პირველი საფორტეპიანო კონკურსი ნეა მუდანიაში

ერთი შეხედვით, რა უნდა იყოს განსაკუთრებული და საინტერესო საბავშვო საფორტეფიანო კონკურსში, მაგრამ ეს კონკურსი საბერძნეთში მართლაც გამორჩეულია: დავიწყოთ იმით, რომ მისი იდეის ავტორი და ორგანიზატორი ქართველი მუსიკის მასწავლებელი ზიზი ნასყიდაშვილია, რომლის თაოსნობითაც შუაგულ ელადაში – ნეა მუდანიაში (ხალკიდიკი) 12-13 აპრილს 6-17 წლის ასაკის ბავშვებისთვის გეორგია დამუზის სახელობის საფორტეპიანო კონკურსი გაიმართება. ღონისძიება სახალხო თეატრის შენობაში ხელოვნების, სიტყვისა და მეცნიერების UNESCO-ს ჯგუფის, საბერძნეთის INTERNATIONAL CULTURAL FEDERATION 21st CENTURY (ICF)-ს და თესალონიკის გენერალური საკონსულოს ეგიდითა და მხარდაჭერით მოეწყობა.

ზიზი ნასყიდაშვილი

კონკურსის სამხატვრო ხელმძღვანელის, ზიზი ნასყიდაშვილის თქმით, ამ ღონისძიებით მას საკუთარი პედაგოგის გახსენება და პატივის მიგება სურს, რადგან სწორედ ქალბატონი გეორგია დამუზის დამსახურებაა, რომ დღეს თავადაც მუსიკის მასწავლებელია. ცოდნით და სიკეთით სავსე ქალბატონ დამუზის უამრავი პროფესიონალი მუსიკოსი ჰყავს აღზრდილი და გზაზე დაყენებული და სიმბოლურია, რომ მოზარდთა საფორტეპიანო კონკურსი მის სახელს დაუკავშირდა.

კონკურსის მიზანია, 6-იდან 17 წლის ასაკის ბავშვებს მისცეს საშუალება, მსმენელისა და დამსახურებული ჟიურის წინაშე თამამად წარმოაჩინონ საკუთარი შრომით და ნიჭით მიღწეული შედეგი; აგრეთვე, პატარა პიანისტებს დაუსახოს მიზანი, არ შეწყვიტონ მცდელობა და ყოველთვის იბრძოლონ უკეთესი შედეგებისთვის. აუცილებელი არ არის, კონკურსანტი ვირტუოზი იყოს, მთავარია მონაწილეობის სურვილი გამოთქვას.

მეორე მნიშვნელოვანი დეტალი: საფორტეპიანო კონკურსში მონაწილეობა არა მარტო საბერძნეთსა და კვიპროსში მცხოვრებ, არამედ სხვა ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან) ჩამოსულ ბავშვებსაც შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილია, რომელიც საფორტეპიანო შესრულების თაყვანისმცემელთა ფავორიტია ამერიკასა და ევროპაში, აგრეთვე, იაპონიაში, ჩინეთსა და რუსეთში. თავად ვალერიან შიუკაშვილი მადლიერებას გამოხატავს საბერძნეთში მიწვევისთვის და აღნიშნავს, რომ ყოველთვის დიდი სურვილი ჰქონდა მოენახულებინა ეს უძველესი ქვეყანა, რომელსაც ისტორიულად და კულტურულად უამრავი ძაფი აკავშირებს საქართველოსთან. კონკურსის ორგანიზატორთა მიერ დაწესებული ჯილდოების გარდა ცნობილ პიანისტს თავადაც აქვს ჩამოტანილი პრიზი, რომელსაც თავის ფავორიტ კონკურსანტს გადასცემს.

დაბოლოს, კლასიკური მუსიკის მოყვარულთ ვაცნობებთ, რომ კონკურსის დასრულების შემდეგ, 14 აპრილს ვალერიან შიუკაშვილი თესალონიკის ფრანგული ინსტიტუტის დარბაზში სოლო კონცერტს გამართავს , ხოლო 15 აპრილს, 18 საათზე, ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიის“ მიწვევით, ისტორიულ კინოთეატრ „ალკიონიში“ დაატკბობს მუსიკის მოყვარულ საზოგადოებას საკუთარი უბადლო შესრულებით.

ია თულაშვილი

კომენტარები
Загрузка...