალია. ბრიტანელების დიდ ნაწილს არ უნდა ამდენი წვალება, 4 წელი ისწავლის სადღაც, კარგ სამსახურს იშოვის და კარგად იქნება

ესე იგი, გადაწყვეტილი გაქვს, ბრიტანეთში გააგრძელო ცხოვრება და მუშაობა.

ჯერჯერობით ასეა საბერძნეთში ნებისმიერ დროს შემიძლია დავბრუნდე.

ალბათ ინგლისური კარგად იცოდი, რომ ჩამოხვედი, არა?

სიმართლე რომ გითხრა, მეგონა, რომ ინგლისური კარგად ვიცოდი, მაგრამ რომ ჩამოვედი, ნახევარი არ მესმოდა, ინტუიციით ვხვდებოდი და თავიდან ვეკითხებოდი, რა მითხრა. გამიჭირდა, ცხადია, მაგრამ მალე გადავლახე ეს ბარიერი ტელევიზორს ქართულად, რუსულად, ბერძნულად აღარ ვუყურებდი, მარტო ინგლისურ არხებს ვრთავდი, რომ ყური შემეჩვია; წიგნების კითხვაც მარტო ინგლისურად დავიწყე ახლა უკვე ეს სირთულე უკან დარჩა.

ენის კარგად ცოდნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია უცხო ქვეყანაში ადაპტაციისა და ადგილის დამკვიდრებისთვის ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ, როგორ ფიქრობ, კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ემიგრაციაში ადვილად შეეგუო გარემოს და თავი დაიმკვიდრო?

მართალია, უპირველეს ყოვლისა, ენა უნდა იცოდე ეს არის უმთავრესი რომ კონტაქტში შეხვიდე ადგილობრივებთან, დაელაპარაკო, გააცნო შენი პიროვნება თუ ენა არ იცი, დამთავრებულია ყველაფერი არც ადაპტაციაზეა ლაპარაკი და არც არაფერზე; მეორე არის, რომ იქაურ კულტურას უნდა გაუწიო ანგარიში: არის რაღაც მომენტები, როცა ის არ უნდა გააკეთო, რასაც საკუთარ სახლში გააკეთებ; ინფორმაციაც უნდა გქონდეს და რაღაც დონეზე იცნობდე კულტურას; და ადგილობრივებთან უნდა შეხვიდე კონტაქტში, რომ შეისწავლო, რა არის, როგორ არის რაღაც დონეზე ასიმილაციაც უნდა განიცადო; რა წეს-ჩვეულებები აქვთ, ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ იქცევიან და ა. შ. ამას უნდა გაუწიო ანგარიში.

საბერძნეთში ბევრ ჩვენს გაჭირვებულ თანამემამულეს დახმარებიხარ უსასყიდლოდ, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნათ და ქართულ გაზეთში (გეორგიანი ეფიმერიდა) თქვენზე სამადლობელ წერილებსაც გვიგზავნიდნენ პაციენტები; ბრიტანეთში თუ გაქვს ქართველებთან შეხება და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე თანამემამულეების დახმარების შესაძლებლობა?

სხვათა შორის, ქართველი საერთოდ არ შემხვედრია, რაც ბრიტანეთში ვარ. ლონდონში ვიცი, რომ ბევრი ქართველია, ჩემი ნაცნობებიც არიან, მაგრამ აქ, მანჩესტერში არავინ შემხვედრია, ქუჩაშიც კი არ გამიგონია ქართულად ლაპარაკი

გიორგი, დაოჯახებულიჯერ არ ხარ, არა?

არა, ჯერ არა

უცხოელის მოყვანა არ გინდა თუ?

ეგეც არის ალბათ, თუმცა ადრე ვამბობდი: ჯერ ადრეა, ჯერ არ მცალია, ამის დრო არ მაქვს, ახლა კი უკვე გვიანდება

რამდენი წლის ხარ?

40-ის გავხდი.

ახლა უკვე ნამდვილად დროა ევროპული სტანდარტებითაც კი. მშობლები თბილისში გყავს, ძმაც; დედა არ აპროტესტებს, არ უნდა, რომ დაბრუნდე?

არა, რადგან აქ რომ მივატოვო ყველაფერი და წამოვიდე, გამოდის, ნულიდან უნდა დავიწყო ცხოვრება

რატომ ნულიდან, საქართველოშიც ხომ შენდება და იხსნება კარგი საავადმყოფოები?! მართალია, ბევრი პრობლემაა ქართულ ჯანდაცვის სისტემაში, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი, ჩემი აზრით, არის პროფესიონალიზმის პრობლემა. რომ შემოგთავაზონ კარგი ვარიანტი, დაბრუნდები თუ ჯერ არა?

რატომაც არა?! კარგი შემოთავაზება რომ იყოს, დავბრუნდები, თუმცა ადრე ბრმად წამოვიდოდი, დაუფიქრებლად, მაგრამ ახლა უკვე კარგად დავფიქრდები: სად ჯობია, როგორ ჯობია, კარგად გავაანალიზებ. ისე შევეგუე აქაურობას, არც კი მგონია, რომ სხვაგან ვარ, უცხოეთში თანაც ისე დაახლოვდა ყველაფერი, ინფორმაციას მე უფრო მალე ვიგებ აქ, ვიდრე ჩემები საქართველოში, მე ვუყვები აქედან საქართველოს ამბებს. მერე ავიარეისიც არის პირდაპირი, ხშირად შეგიძლია ჩახვიდე

ხშირად ჩამოდიხარ ხოლმე საქართველოში?

კი, ჩამოვდივარ ხოლმე, თუმცა აი, იგივე, მეგობრები: საქართველოში ვინ დამრჩა?! კლასელები, ყველას თავისი საქმე აქვს კონტაქტი კი გვაქვს, მაგრამ საბერძნეთში რომ მყავს უნივერსიტეტის დროს შეძენილი მეგობრები, მათთან უფრო ახლოს ვარ. ეს გასაგებია ერთად ვსწავლობდით, მერე ერთად ვმუშაობდით, ხშირად ვურთიერთობთ. ზოგადად, ბერძნები ძალიან ახლოს არიან ჩვენთან ცხოვრების წესით, მენტალიტეტით

გიორგი, საქართველოს ჰყავს ძალიან დიდი ემიგრაცია და, სამწუხაროდ, კიდევ მიდიან და მიდიან ადამიანები ქვეყნიდან. რას ეტყოდი ქართველ ემიგრანტებს, როგორც ემიგრანტი?

მოთმინებას ვუსურვებ (რადგან აქ ყველა გარკვეული მიზნითაა ჩამოსული, უმეტესობა ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად), რომ თავის მიზანს მიაღწიოს, რისთვისაც წამოვიდა და მალე დაბრუნდეს სახლში, სამშობლოში. თავს გაუფრთხილდნენ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას მიაქციონ დიდი ყურადღება; “ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს, მაგრამ ვმუშაობ და ჯერ შვილებს უნდა გავუგზავნო ფული, მერე მივხედავ თავს!” – ასეთი მიდგომა არასწორია! არის ზოგჯერ, საოპერაციოა ადამიანი, უკვე გაძლებაზეა და მაინც არ მიდის ექიმთან სამსახურს დავკარგავო, ეშინია. რა გესამსახურება?! ჯერ ჯანმრთელობის პრობლემა მოაგვარე და მერე იფიქრე სამსახურზე! თუ ჯანმრთელი ხარ, იმუშავებ კიდევაც, შენს მიზანსაც მიაღწევს და ჯანმრთელი დაბრუნდები სახლში. აი, ამას ვეტყოდი.

ჭეშმარიტად ექიმის პასუხია!საბოლოოდ შენც დაბრუნდები ალბათ

პენსიაზე რომ გავალ, აუცილებლად ჩამოვალ ეს ათასპროცენტიანია; მანამდე რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ, ეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: თუ კარგი შემოთავაზება იქნება, როგორც ზემოთ ვთქვი, დავფიქრდები

ესაუბრანინო ლურსმანაშვილი

კომენტარები

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close