„ჩემი ცოლის დაქალების“ მანანა ბებო ემიგრანტ ქალებს მიმართავს

მალე „ჩემი ცოლის დაქალები“ კვლავ გავა ეთერში. მაყურებელი საყვარელ სატელევიზიო სერიალს პარასკევს, კვირას და ორშაბათს იხილავს. სიახლეებზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ „ჩემი ცოლის დაქალები“ რომ წარმოუდგენელია მანანა ბებოს გარეშე, რომლის როლსაც ქალბატონი მედეა ლორთქიფანიძე ასრულებს, ეს ცხადია. ვნახოთ, რას გვეტყვის ქალბატონი მედეა, იფიქრებდა კი, რომ ასე პოპულარული გახდებოდა? ეკრანზე მის კვლავ გამოჩენას ხომ არა მარტო საქართველოში, უცხოეთშიც მოუთმენლად ელოდებიან იქ მყოფი ქართველები… თუმცა საუბარს ცოტა შორიდან დავიწყებთ.

ქალბატონო მედეა, როგორც ვიცი, მამათქვენი რეჟისორი იყო, დედა – მსახიობი, ამდენად, თქვენი მსახიობობა გასაკვირი არ არის, მაგრამ მაინც გვიამბეთ, როგორ გახდით არტისტი?

მსახიობობა, მგონი, დაბადებიდან მინდოდა, რადგან, რაც თავი მახსოვს, სულ თეატრში ვიყავი. დედაჩემი და მამაჩემი ფოთის თეატრში მუშაობდნენ და მეც იქ გავიზარდე. მერე ქუთაისში ვიყავით, ბოლოს კი – გორში, მამაჩემი ბოლოს გორის თეატრში მუშაობდა.  სტუდენტობის დროს ინსტიტუტში თეატრალურ დრამწრეზე დავდიოდი და სპექტაკლებში ვთამაშობდი. მახსოვს, სპექტაკლში „ქრისტინე“ ქრისტინეს როლს ვანსახიერებდი, იასონის როლს კი რეზო მიშველაძე თამაშობდა. ამავე დროს, სახელმწიფო ანსამბლში ვცეკვავდი, ოლიმპადებზე დავდიოდი, მაგრამ ყოველთვის პროფესიულ თეატრზე ვოცნებობდი.

ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი რომ დავამთავრე, თბილისში წამოვედი, მაგრამ გვერდში არავინ დამიდგა, მხარი არავინ დამიჭირა, რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა, მშობლები კი უკვე გარდაცვლილი მყავდა: მამა 45 წლის ასაკში დამეღუპა, დედა – 41-ის. მეორადი ფაკულტეტი კი დავამთავრე, მაგრამ…

ბებიაჩემის დასთან ვცხოვრობდი, დავდიოდი ქუჩაში და ვნატრობდი, რა იქნება, ვინმემ მითხრას, არ გინდა თეატრში მოხვიდეო? ხუთი თვე ასე უგზო-უკვლოდ ვიარე თბილისში. ჩაწერილი არა ვარ, არსად ვმუშაობ, ბებიაჩემის დისაც მერიდება… სასმელ-საჭმელი არ გვაკლდა, მაგრამ მაინც უხერხულად ვგრძნობდი თავს. ერთ დღესაც ქუჩაში შემთხვევით ჯონი ჭავჭანიძე შემხვდა, არაჩვეულებრივი მსახიობი, რომელიც ქუთაისში მოღვაწეობდა, მერე ცოლი მოიყვანა და თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. მედიკო, იცი, რა, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სახალხო თეატრი ყალიბდება, სადაც კუკური მჟავანაძეა ხელმძღვანელი და წამოდიო, მითხრა. რას ვკარგავ-მეთქი, ვთქვი და წავედი. სანამ არ გავთხოვდი, მთელი ათი წელიწადი ვიყავი იმ თეატრში. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტშიც ჩავაბარე და თეატრის დასთან ერთად მთელი ევროპაც მოვიარე. ძალიან კარგ სპექტაკლებს ვთამაშობდით.

კუკური მჟავანაძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო, უბრწყინვალესი პიროვნება. „კიკვიძე“ რომ დავდგით, მასში ქალის საუკეთესო როლის შესრულებისათვის ოქროს მედლით დამაჯილდოეს. საერთოდ, სადაც კი წავედით, ყველგან  დიპლომი ავიღე. მთელი საბჭოთა კავშირი მოვიარეთ, მერე მის საზღვრებსაც გავცდით. მოსკოვში, მცირე თეატრშიც ვითამაშეთ, ვახტანგოვის თეატრშიც… გერმანია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი… – სად არ ვიყავით. მერე გავთხოვდი, ქალიშვილი შემეძინა, ჩემი ქმარი მაინცდამაინც დიდი წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ მითხრა, თეატრი შენ ახლა სახლშიც გაქვს და ბავშვი რომ წამოიზრდება, მერე გადიო. როცა გარდაიცვალა, თეატრი კი არა, მთელი თოთხმეტი წელი გარეთ გახედვა არ მინდოდა, ეზოშიც კი არ ჩავსულვარ, ისეთ დეპრესიაში ვიყავი…

საერთოდ კი, თეატრი ძალიან მიყვარდა, განსაკუთრებით ფოთის თეატრი.

რომელიმე კინოფილმშიც ხომ არ მიგიღიათ მონაწილეობა?

კი, „საბუდარელ ჭაბუკში“ ეპიზოდურ როლში ვარ გადაღებული. ფილმის გადაღებები ქუთაისსა და ზესტაფონის რაიონში იყო. ბელა მირიანაშვილი, სოსო ლაღიძე და სხვები ჩემ მეზობლად ცხოვრობდნენ. ერთ დღესაც მითხრეს, წამოდი ჩვენთან, ეპიზოდურ როლებში გადაგიღებთო და წავედი. ერთ ადგილას ჩემთვის ვდგავარ, მეორეგან კი ნაყინს ვჭამთ, ეს იყო და ეს…

აქვე არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ კინოსთან შედარებით სერიალი ენით აუწერელი შრომაა. ლიფონავას („ჩემი ცოლის დაქალების“ რეჟისორი გიორგი ლიფონავა – რედ.) რომ ვუყურებ, გაგიჟებული ვარ, არ ვიცი, ამ ბიჭს სული როგორ უდგას: არ ახსოვს არც საჭმელი, არც სასმელი, საერთოდ არაფერი, გარდა იმისა, რომ საქმე აკეთოს. ასჯერ, ათასჯერ გაგამეორებინებს რაღაცას, სანამ ისე არ გამოვა, როგორც უნდა…

თავიდან ძალიან მიჭირდა, ლამის ცუდად ვხდებოდი. როლი მეშლებოდა რომელია, რაღაც სიტყვას ამოვიჩემებდი, მივიდოდი ამ სიტყვასთან და ვჩერდებოდი. მერე თანდათან მივეჩვიე. ახლა როლს ვკითხულობ, იქვე ვსწავლობ და უფრო იოლად ვიღებთ.

კადრი „ჩემი ცოლის დაქალებიდან“

მითხრეს, რომ თქვენს გმირს საერთოდ არ ჰგავხართ

მე ჯერ არავის წავჩხუბებივარ ცხოვრებაში, ყველას სიკეთე მინდა გავუკეთო, რაღაც სიამოვნება მივანიჭო. არაჩვეულებრივი მეზობლები მყავს და ეს, იცით, რამხელა სიკეთეა! თავს ყოველთვის დაცულად გრძნობ და ბედნიერი ხარ. ახლობელი ვერ შეძლებს იმის გაკეთებას, რასაც კარგი მეზობელი გაგიკეთებს. რაც შეეხება ჩემს გმირს, არ ვიცი, ჰყავს თუ არა პროტოტიპი, მე ასეთს არავის ვიცნობ, ეს ქეთი დევდარიანმა იცის. და არა მარტო ეს, ამ ახალგაზრდა, „პატარა“ გოგომ დეტალურად იცის, ვის საიდან, რა კუთხით მიუდგეს და რანაირი როლი მისცეს, რა დაუწეროს.

კადრი „ჩემი ცოლის დაქალებიდან“

ბებია კი ხართქალბატონო  მედეა, მაგრამ დედამთილობის გამოცდილება არ გაქვთ

სიდედრობის გამოცდილება ხომ მაქვს?! ჩემი სიძისთვის არასოდეს მითქვამს, შოთიკო, გვერდზე გადაჯექი-მეთქი. ისე, სვანია (ყიფიანი), მაგრამ სვანობის არაფერი ეტყობა. ძალიან დინჯი და წყნარი ბიჭია. ჩემი შვილიც ასეთია – შორენა. ორი შვილი ჰყავთ, რატი და ნიცა. ძალიან ცელქი ბავშვები არიან.

შორენა რა პროფესიისაა?

ექიმი-ფსიქოლოგია.

მამის გზა გაუგრძელებია, თქვენი მეუღლე ხომ ცნობილი ექიმი იყო

ჩემი მეუღლე პროფესორი იყო, მეოთხე სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ოც წელზე მეტია, რაც გარდაიცვალა. პირველმა მან გააკეთა გულის მანკის ოპერაცია საქართველოში. თორმეტი კანდიდატი და ოთხი დოქტორი ჰყავს გაზრდილი.

თქვენ თუ იფიქრებდით, რომ ასეთი პოპულარული გახდებოდით?

ნამდვილად არა! ჩემთვის მთავარი იყო, სახლიდან გამოვსულიყავი. ერთხელ რომ გამოვედი, მერე უკვე სახლში ვეღარ ვჩერდებოდი. სერიალში რომ მივედი და ვიკითხე, რამდენი სერია იქნება-მეთქი, მითხრეს, თექვსმეტიო, მაგრამ მერე მომიმატეს და მომიმატეს. ახლა ქეთი დევდარიანს ვეუბნები ხოლმე, რა იქნება, მანანა ცოტა ხნით გაუშვი ჰოლანდიაში, თავის შვილთან-მეთქი. რაო, არ გინდაო? არ გამოვა ეგო. ეს სასიამოვნოა, გრძნობ, რომ საჭირო ხარ. ხომ შეიძლება თქვას: „არ გინდა? კი, ბატონო, წადი!“ – როცა გეუბნება, არ უნდა წახვიდეო, ეს გსიამოვნებს.

რა უნდა, საერთოდ, მსახიობს? ტაში და ტკბილი სიტყვა. ფულზე არასოდეს ფიქრობს, თუ თეატრი უყვარს. რომ ეთქვათ, უფასოდ ითამაშეო, არც დავფიქრდებოდი, მით უმეტეს, რომ დიდ პატივს გვცემენ: მანქანით მივყავართ, მოვყავართ, ესეც დაფასებაა…

ასე რომ, მსახიობები გაათამამეთ, ხალხო, ტაშით, იმით, რომ თეატრში მიხვიდეთ და სპექტაკლები ნახოთ – ამით ცოცხლობს მსახიობი, ეს არის მისი დიდი სიხარული…

ქუჩაში ვერ გამივლია, გჯერათ? პირველად გამიკვირდა, რომ დამინახავდნენ და იცინოდნენ, ვაიმე, რამე ცუდად ხომ არ მაცვია-მეთქი, ვფიქრობდი. ახლა პირიქით, ვიცნობ თუ არ ვიცნობ, ყველა მიცინის და მეც გამარჯობას ვეუბნები ყველას. ამ სიბერეში პოპულარული არა, მაგრამ ცნობადი გავხდი. უკვე ყველა მცნობს – ბაზარში, მაღაზიაში, ქუჩაში; უცხოეთიდანაც მირეკავენ, რაც ძალიან სასიამოვნო ფაქტია.

როგორც ვიციეკრანზე თქვენს გამოჩენას ახლაც მოუთმენლად ელიან უცხოეთში მცხოვრები ქართველები.

მეც უაღრესად დიდ პატივს ვცემ მათ. იქ, ძირითადად, ქალები  არიან – იძულებით წასული ქართველი ქალები, რათა ოჯახი არჩინონ. ქართველი ქალი  ყოველთვის ოჯახის ბურჯი და დედაბოძი იყო და არის. ამით მამაკაცების დამცირება კი არ მინდა, პირიქით: ისინი ცოტა დაჩაგრულები არიან, სამუშაო არ აქვთ, თავიანთი სპეციალობით ვერ მუშაობენ. გადაღებებზე ტაქსით მივდივარ ხოლმე და იცით, ტაქსის მძღოლი რამდენი ინჟინერი, რამდენი არქიტექტორი და მხატვარი შემხვდა, ვინც ცდილობს, რომ ასე არჩინოს ოჯახი, მაგრამ ყველას ხომ არ აქვს მანქანის შეძენის საშუალება?! ამიტომ ქალებმა იკისრეს ოჯახის შენახვის ვალდებულება. რომელ ქალს უნდა, ვიღაცას უაროს, სხვისი ნაგავი გადაყაროს?! ეს მათი იძულებითი სამუშაოა, მაგრამ ნუ გეშინიათ, გოგოებო, ყველაფერი კარგად იქნება!..

მინდა, ჩემს მანანას ვუთხრა ამერიკაში: მანანა, გენაცვალე, რამდენი წელია წასული ხარ მანდ და ყველაფერი გააკეთე, რომ შენი ოჯახი ფეხზე დაგეყენებინა. ასევე მინდა, ჩემს დეას ვუთხრა საბერძნეთში: დეა, შენ უგანათლებულესი, უკეთილშობილესი ადამიანი ხარ და ახლა მანდ სამზარეულოში რომ მუშაობ, ეს საცოდაობა არ არის?! თუმცა მე რომ შემეძლოს ახლა სადმე წასვლა, ახალგაზრდა რომ ვიყო, ნამდვილად წავიდოდი და ჩემს შვილს და შვილიშვილებს დავეხმარებოდი.

საქართველოში ბევრი უმუშევარია, ხელფასი არ გვყოფნის, პენსიით ცხოვრება ხომ შეუძლებელია… მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე მოვა დრო და ეს ხალხი  დაუბრუნდება თავიანთ ოჯახებს.  ცოტაც და, მგონი, ყველაფერი გამოსწორდება, ყველაფერი კარგად იქნება.

ყოჩაღ თქვენ, გოგოებო, გეხვევით, ძალიან დიდი მადლობა, რომ მირეკავთ და უყურებთ ჩემს სერიალს. იცი, რამდენი ვინმე მირეკავს? განსაკუთრებით საბერძნეთიდან: „ჩემი ცოლის დაქალებს“ ვუყურებთ და ძალიან კმაყოფილები ვართ, ქართულ არხს რომ დავიჭერთ, გვიხარია, თითქოს საქართველოში ვართო.

დიახ, ნამდვილად უნდა იფიქროთ, რომ  საქართველოში ხართ. ფიზიკურად არ ხართ, თორემ თქვენი გული, თქვენი სული ქართულია და ქართულ მიწას არასოდეს მოშორდება. გეხვევით, გკოცნით და მალე სამშობლოში დაბრუნებას გისურვებთ!

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები