მირიან ზალოშვილი – ემიგრანტი მწერალი, ჟურნალისტი, მსახიობი და რეჟისორი

„ბუნებით ოპტიმისტი ვარ! მაინც ჯიუტად მჯერა იმ ხელისუფლების და ახალგაზრდობის, რომელიც საქართველოში ძალიან მალე მოვა და ქართულ სულს არ ჩაკლავს თითოეულ ჩვენგანში!“ – ამბობს საბერძნეთში მცხოვრები ქართველი მწერალი და ჟურნალისტი მირიან ზალოშვილი ჩვენს კორესპონდენტთან ინტერვიუში.

ბატონო მირიან, ელადაში როცა გეკითხებიან, ვინ ხართო, როგორ პასუხობთ?

ვპასუხობ, რომ ვარ მსახიობი, რეჟისორი, მწერალი და ჟურნალისტი…

რა მიზნით წახვედით საბერძნეთში?

სამუშაოდ წამოვედი. სამსახურის ძიებაში შემოვლილი მაქვს პელოპონესის ნახევარკუნძული, ათენის გარეუბნები… ხილის  გადამამუშავებელ ქარხანაშიც მიმუშავია (ხილის მკრეფავად), ოჯახის დამხმარეც ვყოფილვარ, მზარეულიც და ავადმყოფის მომვლელიც; ვმუშაობდი ტურისტულ კომპანიაშიც. ამჟამად ქართულ-ბერძნულ კომპანია „თბილისი ტურში“ ვმუშაობ.

დრო ძალიან სწრაფად გარბის… ისე სწრაფად, რომ ამასობაში 68 წლის გავხდი. მყავს ორი ვაჟი: გიორგი და დავითი. ისინი საქართველოში ცხოვრობენ, დაოჯახებულები არიან. გიორგის სამი ქალიშვილი ჰყავს, დავითს – ერთი ვაჟი. გიორგიმ მეტალურგიული ფაკულტეტი დაამთავრა, დავითმა – ეკონომიკური და უცხო ენები.

ჩემი მეუღლე 11 წელი ჩემთან ერთად იყო ათენში, ემიგრაციაში. ნუნუკა რამდენიმე წლის წინ სიმსივნით გარდაიცვალა… სამუდამოდ დაიმკვიდრა ნათელი სასუფეველი.

სამწუხაროარამდენი ხანია, რაც საბერძნეთში იმყოფებით? ძალიან გაგიჭირდათ ემიგრანტობა?

16 წელია. ძალზე რთულია ემიგრანტობა როგორც ჩემთვის, ისე მილიონობით ადამიანისთვის, რომლებმაც საქართველო დატოვეს. თუმცა ესეც მედალივით არის – ორი მხარე აქვს, როგორც უარყოფითი, ისე დადებითი.

იცით, რამდენის გადატანა გვიხდება? გიწევს აკეთო ის, რაც მათ უნდათ და მათ სჭირდებათ; ზოგჯერ ისეთი რამ, რაც საქართველოში არც კი დამესიზმრებოდა…

ყველაფერი კი ჩვენი ხელისუფლების ბრალია, რომელმაც იძულებული გაგვხადა, ემიგრაციაში წავსულიყავით!

აღნიშნეთ, რომ მსახიობი და რეჟისორი ხართ, თეატრალური დაამთავრეთ?

დიახ. თბილისში დავამთავრე სამსახიობო ფაკულტეტი, რეჟისურაზე კი პეტერბურგში (მაშინ ლენინგრადი ერქვა) ვსწავლობდი იქაურ უნივერსიტეტში. უძლიერესი კათედრა იყო, სწავლის პარალელურად ბევრ აქტივობაშიც ვმონაწილეობდი, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა.

თეატრთან კიდევ გაქვთ შეხება?

დიახ. ათენში ქართულ თეატრში ვმუშაობ, რომლის დამაარსებელიც ქალბატონი თამარ სამხარაძეა. ჩვენი თეატრი სამი წლისაა. 19 მარტს პრემიერა გვქონდა – იტალიელი ავტორის, დრიო ფოს „ქურდი სამოთხეში“ დავდგით. სპექტაკლში მე სახლის პატრონს ვთამაშობ.

ჟურნალისტურ საქმიანობასაც ეწეოდით, ხომ?

საბჭოთა პერიოდში რუსთავის საქალაქო გაზეთთან – „სოციალისტურ რუსთავთან“ ვთანამშრომლობდი.

ათენში რომ ჩამოვედი, მაშინვე დავუკავშირდი ემიგრანტული გაზეთის, „ცადას“ რედაქტორს ქალბატონ ანა ყურშავიშვილს და მასთან დავიწყე მუშაობა: ვბეჭდავდი მრავალფეროვან სტატიებს, ნარკვევებს, წერილებს, ნოველებსა და ლექსებს… დღემდე ვთანამშრომლობ ამ გაზეთთან.

2014 წლის ემიგრანტთა საერთაშორისო ლიტერატურულ კონკურსზე „ემიგრანტის წერილი“ ჩემმა მოთხრობამ – „ანჯესმა“ ლაურეატობა მომიტანა.

წიგნებიც გამოეცით, როგორც ვიცი…

გაზეთ ,,ელადას“ ეგიდით ოთხი საავტორო წიგნი გამოვეცი: „გამარჯობა, ელადა“, „ემიგრანტის თეატრი“, „შორია საქართველომდე“, და ,,ერთი სიცოცხლე რომ მქონდეს კიდევ“.
ამჟამად ჩემს მეხუთე წიგნზე ვმუშაობ, სახელწოდებით „დღის სინათლე“, რომელსაც მალე იხილავს მკითხველი.

და კიდევ ერთი სიცოცხლე რომ გქონდეთ, ვინ იქნებოდით?

ისევ მირიან ზალოშვილი ვიქნებოდი – ხელოვანი ადამიანი ჩემი მეგობრებისთვის და  მკითხველისთვის. იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა შეგიძლია ადამიანი გააცინო, გაახალისო – ამასაც ხომ ოსტატობა უნდა?!

2015 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი ვარ. ჯერ კიდევ ახალგაზრდობის წლებში გავხდი კულტურის მუშაკთა, რესპუბლიკური და მაშინდელი საკავშირო კონკურსების ლაურეატი. დაჯილდოებული ვარ დიპლომებით და ოქროს სამკერდე ნიშნებით.

როგორი ხასიათისაა თქვენი ნოველები?

ძირითადად, ავტობიოგრაფიულია – გულახდილი საუბრები და ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც ჩემი ნოველების გმირებს გადახდათ თავს. ჩემს ნოველებში ბერძენ ხალხსაც ხშირად ვუხდი მადლობას თავშესაფრისა და დახმარებისთვის.

საქართველოში დაბრუნებას როდის აპირებთ?

საქართველოში დაბრუნებას რაც შეეხება: ხშირად მიფიქრია, აი, ეს თვეც დამთავრდება, ავიღებ ბილეთს და გავემგზავრები ჩემს მხარეში-მეთქი. ბიჭები სულ მეხვეწებიან, მამა, ჩამოდი, არ დაიღალე ემიგრაციაში ყოფნით?! იყავი ჩვენთანო… მხოლოდ უფროს შვილიშვილს – ლიკას ვიცნობ პირადად.

ჩვენს ხელისუფლებას ვეტყოდი: გამოიჩინონ გონიერება, შექმნან სამუშაო ადგილები და საშუალო ფენა დაასაქმონ, რომ ადამიანებს თავის სარჩენად უცხო ქვეყანაში არ უხდებოდეთ გადახვეწა. ქართველობას და ღირსებებს ნუ გვაკარგვინებენ! გული მწყდება, რომ ყველაფერი საუკეთესო და ღირებული უცხოელებზე გაიყიდა! ქართველ ხალხს არაფერი აღარ დაუტოვეს! მამაპაპური სახლიც და წარსულიც კი წაგვართვეს!

ბუნებით ოპტიმისტი ვარ! მაინც ჯიუტად მჯერა იმ ხელისუფლების და ახალგაზრდობის, რომელიც საქართველოში ძალიან მალე მოვა და ქართულ სულს არ ჩაკლავს თითოეულ ჩვენგანში!

ესაუბრა ქეთი კვირკველია

სცენები სპექტაკლიდან: „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ – მირიან ზალოშვილის მონაწილეობით.

კომენტარები
Загрузка...