ბერძნული ბანკების შეთავაზება ვადაგადაცილებული სესხების მქონე კლიენტებს

საბერძნეთში დაახლოებით 400 ათას ადამიანს აქვს ვადაგადაცილებული საბანკო ვალდებულებები, რომლებიც ე. წ. უიმედო ვალების კატეგორიას მიეკუთვნება. საუბარია გარანტიის გარეშე გაცემულ საყოფაცხოვრებო სესხებზე. ასეთი სახის კლიენტებისთვის ბანკებს საინტერესო შეთავაზება აქვთ.

ბერძნული ბანკები იწყებენ მსესხებლებისთვის ბოლო გაფრთხილების გაგზავნას და სთავაზობენ ნასესხები თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოწერას იმ პირობით, რომ დარჩენილ ვალს ისინი ერთიანად დაფარავენ. ჩამოიწერება საწყისი სესხის დაახლოებით 70 პროცენტი, ზოგიერთ შემთხვევაში კი უფრო მეტიც. სანაცვლოდ მსესხებელმა დანარჩენი თანხა ერთიანად უნდა გადაიხადოს, ანუ განვადების პრინციპი აღარ იმოქმედებს.

თუკი მევალეები ბანკის წინადადებას არ მიიღებენ, მათ ვალებს სპეციალური ფონდები შეისყიდიან და მსესხებელს უკვე მათთან ექნება საქმე. ასეთი ფონდები, როგორც ჩანს, გამოძებნიან საშუალებას თანხა ამოიღონ, თანაც, სავარაუდოდ, სრულად. ამდენად, ბანკების ამჟამინდელი შეთავაზება ალბათ მისაღები უნდა იყოს.

კომენტარები
Загрузка...