„საქართველო არის ნიჭიერი ადამიანების სასაკლაო“, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი თანაშემწე ათენიდან

„საქართველოს ხელისუფლებას მინდა ვუთხრა, რომ დროა ადგილები და სკამები დაუთმონ პროგრესულ აობასიმ ადამიანებს, ვისაც ნამდვილად სტკივაავისი სამშობლო… ქარველ ემიგრანტებს კი მინდა ვუსურვო გამძლეობა და ჯანმრთელობა“, – ამბობს ათენში მცხოვრები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი თანაშემწე მამუკა ლიპარტელიანი ინტერვიუში, რომელიც ჩვენმა კორესპონდენტმა ჩაწერა. 

მამუკა, რამდენი ხანია, რაც საბერძნეთში იმყოფებით?

18 წელია, რაც ათენში ჩამოვედი საცხოვრებლად.

ალბათ, როგორც ემიგრანტთა უმრავლესობა, თქვენც სამუშაოდ წახვედით, არა?

არა, სამუშაოდ არ წავსულვარ, ვმუშაობდი ტელევიზიაში, პირველი არხზე (რომელიც ახლა ,,საზოგადოებრივი მაუწყებელია“). პუბლიცისტური გადაცემა მქონდა – სიმართლე რომ გითხრათ, სამსახურიდან მივლინებით მომიხდა წამოსვლა საბერძნეთში. ეს ჩემი პირველი ვიზიტი იყო ამ ქვეყანაში. გადავიღე 2-3 ქართველი ემიგრანტი, იმდენად მომეწონა საბერძნეთი, რომ დაბრუნებიდან ერთ თვეში გადავწყვიტე, ათენში გადმოვსულიყავი საცხოვრებლად. ასე დაიწყო ჩემი ბერძნული ცხოვრება.

რას საქმიანობდით პირველ არხზე?

ვიყავი მუსიკალური გადაცემების ავტორი და წამყვანი, უფრო კონკრეტულად, ეს გადაცემები იყო: ,,მუსიკალური იმპულსი“, ,,ვიქტორია“ და სატელევიზიო მუსიკალური სალონი „ბალანჩინი“; ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი მინისტრის თანაშემწის პოზიციაზე.

რა პროფესიის ხართ?

თეატრალური ინსტიტუტი დავამთავრე. პროფესიით მსახიობი ვარ. შემდეგ ვისწავლე ტვ და მასობრივი ღონისძიებების მართვის სისტემა – პროდიუსინგ მენეჯმენტი…

ამჟამად რას საქმიანობთ, რით ხართ დაკავებული?

ამჟამად ათენში ვარ ,,ბერძნულ-ქართული კულტურული ურთიერთობების განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, რომელიც 5 წლის წინ ჩემი ორგანიზებით დაფუძნდა. ასევე ვარ Georgian World Music Company-ს მთავარი ივენთ მენეჯერი.

ბევრი ქართველი მოღვაწეობს ათენში, რას იტყვით ქართველებზე, რომლებთანაც ურთიერთობა გიწევთ?

არაჩვეულებრივად ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, ვთანამშრომლობ მათთან.

როგორია მამუკა ლიპარტელიანის ერთი სამუშაო დღე? 

ჩემი სამუშაო დღე იწყება დილის 9 საათზე და მთავრდება შუაღამით, 1-2 საათზე.
მთელი დღის განმავლობაში მაქვს შეხვედრები ბერძნული შოუბიზნესის წარმომადგენლებთან, მსახიობებთან, მენეჯერებთან, თეატრის მესვეურებთან… ძირითადად, შეხვედრები მაქვს ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე – ჩვენ ხომ ყველაზე მასშტაბურ და შემეცნებით პროექტებს ვახორციელებთ ათენის ქართულ დიასპორაში.

რას იტყოდით იმ ფაქტზე, რომ ქართველი ემიგრანტების ერთი ნაწილი პროტესტს უცხადებს დათო ხუჯაძეს და არ სურს, რომ იგი ათენში ჩამოვიდეს კონცერტის გასამართად (მოგეხსენებათ მისი განცხადება „თავისუფალ სივრცეში“, რომ – პერიფრაზს ვაკეთებ – „პუტინს ჩვენთვის აფხაზეთი არ წაურთმევია და მას ისეთი რამის დაბრუნებას ვთხოვთ, რაც არ წაურთმევია“). თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?

პოლიტიკურად ანგაჟირებულთა ერთი ნაწილია, ვინც ასეთ დიდი მნიშვნელობას ანიჭებს დათოს განცხადებას. ის პოლიტიკური ფიგურა არ არის და, ამდენად, ჩემთვის არასერიოზულია მისი ასეთი განცხადება. ეს ვნებათაღელვაც მალე ჩაცხრება.

რა ღონისძიების ჩატარებას გეგმავთ უახლოეს მომავალში?

15 აპრილს დაგეგმილი გვაქვს მერაბ სეფაშვილის და ბერძენი ვარსკვლავის, ლეფტერის ფანტაზის კონცერტი ბერძნულ-ქართული თანამეგობრობის ფორმატში. პროგრამა შემეცნებითი ხასიათისაა.

მამუკა ლიპარტელიანი, ლეფტერის ფანტაზი და სოფია სარიდი

თავისუფალ დროს რას აკეთებთ?

თავისუფალ დროს ვცდილობ, მარტო ვიყო და ფეხით ვისეირნო. იმდენ ადამიანს ვხვდები, შეხვედრებიდან გამომდინარე, მარტოობა თუნდაც ერთი-ორი საათით დიდი კომფორტია ჩემთვის.

ცოტა რომანტიკოსიც ხართ?

ჩემი აზრით, უფრო პრაგმატული ვარ.

კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით და მიღწევებით? რას აპირებთ მომავალში?

მეტ-ნაკლებად. საინტერესოდ ვცხოვრობ… ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ვიზრდებოდი ბიძინა კვერნაძის, სულიკო კოროშინაძის, ლილი გეგელიას, ეთერ კაკულიას, მედეა ჯაფარიძის, საშა იოსელიანის, დოდო ჭიჭინაძის გვერდით. ეს ადამიანები ის ლეგენდები არიან, რომლებთანაც თუნდაც 10-წუთიანი შეხება, საუბარი მთელი ცხოვრება მიგყვება. ასე რომ, საოცრად ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება მომავალ გეგმას: ალბათ გავაგრძელებ ამ ჩემს საქმიანობას და რაღაც ეტაპზე წიგნის წერას დავიწყებ…

რა წიგნის?

ეს ჩემი პირველი წიგნი იქნება, სათაურით ,,ჩემი გზა“. ალბათ მალე დავიწყებ ამ წიგნზე მუშაობას საქართველოში.

სათაურიდან გამომდინარე, ალბათ თქვენს ცხოვრებასა და საქმიანობაზე იქნება, ხომ?

დიახ, ჩემ შესახებ, ჩემს საქმიანობაზე, ცხოვრებაზე… ასევე მასში იქნება იმ ადამიანთა ისტორიები, დოკუმენტური ფაქტები, რომელთა თანამონაწილეც მე ვიყავი.

რომელიმე ისტორიულ-დოკუმენტური ფაქტი მეც გამიზიარეთ, მინდა ვიმოგზაურო თქვენთან ერთად ძველ დროში.

სიამოვნებით: ერთ დღესაც მინისტრ თენგიზ გაზდელიანის მისაღებში შევდივარ და ვხედავ ქალბატონს, რომელსაც აცვია გრძელი შავი ატლასის კაბა, შავი მოსასხამი და ახურავს დიდი შლაპა პირბადით. რა თქმა უნდა, ვერ მივხვდი, ვინ იყო. ჩემს ოთახში რომ შევდიოდი, ერთი შევხედე სახეზე და თვალში საცემი იყო მისი ულამაზესი სახე, წითელპომადიანი ტუჩები. რომ წავიდა, ვკითხე ჩემს თანამშრომლებს, ვინ იყო ის ქალი-მეთქი…

– ვერ იცანით? დოდო ჭიჭინაძე იყოო. გავოგნდი და ვიკითხე, აქ რატომ იყო მოსული-მეთქი?

– დახმარებას ითხოვდაო…

ის თითქმის ყოველ მეორე დღეს მოდიოდა სამინისტროში. მე ვიყავი უბედნიერესი ადამიანი ყოველ მის მოსვლაზე. რა თქმა უნდა, ყავას ვსვამდით ერთად, ბევრს მესაუბრებოდა. უფრო სწორად, ის ჩაის სვამდა… ჩემ თვალწინ კადრებივით გადიოდა ის ძველი ფილმები, რომლებშიც მონაწილეობდა. წუხდა ერთ რამეზე: მე აქ არ უნდა დავდიოდე და ფულად დახმარებას და მედიკამენტებს არ უნდა ვითხოვდეო. ძალიან გული მწყდებოდა ამ ფაქტზე. მაშინ ვიფიქრე ერთი ის, რომ ქუჩაში დადის ცოცხალი კინოლეგენდა, ცოცხალი მემატიანე ქართული კინემატოგრაფიის, ულამაზესი მსახიობი… ვიფიქრე, ნეტა შემეძლოს, ეს ადამიანი უკვდავი გავხადო-მეთქი. უმაგრესი ადამიანი იყო… ისევე, როგორც მედეა ჯაფარიძე: როცა მას შევხვდი, ენით აუწერელი სილამაზის არსება იდგა ჩემ წინ. თვალებიდან დღესაც არ ამომდის მათი სილამაზე.

ვიცი, რომ დაოჯახებული არ ხართ. საქართველოში გელოდებიან ოჯახის წევრები?

მელოდებიან ჩემი მშობლები, დისშვილები და მეგობრები, მაგრამ თუ დაბრუნებაზე მეკითხებით… ვერ გეტყვით, მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

მსგავსი ჰონორარი, როგორიც საბერძნეთში გაქვთ, საქართველოში რომ შემოგთავაზონ, დაბრუნდებით?

არა მგონია, რადგან სადაც არ უნდა იყო, კომფორტულად უნდა გრძნობდე თავს. საბერძნეთი არის ქვეყანა, სადაც მე თავს კარგად ვგრძნობ: სახელმწიფო გაფასებს, ზრუნავს შენზე, ქვეყანაში პოზიტივია, ხალხი დილით გაღიმებული გხვდება და მშვიდობიან დილას გისურვებს; შრომა გიფასდება და… საერთოდ, აქ ცხოვრობ…

ზოგადად, როგორი ხალხია ბერძნები, თქვენი თვალთახედვით?

ბერძენები თბილი, ყურადღებიანი ხალხია. უყვართ სტუმარი… მე მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა ამ ხალხზე, ამ ერზე: მათ მიიღეს ათიათასობით ქართველი და მისცეს საშუალება, გამოეკვებათ თავიანთი ოჯახები… არაჩვეულებრივი ხალხია ბერძნები.

თქვენი აზრით, რით განსხვავდებიან ბერძენი და ქართველი ქალები ერთმანეთისგან? 

ქართველებს უფრო ლამაზი ქალები გვყავს.

დღესაც იმავე პრობლემის წინაშე ვდგავართ, როგორიც წლების წინათ იყო: უმუშევრობა არის  ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც ქართველების უცხოეთში წასვლას განაპირობებს. რას ფიქრობთ, ნუთუ საქართველოში არ არის საკმარისი რესურსი? თუ აქ მყოფი ქართველები ვერ ახდენენ  საკუთარი თავის რეალიზებას და ასეთი უუნაროები არიან, მაშინ რატომაა, რომ ისინი უცხო ქვეყანაში წარმატებას აღწევენ?

ვერ გეტყვით, ალბათ სახელმწიფო პოლიტიკაა არასწორი… მიგრაცია გაორმაგდა ბოლო წლებში, უმუშევრობა, შიმშილი, სიღატაკე 21-ე საუკუნის საქართველოში, ვიზალიბერალიზაცია და მოსახლეობის ისტერიული გადინება ქვეყნიდან და თავშესაფრის მოთხოვნა ევროპის ქვეყნებში… მესმის მათი და ლოგიკურიცაა, რომ თავშესაფარს ითხოვენ. რაც შეეხება საქართველოს, ეს არის ნიჭიერი ადამიანების სასაკლაო: ვერ წარმოიდგენთ, რა რესურსია საზღვარგარეთ წასული საქართველოდან, უმაგრესი ნიჭიერი პროგრესული ახალი თაობაა ემიგრაციაში, მაგრამ სანამ ეს მთავრობა იქნება, ვერასდროს ეშველება საქართველოს.

რას ეტყოდით საქართველოს და ქართველ ემიგრანტებს?

საქართველოს ხელისუფლებას მინდა ვუთხრა, რომ დროა ადგილები და სკამები დაუთმონ პროგრესულ თაობას, იმ ადამიანებს, ვისაც ნამდვილად სტკივა თავისი სამშობლო, გზა დაუთმეთ ახალ თაობას!!!
ჩემს ქართველ ემიგრანტებს კი მინდა ვუსურვო გამძლეობა და ჯანმრთელობა.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები