გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეიტინგის თანახმად, რომელიც 14 მარტს გამოქვეყნდა, ფინეთი ყველაზე „ბედნიერი ქვეყანაა“. ფინეთი წინა რეიტინგში მე-5 ადგილზე იყო, წლეულს კი პირველობა არავის დაუთმო და წინა რეიტინგის ლიდერი, ნორვეგია მეორე ადგილზე ჩამოაქვეითა.
„ყველაზე ბედნიერი“ ქვეყნების რეიტინგში 156 სახელმწიფოს შორის საქართველომ 128-ე ადგილი დაიკავა.
10 „ყველაზე ბედნიერი“ ქვეყნის სია ასე გამოიყურება: ფინეთი, ნორვეგია, დანია, ისლანდია, შვეიცარია, ჰოლანდია, კანადა, ახალი ზელანდია, შვედეთი და ავსტრალია.
გაეროს მოხსენებაში 156 ქვეყანაში არსებული მდგომარეობაა გაანალიზებული 2015-2017 წლებში მათი მაჩვენებლების მიხედვით, როგორიცაა: მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური დახმარება, არჩევანის თავისუფლება, აქტიური, ჯანმრთელი ცხოვრების ხანგრძლივობა, კორუფციის არარსებობა.
საუკეთესო მაჩვენებელი 10 ქულა იყო, საქართველომ 4.340 ქულა დააგროვა და წინა, 2008-2010 წლების მაჩვენებელთან შედარებით მდგომარეობა 0.317 ქულით გაიუმჯობესა.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რეიტინგში სომხეთი საქართველოს გვერდითაა, რუსეთი 59-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი – 87-ეზე, ხოლო თურქეთი – 74-ე პოზიციაზე.
საბერძნეთი გაეროს მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში 79-ე ადგილზეა.
კომენტარები