ევროკავშირი ვიზების გაცემის წესებს ცვლის და მთლიანად ელექტრონულ პროცედურაზე გადასვლას გეგმავს

ევროკომისიამ დღეს პრესრელიზი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირი ვიზების გაცემის წესებს ცვლის, უპირველესად, უსაფრთხოების გაძლიერებისათვის; ამასთანავე, რეფორმის მიზანია შემცირდეს ტურისტული და  საქმიანი ვიზების გაცემის ვადები და პროცედურა გამარტივდეს, – ამის შესახებ მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა.

ევროკომისიის ახალი ინიციატივის ამოქმედების შედეგად ვიზების გაცემის ვადა 15-იდან 10 დღემდე შემცირდება. ამავე დროს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩასვლის მსურველებს სავიზო განაცხადის შევსება გამგზავრებამდე 6 თვით ადრე შეეძლებათ (დღეს ეს ვადა 3 თვეს არ აღემატება), თანაც აპლიკაციის შევსება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება: რეფორმის შედეგად ევროკავშირის მრავალჯერადი ვიზის ვადა 1-იდან 5 წლამდე გაიზრდება და მისი მიღება უფრო მარტივი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში დიდი ხანია მოგზაურობენ და დარღვევები არ აქვთ.

კიდევ ერთი პუნქტი მოკლევადიანი ვიზების გამარტივებული წესით გაცემას ითვალისწინებს, კერძოდ, ტურისტებს შვიდდღიანი ვიზების მიღება ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყნების სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე შეეძლებათ. მსგავსი ვიზა მოგზაურებს საშუალებას მისცემს, შვიდი დღე დაყონ მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომელმაც აღნიშნული ვიზა გასცა.

ევროკომისიის ახალი ინიციატივით, სავიზო მოსაკრებელი 25 პროცენტით გაიზრდება და მოგზაურებს 60 ევროს ნაცვლად 80 ევროს გადახდა მოუწევთ.

სავიზო კოდექსის ცვლილებები ასევე მოიცავს ახალი, უფრო მკაცრი მექანიზმის ამოქმედებას და ვიზების მიღებაზე უფრო მკაცრი პირობების დაწესებას იმ პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირთან არ თანამშრომლობენ არალეგალური მიგრანტების რეადმისიის კუთხით.

ევროკომისიის ინიციატივას სავიზო რეჟიმის რეფორმის თაობაზე გაზაფხულზე კიდევ ერთი ინიციატივა მოჰყვება:  მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ევროკომისია ვიზების საინფორმაციო სისტემის გადახედვის პროექტს წარადგენს, 2018 წლის ბოლომდე კი ევროპარლამენტთან და წევრ სახელმწიფოებთან დიალოგის დაწყებას გეგმავს, რათა ვიზების გაცემის პროცედურა სრულად ელექტრონული გახდეს.

კომენტარები
Загрузка...