მსოფლიოპოლიტიკაკრიმინალი

საფრანგეთში ნიკოლა სარკოზი დააკავეს

დღეს დილით საფრანგეთში ნიკოლა სარკოზი დააკავეს 2007 წელს მისი სააარჩევნო კამპანიის  შესაძლო უკანონო დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით, – ამის თაობაზე ფრანგული გამოცემა BFM იუწყება.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად დაცვის ქვეშ იმყოფება ქალაქ ნანტერის (პარიზიდან 11 კმ-ის დაშორებით) ანტიკორუფციული სამსახურის შენობაში.

ნიკოლა სარკოზის დაკითხვას აწარმოებენ ლიბიიდან, მუამარ კადაფისგან მიღებული უკანონო სახსრების შესაძლო გამოყენების თაობაზე 2007 წელს მისი საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებში (მოგეხსენებათ, ამ არჩევნებში ნიკოლა სარკოზიმ გაიმარჯვა).

ფრანგული გაზეთის, Le Monde-ის ინფორმაციით, სარკოზი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე თავად გამოცხადდა და ის 48 საათის განმავლობაში იქნება დაკავებული, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი სამართალდამცველებს მოუწევთ გადაწყვიტონ, გაათავისუფლებენ ექსპრეზიდენტს თუ პატიმრობაში დატოვებენ. მიუხედავად იმისა, რომ სარკოზის საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე ძიება ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო, ეს პირველი შემთხვევაა, როცა გამომძიებლებმა თავად სარკოზი დაკითხეს.

2011 წელს ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის შვილმა საიფ ალ-ისლამმა განაცხადა, რომ მამამისმა სარკოზის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანია 50 მილიონი ევროთი დააფინანსა. 2012 წელს ფრანგული გამოცემები წერდნენ, რომ სარკოზის და კადაფის კავშირი ჰქონდათ, თუმცა ექსპრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფდა.

2011 წელსვე, მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ, საიტზე Mediapart  გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელიც მოწმობდა, რომ ლიბიის ხელისუფლებამ დიდი წვლილი შეიტანა 2007 წელს სარკოზის გამარჯვებაში. სარკოზის მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ, როგორც ამბობენ, მან ლიბიური სახსრები ნაღდი ფულის სახით მიიღო თავისი საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად.

„ლე მონდი“ ვარაუდობს, რომ პოლიციას ახალი, უფრო სერიოზული ხელმოსაჭიდი სამხილები გაუჩნდა, ვიდრე მანამდე ჰქონდა, რადგანაც ამ საქმეზე მუშაობის დაწყებიდან ამდენი ხნის შემდეგ პირველად დააკავა სარკოზი. თუმცა, ექსპერტების ვარაუდით, მაინც ძალიან ძნელი იქნება იმგვარი სამხილების მოპოვება და ბრალის დამტკიცება, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში ჩასვან.

ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტი იყო 2007 წლიდან 2012 წლამდე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close