ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

მარინა გელოვანი: „ჩვენი ემიგრაციაში წასვლა დიდი შეცდომა იყო!“

„ცხოვრება ერთადერთი მატარებელია, თუ ჩამორჩი და გაგასწრო, შემდეგი არ ჩამოივლის… თუ თქმაა, ბარემ თქმა იყოს – რა ვქნა, სიმართლე ეს არის: ჩვენი ემიგრაციაში წასვლა დიდი შეცდომა იყო!“ – ამბობს ჩვენს კორესპონდენტთან ინტერვიუში ქალბატონი მარინა გელოვანი, რომლისთვისაც საბერძნეთი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „მეორე ოჯახად გადაიქცა“.

ქალბატონო მარინა, მოკლედ გვიამბეთ თქვენზე, თუ შეიძლება. როგორ აღმოჩნდით საბერძნეთში?

ჩემი ბავშვობის ქალაქი ქუთაისია. ამიტომაც დღემდე ჩემს წარმოსახვაში ჯერ რიონს, ბალახვანს და საფიჩხიას ვხედავ, შემდეგ კი – მე-12 საშუალო სკოლას, თეთრ ხიდს და ძველ პიონერთა სასახლეს, გაზეთ „ქუთაისის“ რედაქციას, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრს, ოპერისა და ბალეტის თეატრს, საჭადრაკო სკოლას, სხვადასხვა საკონცერტო დარბაზს, ფიზიკა-მათემატიკის საშუალო სკოლა-ინტერნატს, ა. წერეთლის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტს, ქუთაისის პირველ საავადმყოფოს, სამედიცინო კოლეჯ „მედეას“, გელათს და ბაგრატს, მწვანეყვავილას და სათაფლიას, ქუთაისის მიმდებარე რაიონებს და სოფლებს ვხედავ! ვხედავ წარმოსახვაში და სიზმრად, რადგან იქ ყველგან ჩემი ბავშვობისა და ახალგაზრდობის ნაფეხურებია.

მუსიკის გარემოცვაში გავიზარდე, დედაჩემი და ჩემი უფროსი და მუსიკოსები არიან, მამა კი ინჟინერი იყო. 17 წლის ვიყავი, მამა რომ დავკარგე, რამაც ხელი შემიშალა დიდი ოცნების ასრულებაში – გავმხდარიყავი სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი, თუმცა ბიოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე და კვალიფიკაციის გავლის შედეგად ექიმ-ლაბორანტად ვმუშაობდი; ამავე დროს, სასწრაფო-საავადმყოფო-პოლიკლინიკის გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეც ვიყავი. საკუთარი კერძო ლაბორატორის გახსნაც გადავწყვიტე და ინვენტარის საყიდლად საბერძნეთში ჩამოვედი… ასე აღმოვჩნდი და დავრჩი საბერძნეთში, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი ემიგრაციაში წასვლა დიდი შეცდომა იყო.

რატომ ფიქრობთ ასე?

ცხოვრება ერთადერთი მატარებელია, თუ ჩამორჩი და გაგასწრო, შემდეგი არ ჩამოივლის.

თუ თქმაა, ბარემ თქმა იყოს – რა ვქნა, სიმართლე ეს არის: ჩვენი ემიგრაციაში წასვლა დიდი შეცდომა იყო!

3 წლის შვილი დავტოვე და 13 წლამდე უჩემოდ იზრდებოდა, თუმცა ყოველ წელს ვნახულობდი. შემდეგ ჩემთან ჩამოვიყვანე, 4 წელი აქ ისწავლა, საბოლოოდ კი საქართველოში დაბრუნდა, ვერ შეეგუა აქაურობას. ჩვენ შორის ხიდი ჩატყდა, დიდი დანაკლისი გვაქვს და ვერ ვავსებ. ყველა მშობელს აქვს ეს პრობლემა, ვინც შვილი დატოვა. შვილი არ უნდა დამეტოვებინა, თან უნდა მყოლოდა, ან მე არ უნდა წამოვსულიყავი.

საბერძნეთში ისევ დაოჯახდით, არა?

ხომ გაგიგონიათ: „სადაც არის ბედი შენიო…“ ჰოდა, მეც იქ მიმიყვანა ბედმა. აქ გავიცანი ჩემი ბერძენი მეუღლე, რომელთანაც მშვიდი და ბედნიერი ოჯახი შევქმენი, გული კი ორად გავიყავი: გულის ერთი ნაწილი ჩემს ლამაზ, ერთადერთ და უსაყვარლეს საქართველოს ეკუთვნის, მეორე კი – საბერძნეთს, რომელიც ჩემს ოჯახად გადაიქცა.

ამჟამად რას საქმიანობთ?

მოყვასის სიყვარული, მისი სიხარულის და ტკივილის გაზიარება ყოველთვის მახასიათებდა. ეს თვისება საბერძნეთში ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე უფრო გაღრმავდა და, შეიძლება ვთქვა, რომ ჩემი არსებობის კრედო გახდა.

ჩემს მეუღლეს აქვს მცირე ბიზნესი, ყველა სახის რიტუალის ორგანიზება. სწორედ ამ სამსახურის გამო აღმოვჩნდი საბერძნეთში მცხოვრები ქართველების გვერდით მათთვის ყველაზე მძიმე და რთულ წუთებში. დღემდე ორგანიზებას ვუკეთებ საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველების გადასვენებას საქართველოში. წლების განმავლობაში ძალიან ახლოს გავიცანი ის საყოფაცხოვრებო პირობები და გარემოებები, რომლებშიც ქართველები ცხოვრობენ. დავინახე, რომ მათ უამრავი პრობლემა აქვთ და ჩავერთე მათ გადაჭრაში. რამდენიმე თანამოაზრის მხარდაჭერით ჩამოვაყალიბეთ „საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა ურთიერთდახმარების ფონდი“, რომელმაც აქტიურად იმუშავა, ბევრი სასარგებლო საქმეც გააკეთა, მაგრამ გარკვეული მიზეზების, მათ შორის, მთავარის – უსახსრობის გამო მუშაობა დროებით შეაჩერა. გული მტკივა, რომ ასეთი დიდი ენთუზიაზმით, შემართებით დაწყებული საქმიანობა იმიტომ შეჩერდა, რომ ქართველმა ემიგრანტებმა თვეში 5 ევროც ვერ გაიმეტეს საწევრო გადასახადი, ოფისის ფართი რომ შეგვენარჩუნებინა. სამწუხაროა, რომ ისინი უკანასკნელ ევროსაც საქართველოში გზავნიან და საკუთარი საარსებო პირობების გაუმჯობესებაზე ვეღარ ფიქრობენ.

ამ რთულ საქმეს კულტურულ სფეროსაც ვუთავსებ: ჩართული ვარ საბერძნეთის ქართული დიასპორის საქმიანობაში, ახლო მეგობრული ურთიერთობა მაქვს ყველა ორგანიზაციასთან და ხშირად ვმონაწილეობ და თავადვე ვუწევ ორგანიზებას სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას.

ზოგადად, ქართულ ემიგრაციაზე რას გვეტყვით?

უკვე აღვნიშნე, რომ ძალიან კარგად ვიცნობ ემიგრანტთა მდგომარეობას. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ უმრავლესობა რთულ პირობებში იმყოფება. ქართველი ემიგრანტების უამრავი პრობლემის სათავე მათი არალეგალობაა. უმრავლესობას არა აქვს ბინადრობის უფლება, შესაბამისად, არა აქვთ სათანადო სოციალური თუ ჯანდაცვის პირობები, არ ფლობენ არანაირი სახის დაზღვევას. განათლების სფეროც მოუწესრიგებელია – ბევრს სურს, რომ ქართველმა ბავშვებმა ქართულ სკოლებში და სასწავლო დაწესებულებებში მიიღონ განათლება. ემიგრანტები მოწყვეტილნი არიან ქვეყნის ცხოვრებას, რადგან გარდა საარჩევნო პერიოდისა, არ არიან ჩართულები მის ყოველდღიურ მოვლენებში. მხოლოდ საქართველოს პოლიტიკურ არჩევნებში მონაწილეობენ და ესეც პრობლემაა, რადგან არ არსებობს ემიგრანტთა სრული აღწერა და ყველა არ არის აყვანილი საკონსულო აღრიცხვაზე. დღემდე არა გვაქვს ოფიციალური მონაცემები, თუ რომელ ქვეყანაში რამდენი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს.

ცალკე თემაა საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტების მდგომარეობა. რაკი ამ საკითხს დეტალურად არ ვიცნობ, ჩემს აზრსაც ვერ დავაფიქსირებ.

უამრავი სხვა პრობლემის და დაბრკოლების ჩამოთვლა შეიძლება. თითოეული ძალიან მაწუხებს და მოსვენებას არ მაძლევს. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ყველას გვერდით ვიყო იმ დროს და იმ ადგილას, სადაც სჭირდებათ და შველას ითხოვენ, თუმცა მთავარს და ურთულეს საკითხს ვერა და ვერ ვაგვარებ. ჩემი ერთადერთი ოცნება აუხდენელი რჩება. ეს ყველა ემიგრანტის ოცნებაცაა და მას სამშობლოში დაბრუნება ჰქვია.

თუკი ოდესმე დადგება დრო და იმ ადამიანების ძალისხმევით, რომლებსაც ძალუძთ და ევალებათ კიდეც, ამ სანუკვარ ოცნებას ავისრულებ, ვიტყვი, რომ ამქვეყნად ჩემი ვალი მოვიხადე!

მომავლის იმედი გაქვთ?

ჩემი იმედი ჩემი ერთადერთი ვაჟია, რომელიც სპეციალობით მხატვარია. ვამაყობ, რომ მისი სახით საქართველოს ღირსეული თაობა შეემატა. მასში არა მარტო ჩემს, არამედ ჩემი ქვეყნის მომავალს ვხედავ და მიხარია, რომ ასეთი განათლებული, გაბედული, თამამი, გონიერი, ნიჭიერი და მებრძოლი თაობა გვყავს. სწორედ ამ თაობას აქვს უფლება იცხოვროს ერთიან, ძლიერ და გამთლიანებულ საქართველოში.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close