საქართველოზე შეყვარებული თურქი პროფესორი, რომელიც თურქეთში სტუდენტებს ქართულ ენას ასწავლის
რიზეს რეჯეფ თაიიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტში 2011 წელს გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ჰარუნ ჩიმქე. ბატონი ჰარუნი აღნიშნულ უნივერსიტეტში ქართული ენის გრამატიკას ასწავლის.
რიზეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ფილოლოგიის სპეციალობაზე 2015 წლის იანვარში საქართველოდან ორი სპეციალისტი მიიწვიეს: ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი რუსუდან საღინაძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ფილოლოგიის დოქტორი, ასოც. პროფესორი მაია კიკვაძე (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი). მათ ჰარუნ ჩიმქესთან ერთად მოამზადეს ოთხწლიანი საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
2016–2017 სასწავლო წელს პირველად დაიშვა სტუდენტთა მიღება ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე და 14 პირველკურსელი ჩაირიცხა. სტუდენტები სხვადასხვა რეგიონიდან არიან: რიზედან, სტამბოლიდან, ტრაპიზონიდან, ქონიადან, ერზურუმიდან (არზრუმი), ანტალიიდან… 2017–2018 სასწავლო წელს კი სპეციალობაზე უკვე 15-მა სტუდენტმა ჩააბარა.
ჰარუნ ჩიმქე 1977 წელს თურქეთის ქალაქ სივასში დაიბადა. იგი 1995 წელს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურისა და თურქული ფილოლოგიის სპეციალობაზე ჩაირიცხა, ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ კი სწავლა გააგრძელა იმავე უნივერსიტეტში სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. მისი სადოქტორო ნაშრომის სახელწოდებაა: „ზმნისწინების სემანტიკური ნიუანსები ახალ სალიტერატურო ქართულში“. იგი თურქი ეროვნების პირველი დოქტორანტია საქართველოში, რომელმაც სადოქტორო ნაშრომი დაიცვა ქართულ ფილოლოგიაში. მას სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული აქვს რიგი ნაშრომებისა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. ბატონ ჰარუნს ეკუთვნის, აგრეთვე, რამდენიმე თარგმანი, მათ შორის: „საქართველოს კულტურა“ (“Gürcistan Kültürü”, 2005), „წიგნი ამბა ბესარიონისა“(Kitap Amba Besarioni, 2015), „გურჯი ხათუნი“ (Gürcü Hatun, 2015), „თანამედროვე ქართული მოთხრობები“ (Modern Gürcü Hikayeleri, 2015), „ფორმა 100“ (Üçe Yirmi Kala, 2016), „თავშესაფარი“ (Huzurevi, 2016), „გუშინ“ (Dün, 2017), ქართველოლოგიის შესავალი (Kartvelolojiye Giriş, 2017), „13 დღე“ (13 Gün, 2017), „მარტოსულთა ზამთარი“ (Yalnızların Kışı, 2017).
აი, რას მოგვითხრობს ბატონი ჰარუნი საქართველოში სწავლისა და ქართულ კულტურასთან თავისი პირველი შეხების შესახებ:
„საქართველოში თანატოლებთან ერთად 1995 წელს ჩამოვედი. მიზნად მქონდა დასახული, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე მესწავლა. გეგმა ერთია და სინამდვილე – მეორე. გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო არჩეულ სპეციალობაზე მოხვედრა ვერ მოვახერხე და გადავწყვიტე, თურქოლოგიაზე შემეტანა საბუთები. ჩემი ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ზოგ შემთხვევაში სიცილსაც კი იწვევდა: მეუბნებოდნენ, თურქმა აქ ისეთი რა უნდა ისწავლოსო. ასეთ გაურკვევლობაში გავაგრძელე სწავლა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ლექციებზე რომ შევდიოდით, თურქულზე მეტი ქართულის ლექციები ტარდებოდა, რაც ჩემთვის ძალიან ძნელი აღმოჩნდა. თითქმის ვერაფერს ვერ ვგებულობდი. მოგეხსენებათ, ჩვეულებრივი სასაუბრო ენა სულ სხვაა, სასწავლო ენა – სულ სხვა. ძალიან გვიჭირდა ლექციების გაგება, აღარ ვიცოდით, რა უნდა გვექნა. ერთხელ ვთქვი თუ დავწერე (არ მახსოვს), „როცა ენა არ იცი, ყრუც ხარ და მუნჯიც“. ქართულის კარგად არმცოდნენი ზუსტად ამ მდგომარეობაში ვიყავით. საერთოდ, პოეზიაში ძლიერი არ ვარ და არც მეხერხება, მაგრამ ქართული ენის სირთულის გამო, ხაზგასმით ვამბობ, მეც კი ჩემს ცხოვრებაში პირველი და უკანასკნელი ბავშვური ხასიათის პატარა ლექსი დავჯღაბნე:
„აჰ, ქართულო, ქართულო,
რატომ ხარ ასეთი ძნელი.
არ შეიძლებოდა, ცოტა ადვილი რომ ყოფილიყავი.
თუ ადვილი იქნებოდი, მეც ბედნიერი ვიქნებოდი!“
რა თქმა უნდა, რაც უფრო დრო გადიოდა, ჩვენ შედარებით უკეთესად ვსწავლობდით ენას. სანთლის შუქზე საათობით მეცადინეობა შედეგსაც იღებდა ნელ-ნელა. არაჩვეულებრივად კეთილგანწყობილი ლექტორები და თანაკურსელები გვყავდა, ცდილობდნენ, ყველაფერში დახმარება გაეწიათ ჩვენთვის და ეს მაინც გვიმსუბუქებდა ჩვენს გამოუვალ სიტუაციას. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი თანაკურსელები ისე იყვნენ განწყობილები, ოღონდაც რაიმე დახმარება გვეთხოვა მათთვის. მათ არასდროს უარი არ უთქვამთ! უფრო ადვილად რომ გაგვეგო ლექციები, ჩვენთვის კონსპექტებსაც კი ამზადებდნენ. რაც უფრო კარგად ვსწავლობდით ენას, მით უფრო ახლო ურთიერთობას ვამყარებდით ქართველ ხალხთან. მოგეხსენებათ, როდესაც რომელიმე ერის ენას სწავლობ, გინდა თუ არა, იმ ენის კულტურასაც სწავლობ. ქართული კულტურა ჩვენთვის ძალიან მისაღები აღმოჩნდა. ქართველები დაჯილდოებულები არიან ბევრი კარგი ადამიანური თვისებით: სტუმართმოყვარეობით, თავდადებული მეგობრობით, ჰუმანიზმითა და ა. შ.“
თარგმნის სპეციფიკის შესახებ ბატონი ჰარუნი შემდეგს მოგვითხრობს: „თარგმნის დროს ყველაზე მეტად მიჭირს ქვეტექსტიანი წინადადებები და სლენგები. ენის ცოდნა არ ნიშნავს, ყველაფერში იყო კომპეტენტური და ყველა ტერმინი იცოდე ხუთიანზე. შემიძლია გითხრათ, რომ, როდესაც სპეციფიკური (სამედიცინო, საინჟინრო…) თემა არის სათარგმნი, ასეთები მიჭირს. ამას გარდა, ქართული და თურქული სხვადასხვა ჯგუფის ენებია და ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავდებიან. მოგეხსენებათ, არც ერთი ენა არ არის ადვილი, მაგრამ საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ენა, თურქულთან შედარებით, ძალიან რთული ენაა. ახლა რასაც გეტყვით, ალბათ ამას ბევრი უცხოელისაგან გაიგონებდით: ქართული ენით დაინტერესებული ადამიანებისათვის განსაკუთრებით ძალიან რთული კატეგორიაა ზმნა. მე ეს თავიდანვე გავაცნობიერე და მთელი აქცენტი გადავიტანე ზმნაზე. სულ ზმნების უღლებით ვიყავი დაკავებული დღე და ღამე (სიზმარშიც). ჩემი თანაკურსელი, გივი ამაღლობელი იმ დონეზე გავაწვალე, რომ ბოლოს „მეზმნეს“ მეძახდა“.
უკვე განხორციელებული თარგმანებისა და სამომავლო გეგმების შესახებ:
„ჩემი მთარგმნელობითი საქმიანობა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთ-ერთ ორენოვან ჟურნალში სულხან-საბა ორბელიანის იგავების რამდენიმე ნიმუშის თარგმნით დაიწყო. ამ საქმეში ჩემი ქართული ენის მასწავლებელი და შემდგომში უკვე სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი ქალბატონი რუსუდანი მეხმარებოდა. 2005 წელს გადავთარგმნე სხვადასხვა ავტორის მიერ შედგენილი „საქართველოს კულტურა“. ამის შემდეგ, გარკვეული დროის მანძილზე არაფერი მითარგმნია. დაახლოებით 2011 წელი იქნებოდა, რომ გამომცემლობა „ინტელექტმა“ შემომთავაზა მეთარგმნა ბესიკ ხარანაულის „წიგნი ამბა ბესარიონისა“. მიუხედავად იმისა, რომ პოეზიაში კარგად ვერ ვერკვევი, უარი მაინც არ მითქვამს. რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო ამ წიგნის თარგმნა! ხანდახან გაუგებარ ადგილებს ქართველ ნაცნობებს რომ ვეკითხებოდი, ისინიც პასუხს ვერ მეუბნებოდნენ. თარგმნის პროცესში ნელ-ნელა შევიჭერი როლში და, როგორც იქნა, თარგმანი დავამთავრე. ამას მოჰყვა დათო ტურაშვილის „გურჯი ხათუნი“, ზვიად კვარაცხელიას „ფორმა 100“, ნინო სადღობელაშვილის „თავშესაფარი“, შოთა არველაძის „გუშინ“, გიორგი სოსიაშვილის „მარტოსულთა ზამთარი“, ჟუჟუნა ფეიქრიშვილის „ქართველოლოგიის შესავალი“ და რეზო თაბუკაშვილის „13 დღე“. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2016 წელს მონოგრაფიის სახით გამოვეცი თბილისში ჩემი დისერტაცია „ზმნისწინთა სემანტიკური ნიუანსები ქართულ სალიტერატურო ენაში“.
სამომავლოდ დიდი სურვილი მაქვს, რომ სამეცნიერო მუშაობასთან ერთად მთარგმნელობითი საქმიანობაც გავაგრძელო. ახლახან მოვრჩი ძველი ქართული ენის გრამატიკის თარგმნას და წიგნი მალე გამოიცემა.
ჩემ მიერ თარგმნილი წიგნები თანამედროვე ავტორებს ეკუთვნით და მინდა კლასიკური ლიტერატურის თარგმნაზეც გადავიდე. სტუდენტობის პერიოდში კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთ წიგნს რომ ვკითხულობდი, მაშინ გავიფიქრე, მომავალში ნეტავ ამ წიგნის თურქულ ენაზე თარგმნას თუ შევძლებ-მეთქი. ჩემი ოცნება რეალობად იქცევა და მალე დავიწყებ ქართული რომანის უშესანიშნავესი ნიმუშის, ჭაბუა ამირეჯიბის უკვდავი წიგნის, „დათა თუთაშხიას“ თარგმნას. წინასწარ ვიცი, რომ ადვილი არ იქნება, მაგრამ მინდა, რომ ის სულიერი სიმდიდრე და ღირებულებები, რაც წიგნშია ჩაქსოვილი, მივიტანო თურქ მკითხველამდე. იმედი მაქვს, წლის ბოლოს მოვახერხებ ამ შესანიშნავი ნაწარმოების გამოცემას“.
ქართული ენის გრამატიკის თურქულ ენაზე თარგმნის შესახებ:
„მოსამზადებელზე ქართულს რომ ვსწავლობდით, მაშინ უცხოელებისათვის არ იყო არც სახელმძღვანელო და არც თურქულ-ქართული, ქართულ-თურქული ლექსიკონები. ძალიან ვწვალობდით. ქართული ენის მოსამზადებელი ეტაპი, ასე თუ ისე, დავამთავრეთ. მესამე კურსიდან დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ რატომ არ შეიძლება ქართული ენის გრამატიკა იყოს თურქულადაც-მეთქი. მე მინდოდა, რომ რაც ჩვენ ვიწვალეთ, სხვა დროს ქართული ენის შესწავლით დაინტერესებულ სხვა თურქებს საშუალება ჰქონოდათ უფრო მოკლე დროში უკეთეს პირობებში ესწავლათ. ამ რამდენიმე წლის წინ რეალურად შევუდექი ჩემი ოცნების განხორციელებას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმე იყო და ამას მე მარტო ვერ გავაკეთებდი, ამიტომ ჩემი გეგმა ვუთხარი ჩემს მასწავლებელს, შემდგომში სადისერტაციო თემის ხელმძღვანელს, თავისი საქმის პროფესიონალს, ქართული ენის დიდ ქომაგს, ქალბატონ რუსუდან საღინაძეს. იმანაც დიდი ენთუზიაზმით მიიღო ეს წინადადება. შემდეგ ორივეს საერთო გადაწყვეტილებით, ასევე დიდ მეცნიერს, უამრავი წიგნის ავტორს ქალბატონ ჟუჟუნა ფეიქრიშვილსაც შევთავაზეთ ერთობლივი მუშაობა და მალევე დავიწყეთ წიგნის წერა. ხუთი წლის განმავლობაში დიდი შრომის შედეგად შედგენილი ქართული ენის გრამატიკა (ქართული ენა – ფონეტიკა და მორფოლოგია), რომელიც თურქეთის ისტორიაში პირველ შემთხვევას წარმოადგენდა, 2015 წლისათვის გამოვეცით. ჩვენს სიხარულს საზღვარი აქ ჰქონდა.
ჩვენი წიგნი არ არის სახელმძღვანელო დამწყებთათვის და ამას ხაზგასმით ვიმეორებ. ეს წიგნი განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, იმ თურქულენოვანი მკითხველისთვის, რომლებსაც ქართული ენის შესახებ უნდათ ინფორმაციის მიღება. ჩვენი თარგმანი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც დამხმარე საშუალება – ეს არის და ეს! მინდა აღვნიშნო, რისთვის არის კიდევ დიდი მნიშვნელობის მქონე ჩვენი წიგნი: თურქეთსა და საქართველოს შორის ძალიან მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობის მიუხედავად თურქეთში ქართული ენის გრამატიკის შესახებ, ზოგად ინფორმაციას თუ არ გავითვალისწინებთ, თითქმის არაფერი არ არსებობდა. იმ ადამიანებს, რომლებიც შედარებითი გრამატიკის საკითხებზე მუშაობენ, ანდა ზოგიერთ ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე ქართული ენის მასალითაც ინტერესდებიან, არ ჰქონდათ წყარო. თურქი ენათმეცნიერები ხანდახან მწერდნენ და ქართული ენის გრამატიკის ზოგიერთ საკითხზე ინფორმაციას მეკითხებოდნენ. ჩემთვისაც ხომ არის ძნელი, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც რომელიმე საკითხი აინტერესებს, ავდგე და ვუთარგმნო!..
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ, რომ მე საქართველო და ქართველი ხალხი ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს. იმ სიკეთესა და სითბოს, რაც მე საქართველოში ვნახე, არასდროს არ დავივიწყებ. ჩემი ვალია, სანამ ვიარსებებ, მანამ ეს ყველაფერი მივიტანო თურქ ხალხამდე…
ესაუბრა გიორგი ჯანელიძე
კომენტარები