ნინო ლომაშვილი-ლასკარი: „ჩემში ორი სამშობლოა, უსაბერძნეთოდ ვეღარ წარმომიდგენია ცხოვრება“
მაშინ, როცა საკუთარ სამშობლოში ჭირს გზის გაკვლევა, ემიგრანტისთვის უცხოეთში, უცხო ხალხში, მით უმეტეს, ძნელია ცხოვრება და თავის დამკვიდრება. ამიტომ როცა საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების წარმატებებზე გესმის, მთელი სულითა და გულით გიხარია.
ნინო ლომაშვილი-ლასკარის ხელნაკეთი სამკაულების გამოფენაზე რამდენიმე წლის წინ სწორედ ამ სიხარულმა და განსაკუთრებით კი ცნობისმოყვარეობამ მიმიყვანა და მისმა შემოქმედებამ იმდენად აღმაფრთოვანა, რომ დღემდე მახსოვს ის განცდა. ცნობისმოყვარეობა კი გამოფენის სახელწოდებამ (და, შესაბამისად, თემამ) გამიღვიძა – „პერისტერონეს“. ქართულად ეს ბერძნული სიტყვა სამტრედეებს ნიშნავს. მგონი, თქვენც გაგიღვიძეთ ცნობისმოყვარეობის ჭია, სად სამკაულები და სად სამტრედეებიო.
ამ საოცარი სილამაზის სამკაულთა შთაგონების წყარო საბერძნეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუნძულ ტინოსიზე შეფენილი სამტრედეების ჩუქურთმებია. კუნძული ტინოსი სრულიად საბერძნეთში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიით არის ცნობილი, რომელსაც აქაური მარიამობის დღეს, 15 აგვისტოს უამრავი მომლოცველი ჰყავს. ქალბატონი ნინო თავის ბერძენ მეუღლესთან ერთად ყოველ წელს მოდის აქ. ერთხელაც საღამოს გემზე დააგვიანდათ და იძულებით კუნძულზე დარჩენა მოუწიათ. მათაც შანსი ხელიდან არ გაუშვეს და მოტოციკლით მოიარეს მთები.
„ტინოსი მხოლოდ ღვთისმშობლის ტაძრით არის ცნობილი, ჩვენ კი იმ დღეს აღმოვაჩინეთ, თუ რა ფარულ სიმდიდრეს ფლობს ეს კუნძული. პატარა ულამაზესი სოფლები, სადაც მართლმადიდებლური და კათოლიკური რელიგიები ჰარმონიაშია, ძველი და ახალი კალენდრით აღნიშნავენ რელიგიურ დღესასწაულებს; ვენეციელებსაც გაუვლიათ აქ და დაუტოვებიათ თავიანთი კვალი, აღმოსავლეთის გავლენასაც ვხვდებით და შენც ძალიან კარგად იცი საქართველოს მაგალითიდან, რომ როცა რამდენიმე კულტურა ერთმანეთში გადაიკვეთება, აუცილებლად დაიბადება მარგალიტი, – მიზიარებს ხელოვანი თავის შთაბეჭდილებებს, – პირველად შევხედე სამტრედეებს, მაქმანებივით რომ შეფენილა მთებზე. ფერთა დიდი გამა არაა, მაგრამ თეთრიდან ქვის ფერამდე იმდენად მდიდარია ორნამენტებით, რომ, შთაბეჭდილებებით სავსემ, სამკაულებში ჩაჩუქურთმება გადავწყვიტე, დავინტერესდი სამტრედეების წარმომავლობით, რატომ მაინცდამაინც ამ კუნძულზე და თანაც ასეთი სახით?
საქმე ისაა, რომ იქაურ მცხოვრებთა ტრადიციის მიხედვით, ყოველ ოჯახს ჰქონდა საკუთარი სამტრედე – რაც უფრო მდიდარი იყო, მით უფრო დიდი და ლამაზი სამტრედე ჰქონდა და ამ გზით ჩანდა თითოეული ოჯახის სტატუსი შორიდანვე. ტრადიცია კი ეგვიპტიდან დამკვიდრდა. უბრალოდ, იქ სხვა ფორმა ჰქონდა. წარმოიდგინეთ სამრეკლოს ამობრუნებული ზარი – მრგვალი შენობა, რომელიც ზემოთ ჭერში იხსნებოდა და ორნამენტებით სრულდებოდა, მტრედები კი შიგნით ისხდნენ. ტინოსში გარეთ გამოიტანეს ორნამენტები, ალბათ ყველას რომ შესძლებოდა ამ შეუდარებელი სილამაზის დანახვა. საინტერესო ისაა, რომ გარდა მშვენიერებისა და სტატუსის განსაზღვრისა, სამტრედეებს ფულიც შემოჰქონდა, ანუ მტრედისგან არაფერი იკარგებოდა: ხორცი, კვერცხი, ბუმბული და, ყველაზე მთავარი, ნაკელი, რადგან იქაური ნიადაგი ნოყიერი არ არის… დღეს სამტრედეების ტრადიცია აღარ არსებობს, თუმცა ტინოსიზე მარმარილოს დამუშავების ტექნოლოგია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეყვანილი“.
დღეს გვინდა ჩვენს მკითხველსაც გავაცნოთ ნინო ლომაშვილი-ლასკარი და მისი შემოქმედება.
ქალბატონო ნინო, რამდენი წელია, რაც საბერძნეთში ხართ და როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?
საბერძნეთში 23 წლის წინ ჩამოვედი, როგორც კი პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე. ჩამოსული გოგონებისთვის დასაქმების ორი გზა არსებობს – ან ბარი, ან ოჯახი. ვინაიდან პატარა ვიყავი და აღზრდაც სხვანაირი მქონდა, ოჯახში მუშაობა ვარჩიე. მაშინ ყველას გაუკვირდა და ამბობდნენ, ნინომ რთული გზა აირჩია, სახლებს ალაგებსო… მოდით, სიმართლე ვთქვათ, რომ უფრო რთული გზა ბარში მუშაობაა – ჩემთვის ასე იყო, მერჩია ოჯახში მემუშავა ბავშვებთან და სახლები დამელაგებინა, ვიდრე ბარში.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ გავიცანი გიორგი (მომწონს, ქართულად რომ მიმართავს მეუღლეს, რომლის სახელიც ბერძნულად ასე ჟღერს: გეორგიოს, შინაურულად იორღოს – ი. თ.): მეზობელმა შემომთავაზა, მარტოხელა მეგობარი მყავს 14 წლის ვაჟით და ოჯახში დახმარება სჭირდებაო. პირველ დღეს ყავის მოდუღება მთხოვა, ვიდრე მივუტანდი, ჩაიკოვსკის პირველ კონცერტს უსმენდა, შვებით ამოვისუნთქე და ვთქვი, განათლებული ადამიანია და ამასთან მუშაობა ღირს-მეთქი, მოვიხიბლე… როცა ხელფასის რაოდენობაზე ჩამოვარდა საუბარი, ავუხსენი, რომ ჩემთვის ადამიანურ მოპყრობას აქვს მნიშვნელობა და არა თანხის რაოდენობას. თავიდანვე ერთმანეთის ნდობა გვქონდა – მთელი ოჯახი და სახლი მთლიანად მე მებარა, ნდობა პატივისცემაში გადაიზარდა. დიდხანს ვმეგობრობდით, გაჭირვებისა და ტკივილის დროს ერთმანეთს ვედექით მხარში. მთლიანად კი ჩემი გული ერთ-ერთ დაბადების დღეზე მოიგო. ბავშვობაში მამას დავყვებოდი სანადიროდ, იმდენად მიყვარდა ნადირობა, რომ მამა შემპირდა, თვრამეტი წლის რომ გახდები, თოფს გიყიდიო. შემდეგ ისე მოხდა, დედ-მამა გაშორდნენ. თვრამეტი წლის გავხდი, მაგრამ მამას არც კი გახსენებია დანაპირები. ეს მოყოლილი მქონდა გიორგისთვის. ერთ-ერთ დაბადების დღეზე საჩუქარი მომართვა, ყუთი გავხსენი და თოფი აღმოვაჩინე ძალიან თბილი ბარათით: „მსურს ბავშვობის ყველა ტკივილი მოგიშუშო!!!“ – მაშინ ვიგრძენი, რომ ეს ნამდვილად ჩემი ადამიანია… სიყვარულიც მოვიდა და შემდეგ დავოჯახდით კიდეც.
ამ უნიკალური სამკაულების შექმნა თქვენი ჰობია თუ პროფესია?
რომ დავქორწინდით, გიორგის ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, ისმინი შაბათ-კვირას ჩვენთან რჩებოდა. ვასწავლიდი ცოტა ხატვას, ქარგვას, კერვასაც. მივხვდი, რომ თითები უმუშავებს, კარგი ხელი აქვს. ფსირიზე არსებობს კარგი საიუველირო სკოლა და ისმინის მშობლებს მისი იქ შეყვანა ვურჩიე. ჭკუაში დაუჯდათ. სკოლის დირექტორთან შეხვედრა დავთქვი, მაგრამ გაფიცვების და გადაკეტილი გზების გამო ჩაიშალა. შემდეგ ისე მოხდა, რომ ისმინი ლონდონში წავიდა სასწავლებლად, მე კი ჭკუაში დამიჯდა ხელოვნების სკოლაში სწავლა. დავიწყე ჩემი მეუღლის „დამუშავება“. დამცინა, 38 წლის ასაკში რაღა დროს იუველირობის სწავლააო. ყოველდღე ვეჩიჩინებოდი, თავი რომ მოვაბეზრე, ოღონდ მომეშვი და წადიო.
პირველივე წელს დამეტყო, რომ მიდრეკილება მაქვს და შემიძლია მიზნის მიღწევა. გამომადგა ჩემი პროფესია – ინჟინერ-მშენებელი. ლითონის გაცხელება-დადნობისას ვიცოდი, რა ძალები განვითარდებოდა, როგორ დაიჭიმებოდა – ამაში ფიზიკის ცოდნა მეხმარებოდა, შემდეგ გამოთვლა და, რაც მთავარია, ხაზვა, რადგან ყველა სამკაულის შექმნა მონახაზით იწყება. პირველ კურსზე ყოფნისას თესალონიკში გამოცხადდა კონკურსი, სახელწოდებით „ვლემა სტრამენო სტინ ელადა“. სწორედ მაშინ დამებადა „პერისტერონების“ იდეა. ყველამ ანტიკური ხანის ნაკეთობების შექმნა დაიწყო, მე კი ჩავთვალე, რომ გარდა ანტიკური ხანისა, საბერძნეთს ბევრი სხვა რამ აქვს არაჩვეულებრივად ლამაზი, რომელიც ღირს საჩვენებლად. კონკურსის პირობით საწყის ეტაპზე ნახაზები უნდა გაგვეგზავნა, გამარჯვების შემთხვევაში კი 10 დღეში უნდა შეგვექმნა სამკაულები. ორი კვირის მერე დამირეკეს და ბატონ ნინოს სთხოვეთო, მეუბნებიან. ბატონის რა გითხრათ, მაგრამ ქალბატონი ნინო მე ვარ-მეთქი, ვუპასუხე. მეორე ადგილზე გასვლა მომილოცეს. გაგიჟდა ჩემი მეუღლე, მაშინ პირველად დაიჯერა, რომ რაღაც შემიძლია.
ბერძნებისგან თქვენი შემოქმედების დაფასება-აღიარება როდის იგრძენით?
პირველად ჩემი მეუღლის სიხარულით, კონკურსზე რომ გავიმარჯვე. შემდეგ ამავე კონკურსის ჟიურიში იყო სამხატვრო აკადემიის დეკანი, რომელიც თესალონიკში ჩასულს პირადად შემეხმიანა და მითხრა, თქვენი ნამუშევრები ბევრად უსწრებს პირველ ადგილზე გასულს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევძელი ჩემი აზრის გატანა და ალბათ მიზეზსაც მიხვდებითო (ანუ საკუთარი გვარით არ უნდა გასულიყავითო).
არ მწყენია, პირიქით, სიამაყით და საკუთარი თავის რწმენით ავივსე. პირველ ადგილს არც ველოდი, კონკურსის სახელწოდება იყო „მზერა საბერძნეთიდან“, ასე რომ, უცხოელს არ მისცემდნენ პირველ ადგილს. ეს იყო პერსონალური აღიარება, მასობრივი კი 2015 წლის გამოფენა „არტემისიაზე“ ვიგრძენი, რომელიც ათენის „ექსკლუზივ შოუზე“ მოეწყო. თემა იყო ძვალი და რქა. ყოველ წელს ვცდილობ, გამოფენა მოვაწყო. თითო ნაკრებში შედის: ყელსაბამი, სამაჯური, საყურეები და ბეჭედი, სულ 40-50-მდე სამკაული გამოდის.
ქალბატონო ნინო, დაჯილდოებაზე გამახსენდა, ტელეკომპანია „ალფას“ მფლობელი დიმიტრი კოდომინა რა ეგიდით იყო მოწვეული თქვენს გამოფენაზე?
ბატონი კოდომინა ძალიან დიდ პატივს სცემს ქართულ კულტურას, არაერთხელ დახმარებია ამ სფეროს ქართულ წარმომადგენლობას, ასევე, ქართულ დიასპორას. იგი სპეციალური სიგელით დააჯილდოვა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილმა, ქართული დიასპორისთვის გაწეული დახმარებისა და კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისთვის საბერძნეთში. ასევე დაჯილდოვდა ათენის ერთ-ერთი პრესტიჟული დასახლების – ძველი ფალიროსის მერი დიონისიოს ხაძიდიკისი, რომელიც ძალიან კარგად არის განწყობილი ქართველების მიმართ. სულ მხარში გვიდგას, მისი წყალობით გამოიყო გამოფენისთვის დარბაზი (სხვა დროსაც ხშირად გამოუყვია დარბაზი ქართველთა ღონისძიებისთვის). ყველა სიკეთესთან ერთად იგი იუნესკოს საპატიო წევრიცაა.
გამოფენასთან ერთად დაჯილდოების ორგანიზებაც შევძელი და ასე მოვძებნე გზა, მადლიერება გამომეთქვა იმ ბერძნების მიმართ, რომლებიც ორ ერს შორის ზღვარს აღარ ავლებენ, გვაფასებენ. შიში გამქრალია საერთოდ. ამიტომაც მსურდა გვერდიგვერდ დამსხდარიყვნენ ქართველები და ბერძნები და ერთმანეთის მიმართ სითბო ეგრძნოთ. გამოფენის მიზანიც ხომ ეს იყო – ქართველი და ბერძენი ერების მეგობრობა.
აქ ძალიან ახალგაზრდა ჩამოვედი, აღზრდით საქართველოში აღვიზარდე, კულტურასაც სამშობლოში ვეზიარე, მაგრამ როგორც ადამიანი და პიროვნება, აქ ჩამოვყალიბდი – ჩემში ორი სამშობლოა. უსაბერძნეთოდ ვეღარ წარმომიდგენია ცხოვრება, წელიწადში ერთხელ ბორჯომში, ჩემს სოფელში ჩავდივართ ერთი თვით მე და ჩემი მეუღლე. ხელი ათი წლის წინ მოვაწერეთ აქ, მერიაში. ნათქვამი გვქონდა, თუკი ათი წელი გავუძლებდით ერთმანეთს, ჯვარს დავიწერდით და სწორედ ასე მოვიქეცით, რადგან დროის გამოცდას გავუძელით. ბორჯომში დავიწერეთ ჯვარი თერთმეტი წლის მერე, რადგან ათი წლისთავი Capital Controls-ს დაემთხვა.
ქართულ მოტივებზე თუ გაქვთ შექმნილი სამკაულები?
სხვათა შორის, სამტრედეების თემაზე შექმნილი სამკაულების ნახვის შემდეგ ბევრმა ქართველმა მითხრა, ხევსურული მოტივები გაგვახსენდაო. არ გამოვრიცხავ, რადგან ადამიანმა რამდენ ენაზეც არ უნდა ისწავლოს წერა, მთავარი ხელნაწერი მაინც მშობლიური ექნება.
სწორედ ამავე გამოფენაზე მსახიობი და სცენოგრაფი მიმი დენისი ჩემ მიერ შექმნილი ქართული შტრიხებით დატვირთული მოტივით დაჯილდოვდა, რომელიც ასეთი ლამაზი დასახელებით მოვნათლეთ – „შენ ხარ ვენახი“ (იდეა პროფესორმა ავთანდილ მიქაბერიძემ მომაწოდა).
ქალბატონი დენისი ემიგრანტთა და ლტოლვილთა დახმარებისთვის გაწეული დამსახურებისთვის დავაჯილდოვეთ, რადგან მისი სპექტაკლი „სმირნი მუ აღაპიმენი“ („სმირნი ჩემი სიყვარული“) თურქთა მიერ ბერძნების მასობრივ გამოდევნას ეძღვნება კონსტანტინოპოლიდან, კვიპროსიდან და ასე შემდეგ… თითოეულ ემიგრანტზე, და არა მარტო ემიგრანტზე, ეს დადგმა ძალზე ამაღელვებლად მოქმედებს ისტორიულ ფაქტთა შეულამაზებელი გადმოცემის გამო. კვიპროსში გამართული სპექტაკლებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხა ფონდში „ექიმები საზღვრების გარეშე“.
გყავთ ხელოსნები თუ მარტო მუშაობთ სამკაულების შესაქმნელად?
„მიმინო“ ხომ გახსოვთ – „სამ ტანცუეტ, სამ პაიოტ“, აი, ასეა ზუსტად: მე ვარ მხაზველიც, მხატვარიც, „შავი მუშაც“ და გამოფენის წამყვანიც…
საქართველოში არ ვიცი, მაგრამ საბერძნეთში არ არსებობს მენეჯმენტის კულტურა. არ არსებობს ხელოვნების მენეჯერი, რომელიც გამოფენის მოწყობის ორგანიზებას თავის თავზე აიღებდა და ამით დიდ დროს მომაგებინებდა, იმ დროს, რომელსაც უფრო მეტად მოვახმარდი სამკაულებს. ბოლო გამოფენაზე ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მოწვევაში ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიის“ პრეზიდენტი, პროფესორი ავთანდილ მიქაბერიძე დაგვეხმარა, ასევე ელჩი, რომელმაც დიპლომატიური კორპუსი მოიწვია; პრესის ინფორმირებაზე კი ჩემი მეუღლე მუშაობდა ერთი თვის განმავლობაში.
ესე იგი, შეიძლება ითქვას, ჰობი პროფესიაში გადაიზარდა?
საკმაოდ ძვირად ღირებული ჰობია… მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, საკუთარი კომპანია შევქმენი. დიახ, ჰობი მუშაობაში გადაიზარდა, ამან კი დაძაბულობა გაზარდა, რაც კლავს ხელოვნებას, ამიტომ ვცდილობ შევინარჩუნო ეკონომიკური ბალანსი; მეორე მხრივ, არ მინდა მიზანი მხოლოდ შემოსავლის მიღება იყოს ანუ მინდა შევქმნა ის, რაც მომწონს.
ესაუბრა ია თულაშვილი
P. S. ხელოვანი მოუსვენარი სულის მქონე ადამიანია. ასეთია ნინოც. ახლა ესპანელი არქიტექტორის, ანტონიო გაუდის შემოქმედებას აკვირდება, რომელმაც, ფაქტობრივად, ახალი ქალაქი შექმნა ბარსელონისგან. ნინოს არ უყვარს სიმეტრია, სწორედ ამიტომ მიიზიდა ესპანელმა ხელოვანმა, რომლის შემოქმედებაც დარღვეული სიმეტრია, გადატრიალებული გეომეტრია და ადამიანთა მიერ შექმნილი მკაცრი კანონების დარღვევაა. ბოლო წლებში ძალზე დატვირთული სამუშაო პროგრამებისგან გადაღლილი ხელოვანი ამ დაკვირვებებით ერთგვარ ტაიმ-აუტს იღებს და, როგორც მითხრა, დაახლოებით ერთ წელიწადში (რადგან სამკაულებზე მუშაობას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება) მოუსვენარი სულის ნინო ლომაშვილი-ლასკარი ახალი ორიგინალური კოლექციით დაგვატკბობს.
P. P. S. მიმი დენისმა ნინო ლომაშვილი-ლასკარი ყველა ემიგრანტისთვის მისაბაძ მაგალითად დასახა, რომელმაც დაუღალავი შრომით, რუდუნებით დაიმკვიდრა გამორჩეული ადგილი უცხო ქვეყანაში.
კომენტარები