ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ირმა ჩომახიძე:  „ლონდონში რომ ჩამოვედი, სახლის სახურავებზე მერი პოპინსს ვეძებდი, ქუჩებში – შერლოკ ჰოლმსს…“

„თბილისის შემდეგ ყველაზე მეტად ლონდონი მიყვარს. აქ ჩემი ოჯახი და სახლია. ყველგან და ყველაფერში იგრძნობა კონსერვატიზმი“, – ამბობს ირმა ჩომახიძე NOSTAL.GE-ს კორესპონდენტთან ინტერვიუში.

საქართველოდან გაემგზავრება საყვარელი ადამიანის გამო მოგიწიათ, თუმცა ალბათ მაინც გაგიჭირდათ უცხო გარემოსთან შეგუება.

2011 წლიდან მუდმივად ლონდონში ვცხოვრობ. 2007 წელს დავქორწინდი ჩემს მეუღლეზე – ლევან შოგირაძეზე, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეა და ლონდონში უნდა წამოვყოლოდი. რთული იყო, თავისთავად, მაგრამ ჩემი მეუღლე დამეხმარა ადაპტირებაში, ყველანაირად ცდილობდა, მაქსიმალური კომფორტი შეექმნა ჩემთვის.

როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება ლონდონზე?

თბილისის შემდეგ ყველაზე მეტად ლონდონი მიყვარს. აქ ჩემი ოჯახი და სახლია. ყველგან და ყველაფერში იგრძნობა კონსერვატიზმი. პირველად რომ ჩამოვედი, ამ ქალაქს თითქოს ვიცნობდი, ბავშვობაში მეხსიერებაში ჩარჩენილი ლიტერატურული გმირები ამომიტივტივდნენ: სახლის სახურავებზე მერი პოპინსს ვეძებდი, ქუჩებში – შერლოკ ჰოლმსს… ბუკინგემის და სხვა სასახლეებმა, ლამაზი ყვავილებით და ტბებით დამშვენებულმა პარკებმა ზღაპრულ სამყაროში გადამიყვანა. ბევრი ლამაზი ადგილია, ტაქსები, ორასართულიანი წითელი ავტობუსები, ხიდები, ლამაზი მაღაზიები და ამ ქალაქისთვის დამახასიათებელი სურნელი, ამინდი… შეუძლებელია არ გიყვარდეს.

პროფესიით ჟურნალისტი ხართ, ხომ?

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

ამჟამად რას საქმიანობთ?

Kiwi Post-ის გენერალური მენეჯერი ვარ. 2017 წელს „საქართველოს ავიახაზებმა“ (Georgian Airwais) დაიწყო ფრენა თბილისი-ლონდონის მიმართულებით, კვირაში სამ რეისს ასრულებს და Kiwi Post-მა მოიპოვა ექსკლუზიური უფლება ტვირთის ტრანსპორტირებაზე დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის.

Kiwi Post-მა მისცა საშუალება ემიგრანტებს, დაბალ ფასად გაეგზავნათ ამანათები ლონდონი-თბილისის მიმართულებით. იმ დონეზე არ სჯეროდათ თავიდან, რომ ერთმა მომხმარებელმა იუმორით მითხრა: საცდელად პირველ ჯერზე აგურის ჩადებას ვაპირებდიო.

გვაქვს ვებგვერდი www.kiwipost.ge,  სადაც მომხმარებლები ლონდონში ჩვენი ოფისის მისამართზე რეგისტრირდებიან  და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლიათ ინტერნეტით შეიძინონ მაღაზიებში სასურველი ნივთები. თუ არ მოერგებათ, ან არ მოეწონებათ შეძენილი ნივთები, შეუძლიათ უკანვე დააბრუნონ ონლაინმაღაზიაში.

როდესაც ემიგრანტები მოგვმართავენ, ვცდილობთ დავეხმაროთ სამსახურის, ბინის ან ძიძის მოძებნაში.

რაც მთავარია, ლონდონში Kiwi Post-ი ჩვენთვის ის პატარა საქართველოა, სადაც ქართული საუბარი, იუმორი ისმის, ემოცია და ნაღვლიან თვალებში სამშობლოში დაბრუნების იმედი სუფევს.

თქვენს ოჯახზე გვიამბეთ, თუ შეიძლება..

მე და ჩემს მეუღლეს, ლევან შოგირაძეს გვყავს 2 გოგონა – ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული და ბედნიერება: 8 წლის ნიკოლ ბარბარე და 5 წლის ანნა მარია. ორივე ლონდონში სწავლობს სკოლაში; დადიან ცურვაზე და ფორტეპიანოზე დაკვრას ეუფლებიან. თავისუფალ დროს ბავშვებს ვასეირნებთ და სულ მათთან ერთად ვართ.

ბავშვებმა ქართული იციან?

სახლში აკრძალული გვაქვს ინგლისურად საუბარი და ქართულად ვსაუბრობთ. მაქსიმალურად ვაყვარებთ გოგონებს სამშობლოს და ვუყვებით მის შესახებ. ბებიები და ახლობლები ხშირად გვსტუმრობენ და ქართულ ტრადიციებს ითვისებენ ბავშვები. ზაფხულობით თბილისში ჩავდივართ და დიდ სიყვარულს ვიღებთ მონატრებული ახლობლებისგან.

რის კეთება გიყვართ?

ძალიან მიყვარს ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, მხიარული გარემო და მათთან ერთად ყოფნა. ეს არის ჩემთვის განტვირთვა და ჩემს დადებით ემოციებს გადმოვცემ.

როგორ იწყებთ დილას?

ჩემი დილა ყავით იწყება, ვამოწმებ ელფოსტას და ტექსტურ შეტყობინებებს, ჩვენი კომპანიის თბილისის ოფისში ვურეკავ თანამშრომლებს, შემდეგ ბავშვებს ვასაუზმებ და მივდივართ სკოლაში. მერე სახლის საქმეები ან მაღაზია, პარალელურად ტელეფონზე ვსაუბრობ გამუდმებით.

პირველ საათზე Finchley Road-ზე Kiwi Post-ის ოფისში მივდივარ და იწყება ახალი ენერგიის „ჩართვა“, საყვარელი საქმის კეთება. საღამოს ჩემს ძვირფას ოჯახში მივიჩქარი, რადგან ვიცი, რომ სულმოუთქმელად მელოდებიან.

როგორია შორიდან დანახული მონატრებული სამშობლო?

საქართველო აქედან უფრო სხვა კუთხით ჩანს, უფრო გენატრება და გიყვარს. თან გული მტკივა, ამდენ გაჭირვებულ, უმუშევარ და შეწუხებულ ადამიანს რომ ვხედავ. მე რაც არ უნდა ვიძახო, იმუშავეთ, სიყვარული და სიკეთე თესეთ, მაინც არ გააკეთებს ის, ვისაც არ სურს და არ იცის. ემიგრანტები სწორედ ის ხალხია, ვისაც ძალუძს ეს ყოველივე, თავიანთი ოჯახის სიყვარულის გამო უანგაროდ და განუსაზღვრელი დროით მიდიან ემიგრაციაში, შრომობენ მუხლჩაუხრელად და სიკეთეს თესავენ.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close