სტამბოლის ქართველთა სავანე
სტამბოლის ქართველთა სავანე ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერაა, რომლის დამფუძნებელი იყო ახალციხელი მამა პეტრე ხარისჭირაშვილი. მან სტამბოლის უბანში – ფერიქოიში 1861 წელს ააშენა ეკლესია და დააფუძნა დედათა და მამათა მონასტრები. ქართულ კათოლიკურ ტაძარში წირვა–ლოცვა ქართულად აღევლინებოდა.
პეტრე ხარისჭირაშვილის დაუღალავი შრომის შედეგად ქართველთა სავანეში 1870 წლისათვის გაიხსნა ქართული სტამბა, შემდეგ კი ქართულ-ფრანგული, ქართულ-ბერძნული ქალთა და ვაჟთა სასწავლებლები.
სავანეში 1908 წელს დაარსდა აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკა, სადაც დღემდე დაცულია უნიკალური ქართული და უცხოური გამოცემები. წლების განმავლობაში აქ იგზავნებოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ემიგრანტული ლიტერატურა. ბიბლიოთეკაში 17 ენაზე გამოცემული წიგნები და ჟურნალ-გაზეთებია დაცული.
სავანის აღზრდილები არიან ცნობილი მეცნიერები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები: ივანე გვარამაძე, მიხეილ თამარაშვილი, მიხეილ თარხნიშვილი, შალვა ვარდიძე, პეტრე მერაბიშვილი და სხვები. სავანეს 1921 წლის მარტში თავი შეაფარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარგარეთ გახიზნულმა მთავრობამ.
დღეისათვის ტაძარში წირვა-ლოცვა თურქულ ენაზე აღევლინება, ტაძრის მეორე სართულზე კი კეთილმოწყობილი კაბინეტია გამოყოფილი სტამბოლში მცხოვრები ქართველებისათვის; აქ, ძირითადად, მართლმადიდებელი ქართველი ემიგრანტები იკრიბებიან, რომლებიც სტამბოლში სამუშაოდ არიან ჩასულები.
ეკლესიის ბიბლიოთეკის არქივში დაცულია უამრავი დოკუმენტი სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა ტაძრის შესახებ, რომლებსაც თურქეთში მოღვაწე მეცნიერმა მურად ქასაბმა მიაკვლია. დოკუმენტების უმეტესობა ოსმალურ ენაზეა დაწერილი.
1966 წელს ეკლესია-მონასტრის მოვლა-პატრონობისათვის შეიქმნა ფონდი, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს პავლე ზაზაძე. მისი გარდაცვალების შემდეგ კი სავანეს მემკვიდრეები, სიმონ და პავლე (პოლ) ზაზაძეები ჩაუდგნენ სათავეში.
მოამზადა გიორგი ჯანელიძემ
კომენტარები