ნინო დავითულიანი – ჰააგის საკრებულოს ქართველი დეპუტატი

ნიდერლანდების ქალაქ ჰააგის საკრებულოს 45 დეპუტატიდან ერთი ქართველია – 34 წლის ნინო დავითულიანი ახლახან  გამართულ ჰააგის საკრებულოს არჩევნებში პარტია GROEP DE MOS-ის სიის მე-4 ნომერი იყო. მისმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 16,9 პროცენტი მიიღო და ჰააგის საკრებულოში 8 ადგილი მოიპოვა, შესაბამისად, ნინო დეპუტატი გახდა. ნინო დავითულიანს ჩვენი კორესპონდენტი დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

ნინო, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკოსობა? რომელ უნივერსიტეტში სწავლობდით და რა განხრით?
როტერდამის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტის (Inholland Rotterdam) ბაკალავრიატი დავამთავრე იურისპრუდენციის განხრით. საკმაოდ პრინციპული და მიზანდასახული ადამიანი ვარ, თუ რაიმეს გაკეთება განვიზრახე, აუცილებლად განვახორიციელებ კიდეც; საქმეს ან საერთოდ არ დავიწყებ, ან თუ დავიწყე, მთელ ენერგიას ჩავდებ. სასამართლოშიც მიმუშავია მოსამართლის თანაშემწედ (Griffier), ასევე, საგადასახადოშიც, სადაც საჩივრების განმხილველი იურისტი ვიყავი. ამის მერე შინაგან საქმეთა სამინისტროში დავიწყე მუშაობა.
ყოველთვის მაინტერესებდა პოლიტიკა და მიმდინარე პროცესები, სულ რაღაცის შეცვლასა და გაუმჯობესებაზე ვფიქრობდი. ბოლოს მივხვდი, რომ ჩემი პოლიტიკაში ჩართვა გარდაუვალი იყო.

რამდენი ხანია, რაც ნიდერლანდებში ცხოვრობთ და რა იყო საქართველოდან თქვენი წასვლის მიზეზი?
20 წლის წინ, 14 წლის ასაკში მომიწია საქართველოდან წასვლა ნიდერლანდებში. ეს იყო ჩემი მშობლების გადაწყვეტილება, ჩემი ოჯახის არჩევანი.

გაგვაცანით თქვენი ოჯახის წევრები…
გავიზარდე საკმაოდ ტრადიციულ ოჯახში. დედაჩემი გურულია – დეა ჭკუასელი. მიყვარს ეს მხარე. ბებიაც და ბაბუაც დედის მხრიდან ორივე გურიიდან არიან წარმოშობით. მამაჩემი პროფესიით მუსიკოსია. მყავს და – ანა დავითულიანი, რომელიც  საოცრად ლამაზად ხატავს. იგი ჩემს მშობლებთან ერთად ცხოვრობს ჰააგაში.

სვანური გვარი გაქვთ, რა გაკავშირებთ სვანეთთან?
სვანურ-ლეჩხუმური გვარი მაქვს, მაგრამ თბილისელი ვარ – საბურთალოზე, ბახტრიონის ქუჩაზე გავიზარდე, პრაქტიკულად. სვანეთშიც და ლეჩხუმშიც დიდი სიამოვნებით წავიდოდი და ვნახავდი, დრო როცა მექნება, რადგან აქამდე ამის შესაძლებლობა არ მქონია.

ძალიან მიყვარდა ბებიასთან და დეიდასთან ყოფნა. ყველაზე ტკბილი ბებია მყავდა – ლილი ჭკუასელი-ტუღუში. ჩემს 8 წლის გოგონას ბებიის სახელი – ლილი დავარქვი. ჩემი მეუღლე – ერდინკ აკიოლი წარმოშობით აზერბაიჯანელი თურქია, მაგრამ ჰააგაშია გაზრდილი, იქაური მენტალობით.

ბავშვობის რაიმე მხიარულ მოგონებას ხომ არ გაგვიზიარებდით?
ბავშვობაში ბაბუაჩემის აგარაკზე მისაქციელში ვიკრიბებოდით დეიდაშვილ-ბიძაშვილები და ყველაზე ტკბილი მოგონებები ბავშვობის წლებიდან მომყვება; და-ძმებივით ვიზრდებოდით. ძალიან ლაღი და მხიარული ბავშვობა მქონდა. მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვცელქობდი. იმ პერიოდზე გიყვები, ტელეფონით რომ ეხუმრებოდნენ ხოლმე უფროსებს. ვიქნებოდი ასე 12-13 წლის, ტელეფონიდან ტელეფონზე ვრეკავდით, ვითომ თელასიდან ვიყავით. ტელეფონის კაბელებსაც კი ვაზომვინებდით ხალხს, რასაც მართლა აკეთებდნენ და როცა სიცილით ვეტყოდით, რომ ვიხუმრეთ, იწყებოდა ლანძღვა და ამას ჩვენი ჩაბჟირებული სიცილი ერთვოდა თან… ერთხელ მახსოვს, ერთ-ერთი ხუმრობის დროს „გიჟს“ გადავეყარეთ, რომელიც ისე გაგვიბრაზდა, რომ სახლშიც კი დაგვადგა. ძალიან შეგვეშინდა… ამის გამო მეგობრის მამამ საშინლად დაგვტუქსა.

რომელ სკოლაში სწავლობდით და როგორი მოსწავლე იყავით?
მეცხრე კლასამდე 62-ე სკოლაში ვსწავლობდი. მიხარია, რომ ამ სკოლის მოსწავლე ვიყავი და შესანიშნავი პედაგოგები მასწავლიდნენ. გამორჩეულად მიყვარდა ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ქალბატონი ლუიზა აფხაზავა. თითქმის ყველა საგანში (მათემატიკის გარდა) 5 მყავდა.

საქართველოში თუ ჩამოდიხართ ხოლმე?
პირველად 11 წლის შემდეგ, 2009-ში ჩამოვედი საქართველოში. სამწუხაროდ, უმეტესად ცუდ ამბებზე მიწევდა ჩამოსვლა – ვგულისხმობ ახლობელი ადამიანების დაკარგვასა და დანაკლისს; სამწუხაროდ, სამი დეიდაშვილი დავკარგე – ლაშა, ოთო და თეონა ბურჯანაძეები. დეიდაჩემი ყველაზე დიდი ტკივილის მატარებელი და, ამავე დროს, ყველაზე ძლიერი ქალია, ვისაც კი ვიცნობ.

დროდადრო, რა თქმა უნდა, დასასვენებლადაც ჩამოვდივარ ხოლმე.

მოდით, დავუბრუნდეთ პოლიტიკამდე მიმავალ თქვენს გზას – რთული იყო?
იყო რთული მომენტები, სამწუხაროდ, ყოველთვის მშვიდი განწყობით ვერ ვუძღვებოდი სწავლას და საქმიანობას. სტრესული ამბებიც გადახდა ჩვენს ოჯახს – საყვარელი ადამიანების ავადმყოფობა და გარდაცვალება. ასეთ პერიოდში მიჭირდა საქმისთვის გულის დადება, მაგრამ ვფიქრობდი იმასაც, რომ სწორედ მათ, ვინც დავკარგე, გაუხარდებოდათ ჩემი წარმატება. ღმერთის დახმარებით გადავლახე რთული მომენტები.

რას ფიქრობთ, ზოგადად, ქართველი ემიგრანტების დაბრუნებაზე, რომ მათ უცხოეთში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ სამშობლოს. ამაზე მუდმივად საუბრობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც. როგორც ვიცი, თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, ჰააგის უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნო, განსაკუთრებით, ემიგრანტებისგან მომდინარე პრობლემების მოგვარებაზე. კონკრეტულად, რა იქნება თქვენი საქმე?

ემიგრანტების თემას რაც შეეხება, ჯერ კიდევ საქართველოში არ ვეთანხმებოდი იმ ტენდენციას, რომ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური დაჯგუფებების წარმომადგენლები ქართულად არ საუბრობდნენ. ასე რომ, ყველაზე კარგად მესმის ჰოლანდიელების უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ჩამოსულ ემიგრანტთა ნაწილი არ ცდილობს ენის დაუფლებას. ამ პრობლემის მოგვარება ჩვენი პარტიის, „გრუპ დე მოსის“ პროგრამაში დევს. ვინც უარს იტყვის ენის შესწავლაზე, სოციალური დახმარება მოეხსნება. ყველაზე სწორ მიდგომად ადამიანებთან მუდმივი საუბარი და ტრენინგები მიმაჩნია.

რა თქმა უნდა, სასურველია ყველა ქართველი დაუბრუნდეს საქართველოს, მაგრამ დღევანდელი რეალობა ამის საშუალებას არ იძლევა. ტრაგედიად მიმაჩნია, რომ ამდენი ქართველია წასული საქართველოდან. კარგი იქნება, დაბრუნდეს, ვინც შეძლებს და ვინც ვერ შეძლებს დაბრუნებას, სადაც იმყოფება, იქიდან მაინც შეიტანოს თავისი წვლილი საქართველოს განვითარებაში.

თქვენზე ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული, ერთ დღესაც ნიდერლანდების მეფემ ჰააგის მერად დაგასახელოთ. რამდენად შესაძლებელია მოვლენების ასეთი განვითარება?
გამორიცხული არაფერია, რა თქმა უნდა, მაგრამ ამჟამად ვეცდები ჩემი, როგორც დეპუტატის, საქმიანობა წარმატებული იყოს.

რას ეტყოდით საქართველოს და ქართველ ემიგრანტებს?
ემიგრანტებს გამძლეობას ვუსურვებ და სრულიად საქართველოს ვეტყოდი იმას, რომ შრომისმოყვარეობა წარმატების საფუძველია და არცერთი სამსახური სათაკილო არ არის. დასანანია, რომ ამდენი ემიგრანტი ქალია საქართველოდან გასული სამუშაოდ.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები
Загрузка...