რამდენად რეალურია ომი საბერძნეთსა და თურქეთს შორის?

ბოლო დროს საბერძნეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები იმდენად გამწვავდა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი სვამს კითხვას: ხომ არ გადაიზრდება დაძაბულობა ომში? ამ თემაზე საუბარი ხშირად მიმდინარეობს ათენშიც. მართალია ხელისუფლება არ იმჩნევს, რომ სიტუაცია რთულია, მაგრამ ომის შესაძლებლობაზე უკვე არა მარტო უბრალო მოქალაქეები, არამედ ანალიტიკოსებიც საუბრობენ. მაგალითად, ათენის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა პატივცემულმა პროფესორმა, რომელიც გეოპოლიტიკის საკითხების კვლევითაა დაკავებული, სტუდენტებთან საუბრისას თავდაჯერებით განაცხადა, რომ კონფლიქტი აუცილებლად მოხდება, თუმცა მას სათანადო არგუმენტები არ წარმოუდგენია. ამდენად, ძნელი სათქმელია, იგი შინაგან ინტუიციას ეყრდნობა, თუ იცის რაღაც, რაც ამის თქმის საფუძველს აძლევს. პროფესორს მისივე კოლეგა არ ეთანხმება და ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ასეთი კრიზისული ვითარება არაერთხელ შექმნილა, მაგრამ ომამდე საქმე არ მისულა და არც ამჯერადაც უნდა ველოდოთ კონფლიქტის ესკალაციას.

Daily Express-ის ფოტოკოლაჟი

რამდენადაც საკითხი აქტუალურია, ვცადოთ მასში გარკვევა. მაშ ასე:

რატომ გამწვავდა ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის?

ცხადია, რომ ესკალაცია საბერძნეთის ბრალი არაა. ბერძნებს საამისო მიზეზი არ აქვთ. სამაგიეროდ სხვაგვარადაა საქმე ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. გასულ წელს რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა რეფერენდუმის გზით თურქეთის კონსტიტუციის შეცვლა მოახერხა. ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გზით არჩევა მოხდება და მას მნიშვნელოვანი უფლებამოსილება მიენიჭება. თურქეთი, რომელიც აქამდე საპარლამენტო რესპუბლიკა იყო, საპრეზიდენტო რესპუბლიკად გადაიქცევა.

ცხადია, ერდოღანმა ეს ცვლილება სათავისოდ განახორციელა. მისი მიზანია, გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი ფართო უფლებებით და სრულიად დამოუკიდებელი, შეუზღუდავი პოლიტიკა აწარმოოს. როგორი იქნება ეს პოლიტიკა, ეს ცალკე საკითხია. ერდოღანი არაპროგნოზირებად პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. რამდენიმე წლის წინათ მას ისლამისტად მოიხსენიებდნენ. მართლაც, ერდოღანი აქტიურად ცდილობდა რელიგიის შემოტანას პოლიტიკაში და ამით ძირს უთხრიდა ქემალისტური საერო თურქეთის საფუძვლებს. დამახასიათებელია მისი ერთ-ერთი გამოსვლა, რომლის დროსაც მან თქვა შემდეგი სიტყვები: „როდესაც ადამიანი მოკვდება, ღმერთი მას ჰკითხავს, რისი სწამდა და არა იმას, თუ რომელ ტომს მიეკუთვნებოდა“.

დღეს ამ მხრივ სხვაგვარი მდგომარეობაა. ერდოღანი რადიკალი ნაციონალისტების ტერმინოლოგიას იყენებს და გამოსვლებისას პატრიოტულ მოწოდებებს აკეთებს. მათ შორის უცხოეთში მცხოვრები თურქებიც არ ავიწყდება. ასეთი ცვლილება ადვილი ასახსნელია. რეფერენდუმის შედეგებმა აჩვენა, რომ მას გაუჭირდება არჩევნების მოგება. ახალ კონსტიტუციას მხარი ამომრჩევლების მხოლოდ 51-მა პროცენტმა დაუჭირა. ამდენად, ერდოღანს ნაციონალისტურად განწყობილი ამომრჩევლების მხარდაჭერა სჭირდება – ამიტომაც გააფორმა ალიანსი ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარესთან, დევლეთ ბაჰჩელისთან.

საკუთრივ, ბაჰჩელის პარტია გახლეჩილია. ერთ-ერთმა ლიდერმა, მერალ აქშენერმა გასულ წელს პარტია დატოვა და ახალი პოლიტიკური გაერთიანება შექმნა, რომელსაც უცნაური სახელი – „კარგი პარტია“ დაარქვა. ქალბატონ მერალს სურს, თურქეთის პირველი პრეზიდენტი ქალი გახდეს. აქშენერს ნაციონალისტურად განწყობილ ამომრჩევლებში სერიოზული მხარდაჭერა აქვს, რაც ერდოღანს აშინებს.

მერალ აქშენერი

ახალი კონსტიტუცია 2019 წელს შედის ძალაში, მაგრამ ერდოღანს მოვლენების დაჩქარება შეუძლია. თუკი გადადგება, საპრეზიდენტო არჩევნები წელსვე შეიძლება ჩატარდეს  და როგორც ჩანს, იგი სწორედ ამას აპირებს. თურქეთის ეკონომიკა კრიზისშია და თუ ეს პროცესი გაგრძელდა, გაისად ერდოღანის პოპულარობა მნიშვნელოვნად შემცირდება, ამიტომაც ყურადღების გადატანას იგი საგარეო აქტიურობით ცდილობს. სირიაში ჯარების შეყვანა და საბერძნეთთან ურთიერთობის დაძაბვაც სწორედ ერდოღანის ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება.

ყოველივე ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ სერიოზული არაფერია: პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ერდოღანი დამშვიდდება და დასავლეთში თავისი შელახული იმიჯის აღდგენას შეეცდება. ამდენად, საბერძნეთთან კრიზისიც ისევე უცებ ჩაივლის, როგორც უცებ დაიწყო.

სინამდვილეში საქმე არც ისე მარტივადაა: თუკი ერდოღანი დაინახავს, რომ არჩევნებს ვერ იგებს, შესაძლოა ბოლო მომენტში მცირე მასშტაბის წარმატებული კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს. ამავე დროს, საგულისხმოა, რომ თურქეთის პრეზიდენტი ხშირად ახსენებს 1923 წლის ლოზანის ხელშეკრულებას, რომლის გადახედვასაც მოითხოვს. ერთი მხრივ, ეს უცნაური აჩემებაა, რადგან ლოზანის ხელშეკრულება მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებაა და თურქეთს მისი გადახედვა არ შეუძლია. თუმცა საბერძნეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, ცხადია, ახალი მოლაპარაკებების დაწყება გახდება საჭირო. თუკი თურქეთი მოლაპარაკების მაგიდას სამხედრო წარმატების შემდეგ მიუჯდება, მას სამშვიდობო პირობების კარნახის საშუალება მიეცემა. ამჯერად უკვე ბუნებრივად დადგება ლოზანის ხელშეკრულების გადასინჯვის საკითხი. ცხადია, თურქეთის სასარგებლოდ. რევიზიის მთავარი საგანი, სავარაუდოდ, ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს მდებარე ბერძნული კუნძულები გახდება.

რაც არ უნდა მოხდეს, ნებისმიერ შემთხვევაში, კონფლიქტი მცირე მასშტაბის იქნება და მხარეები ერთმანეთის სტრატეგიული ობიექტების დაზიანებას შეეცდებიან. მაგალითად, ენერგეტიკული ობიექტების. ქალაქების დაბომბვა გამორიცხულია. ცხადია, ეს უკიდურესი სცენარია და ნაკლებად მოსალოდნელიც. იმედია, მხარეები კეთილგონიერებას გამოიჩენენ და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. ამავე დროს, დაძაბულობის არსებობა თავისთავად არის საშიში. საკმარისია უნებურად მოხდეს რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რომელიც მხარეებს უკან დახევის საშუალებას არ მისცემს, რომ კონფლიქტი რეალობად იქცეს. შესაბამისად, ახლა მთავარი ურთიერთობების ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებაა და ეს საკითხი უსწრაფესად უნდა მოგვარდეს.

ალექსი დავითაშვილი, ისტორიკოსი

კომენტარები
Загрузка...