საბერძნეთის გენშტაბის უფროსის შვეულმფრენი თურქულმა გამანადგურებლებმა შეავიწროეს

საბერძნეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განცხადება გააკეთა, რომელშიც 22 მარტს, საღამოს საათებში კუნძულ როდოსთან მომხდარი ინციდენტია აღწერილი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსი, თანმხლებ პირებთან ერთად, კუნძულ როდან როდოსის მიმართულებით შვეულმფრენით მიფრინავდა, როდესაც დალამანის თურქული სამხედრო-საჰაერო ბაზიდან ორი გამანადგურებელი F-16 აფრინდა შვეულმფრენისათვის ხელის შეშლის მიზნით. ინფორმაციის მიღებისთანავე საბერძნეთის საჰაერო ძალების გამანადგურებლები შვეულმფრენის დასაცავად გაემართნენ. შედეგად, თურქულმა თვითმფრინავებმა მალევე დატოვეს ბერძნული საჰაერო სივრცე და საბერძნეთის გენშტაბის უფროსის შვეულმფრენი მშვიდობიანად დაეშვა კუნძულ როდოსზე.

როგორც ცნობილია, თურქეთი ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ბერძნული კუნძულების ირგვლივ საბერძნეთის საჰაერო სივრცის საზღვრებს ეჭვქვეშ აყენებს. თურქეთის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია ე. წ. „შავი ხვრელების“ არსებობის შესახებ, თუმცა ბერძნები აღნიშნულ თემაზე მოლაპარაკების დაწყებას არ აპირებენ, რადგან ეს ავტომატურად გამოიწვევს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ეჭვქვეშ დაყენებას.

ამგვარი ინციდენტები სულ უფრო ზრდის შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეს, ეს ის ბეწვის ხიდია, რომელიც, ღმერთმა არ ქნას და, ერთხელაც შეიძლება ჩაწყდეს და გაუთვალისწინებელი შედეგები მოიტანოს.

კომენტარები
Загрузка...