ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

„საქართველოში სხვანაირი ვარ  –  უფრო გახსნილი და ლაღი“

„ჩემი მეუღლე საქართველოზე ფიქრით იძინებს და იღვიძებს. მე რომ დავთანხმებულიყავი, აქამდე ალბათ დიდი ხნის დაბრუნებული ვიქნებოდით, მაგრამ მე ცოტა მეშინია იმ არასტაბილური სიტუაციის, რაც ამ დროისათვის საქართველოშია…“, – ამბობს ჩვენს კორესპონდენტთან ინტერვიუში მზია წულუკიძე, რომელიც დიდი ხანია ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ ცხოვრობს…

ქალბატონო მზია, რამდენი წელია, რაც ემიგრაციაში იმყოფებით?
17 წელია, რაც საფრანგეთში ვცხოვრობ ოჯახით. ამჟამად კი მე ამერიკაში ვარ.

რა მიზნით გაემგზავრეთ საქართველოდან, ან რატომ მოგიწიათ საფრანგეთში ოჯახის დატოვება და აშშ-ში წასვლა?
მიზეზი ერთია – უკეთეს მომავალზე ფიქრი. საკმაოდ კარგად ვცხოვრობთ, მაგრამ მოგეხსენება, ადამიანს, ზოგადად, და განსაკუთრებით დედას ყოველთვის მეტი და საუკეთესო უნდა საკუთარი შვილებისთვის. ქართული მენტალიტეტი ასეთია – მშობელი შვილზე ზრუნავს სიკვდილის ბოლომდე… სამი ვაჟი მყავს, მათგან ერთი დაოჯახებულია, მყავს შვილიშვილიც. ჩემი მეუღლე მეზღვაურების ოჯახიდანაა. თვითონაც მეზღვაური იყო და როცა საზღვაო კომპანია დაიშალა, უმუშევარი დარჩა… და ასე განვითარდა მოვლენები – ემიგრაციაში წამოვედით.

ამერიკაში რაზე მუშაობთ? როგორც ვიცი, პროფესიით ეკონომისტი ხართ…
აჭარიდან ვარ, ჩაქვის პირველი საშუალო სკოლა დავამთავრე, შემდეგ – ბათუმის უნივერსიტეტი და ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ეკონომიკის კათედრაზე ვიმუშავე 2 წელი. 2002-ში უკვე წავედი სტრასბურგში. ამჟამად ვიმყოფები ამერიკაში, სადაც ესპანურ ოჯახში ვმუშაობ კომპანიონად. საკუთარი პროფესიით მხოლოდ  საქართველოში ვიყავი დასაქმებული.

როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

მრავალფეროვნების მოყვარული ადამიანი ვარ, არ მიყვარს ერთფეროვნება   და ჩაკეტილი სივრცე – ვგულისხმობ ცხოვრებისეულ ჩარჩოებს – და როცა მაქვს შესაძლებლობა, ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო დღე საკუთარი თავის მეტად რეალიზებისთვის.

ბევრი ქვეყანა მოინახულეთ, რომელმა მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
გამორჩევა მიჭირს. ყველა ქვეყანა თავისებურად საინტერესოა თავისი კულტურით და წეს-ჩვეულებებით.

თქვენი ოჯახის წევრები რას საქმიანობენ საფრანგეთში?
ჩემი მეუღლე – გია ხავლოშვილი Les Restos du Cœur-ში მუშაობს. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც უფასოდ ამარაგებს უსახლკაროებს და მცირე შემოსავლიან ოჯახებს თუ ადამიანებს საკვებითა და საოჯახო ნივთებით.
უფროსი შვილი – თორნიკე ელექტრომექანიკოსია და ამჟამად ერთ-ერთი ცნობილი ლუდის, „კრონენბურგის” ქარხანაში მუშაობს.
ბექას სავაჭრო ურთიერთობები აქვს დამთავრებული და 2 კვირაა, რაც ჩემთანაა, ამერიკაში.
ლუკა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა – კერძო სკოლა Notre dame de Sion-ში.

რძალი – ნინი სტრასბურგის უნივერსიტეტის (Université de Strasbourg) სტუდენტია.
აგვისტოში ტყუპების ბებიაც გავხდები… მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ მკაცრი და მომთხოვნი ადამიანი, მიხარია, რომ ჩემმა ვაჟმა ქართველ გოგონაზე შეაჩერა არჩევანი. მეორე ვაჟსაც მეუღლედ ქართველი გოგონა უნდა, რაც ალბათ ოჯახური წეს-ჩვეულების დამსახურებაა.


როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
მინდა შევიქმნა მაქსიმალური პირობები საქართველოში დასაბრუნებლად. ჩემი მეუღლე საქართველოზე ფიქრით იძინებს და იღვიძებს. მე რომ დავთანხმებულიყავი, აქამდე ალბათ დიდი ხნის დაბრუნებულები ვიქნებოდით, მაგრამ მე ცოტა მეშინია იმ არასტაბილური სიტუაციის, რაც ამ დროისათვის საქართველოშია.

მაგრამ ჩვენი ბოლო ადგილი მაინც საქართველოა, მიუხედავად ყველაფრისა, მე იქ სხვანაირი ვარ  –  უფრო გახსნილი და ლაღი.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close