საეჭვო გულგრილობა – საუკუნის აღმოჩენა თაროზე რჩება!

2014 წელს ბერძენი არქეოლოგების მიერ ამფიპოლისის სამარხის აღმოჩენა მსოფლიოს მეცნიერების, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების განხილვის გრძელვადიანი თემა გახდა და ცოტაღა დააკლდა, REALITY SHOW-ში არ გადაზრდილიყო. მთავარი კითხვა: ხომ არ მიაგნეს ალექსანდრე მაკედონელის საფლავს? – ცოტა ხანში გაქარწყლდა, ამასთან ერთად, არქეოლოგიური ძვლების მეცნიერული გამოკვლევაც შეჩერდა…

2014 წლის ბოლოს საბერძნეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ამფიპოლისის არქოლოგიური გათხრების შედეგად ათასი ძვალი აღმოჩნდა. მაშინ 550 ძვლის გამოკვლევა მოესწრო და  დადგინდა, რომ ისინი ხუთ ადამიანს – ერთ ქალს (60 წლის), ორ მამაკაცს (30-30 წლის), პატარა ბავშვსა და დამწვარ მიცვალებულს ეკუთვნოდათ. გამოკვლევები ამ ეტაპზე გაიყინა ანუ 450 ძვალი გამოუკვლევი დარჩა.

წინა ხელისუფლების მინისტრმა კოსტა ტასულამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებდა ორწლიან ვალდებულებას, 236 000 ევროთი დაეფინანსებინა აღმოჩენილი ათასივე ძვლის  მეცნიერულ-ანთროპოლოგიური კვლევა, მაგრამ ეს ვალდებულება შარშან ზაფხულს ამოიწურა და თანაც ყოველგვარი წინგადადგმული ნაბიჯის გარეშე: საუკუნის აღმოჩენა – არქაული ძვლები, რომლებიც უამრავ კითხვას მოჰფენდა ნათელს, ამფიპოლისის მუზეუმში ყუთებშია ჩაკეტილი და უცნობია, როდის ან საერთოდ თუ მოხდება მათი გამოკვლევა.

ამფიპოლისის აკლდამის სამგანზომილებიანი რეკონსტრუქცია

ვფიქრობ, ეს ახალი მთავრობის „განზრახ დანაშაულია“, რადგან სწორედ მისი მოსვლის შემდეგ, 2015 წლის დასაწყისში იშვიათ არქეოლოგიურ ძეგლს სტატუს კვოს სტატუსი მიენიჭა. ამ ეჭვს მიძლიერებს ის ფაქტიც, რომ სულ რამდენიმე დღის წინ არქეოლოგთა წლიურ შემაჯამებელ კონფერენციაზე გეოლოგიის პროფესორმა გეორგიოს ცოკასისმა წარომოადგინა 2016 წლის დაზვერვის შედეგი, ამფიპოლისის შიგნით და გარეთ კიდევ ორი გორსამარხის აღმოჩენის ფაქტით, რაც სასწრაფო არქეოლოგიურ გათხრებს საჭიროებს, მაგრამ დღევანდელი მთავრობა ამ საკითხის მიმართაც გულგრილია, არადა, მეცნიერული გამოკვლევების განხორციელება-დასრულებამ მაკედონიის პრობლემა შეიძლება გადაჭრას. როგორ? – თუკი ეს ძვლები და სამარხები ალექსანდრე მაკედონელს ან მის მშობლებს უკავშირდება, მაშინ მაკედონია-სკოპიეს პრობლემასაც, თავისთავად, ბოლო მოეღება!!! მთავრობის გაუგონარი გულგრილობა კი ბევრ ეჭვს აჩენს…

***

ამფიპოლისი – ძველბერძნული პოლისია (ქალაქი), რომლის ნანგრევებიც თანამედროვე საბერძნეთის ერთ-ერთ ოლქში – ცენტრალურ მაკედონიაში მდებარეობს, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, ქალაქებს – თესალონიკსა და კავალას შორის.

ქალაქი ედონების თრაკიულ ტომს ეკუთვნოდა, თუმცა ჩვენს წ. აღ-მდე 437 წელს ათენმა ის დაიპყრო და თავის კოლონიად აქცია. ამფიპოლისის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამარხები მეფის აკლდამად მიიჩნევა: ყორღანზე დგას 5-მეტრიანი მარმარილოს ლომი, ხოლო სამკამერიან აკლდამაში, რომელსაც მონუმენტური შესასვლელი აქვს, აღმოჩენილია კარიატიდები, ძველი მოზაიკა, აგრეთვე, სამი პერიოდის – ძვ. წ. IV და II  და ახ.  წ. III საუკუნეების მონეტები ალექსანდრე მაკედონელის გამოსახულებით.

ამფიპოლისის აკლდამის მესამე კამერის მოზაიკა, რომელზეც პლუტონის მიერ პერსეფონეს მოტაცებაა გამოსახული

ვარაუდობდნენ, რომ შეიძლება აქ დამარხული ყოფილიყო ალექსანდრე მაკედონელის ცოლი როქსანა და მათი ვაჟი ალექსანდრე IV, ან კიდევ ალექსანდრეს ერთ-ერთი თანამებრძოლი, მხედართმთავარი და ზღვაოსანი ნეარქე  (გარდაიცვალა დაახლ. 312 წელს ჩვ. წ. აღ-მდე). ნეარქე, ამფიპოლისის მცხოვრები, ალექსანდრე მაკედონელის ბავშვობის მეგობარი და მისი ყველაზე ენერგიული თანამებრძოლი, ალექსანდრეს მთელ ფლოტს ხელმძღვანელობდა. არ გამორიცხავენ, აგრეთვე, რომ ეს ალექსანდრე მაკედონელის დედის – ოლიმპიადას (დაახლ. 375-316 წწ. ჩვ. წ. აღ-მდე) აკლდამა იყოს.

ია თულაშვილი

კომენტარები
Загрузка...