ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ქართული ოჯახური კვარტეტი მოსკოვში, რომელსაც საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია აქვს

საქართველოს ყველაზე დიდი ემიგრაცია რუსეთში ჰყავს – ეს ცნობილი ფაქტია. ბევრი შემოქმედი ადამიანი წავიდა ამ ქვეყანაში, იქ იპოვა თავისი გზა და აიწყო ცხოვრება. განსაკუთრებით დიდი ბაზარია რუსეთი მუსიკოსებისთვის და ისინი უფრო ადვილად ახერხებენ იქ თავის დამკვიდრებას. მომღერლები – თეიმურაზ და ელიზა ბოჯგუებიც უკვე 25 წელია მოსკოვში ცხოვრობენ. თავიდან დუეტში მღეროდნენ, შემდეგ ორი ვაჟიშვილიც შეუერთდათ და მათი დუეტი კვარტეტად გარდაიქმნა.

თეიმურაზ, ელიზა, სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი?

თეიმურაზი: ერთმანეთი თბილისში გავიცანით, თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობდით და…

ელიზა: შენ კი არ სწავლობდი,ზოგჯერ მოდიოდი ხოლმე (იცინის)…

თეიმურაზი: კი, ნამდვილად ასე იყო… მე მესამე კურსზე ვიყავი, ლიზა – პირველზე. ჯერ კიდევ მაშინ შემოგვთავაზეს, ერთად გვემღერა დუეტში. მუსიკალურ სკოლაში ჩვენი პედაგოგი იყო ციცინო ციცქიშვილი, იქ შევხვდით პირველად მე და ელიზა. ამის მერე, 25 წელია ერთად ვმღერით და ახლა უკვე ჩვენი შვილებიც ჩვენთან ერთად მღერიან.

თქვენი ერთერთი სიმღერა ალო, ალო ტაქსი ძალიან პოპულარული იყო ჩემს ბავშვობაში. საქართველოში დაწყებული კარიერა რუსეთში გააგრძელეთ…

დიახ, 25 წელია, რაც მოსკოვში ვცხოვრობთ, ვშრომობთ. ბევრი მეგობარი გვყავს,  ევროპელებს ვაცნობთ ქართულ კულტურას, სიმღერასა და ხელოვნებას, რაც დიდ სიხარულს გვანიჭებს.

თქვენი სიმღერების ტექსტსა და მუსიკას ვინ წერს?

ელიზა: ჩვენი მთავარი კომპოზიტორი თეიმურაზ ბოჯგუაა, მაგრამ ამასობაში ჩვენი ბიჭებიც წამოიზარდნენ და ისინიც მონაწილეობენ მუსიკის შექმნაში, თავად აკეთებენ არანჟირებასაც. ამ ბოლო დროს რასაც ვაკეთებთ, ოჯახის ერთობლიობის შედეგია, რაც, ვფიქრობთ, ჩანს კიდეც ჩვენს სიმღერებში.

თეიმურაზი: ბევრი მეგობარი გვყავს, გვაქვს ჩვენი სტუდია, სადაც სიმღერებს ვწერ, შეძლებისდაგვარად, ვისაც შეგვიძლია, ვეხმარებით.

თქვენი შვილები გაგვაცანით, თუ შეიძლება…

ლიზა: უფროსი – ნიკოლოზი 23 წლისაა, ახლა ირლანდიაშია, დუბლინში სწავლობს. მანამდე მოსკოვში დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტი და ამის მერე დაუბრუნდა მუსიკას – ლამაზ ელექტრონულ მუსიკას ქმნის. ხოლო ვასო (ვასილი) 22 წლისაა, ის სულ მღეროდა; ლონდონში სწავლობდა ერთი წელი. ვასიკო გადაცემა „ანა-ბანაში“ იყო მოწვეული რუსეთიდან, როგორც ემიგრანტი. 11 წლის იყო მაშინ.

ნიკოლოზ ბოჯგუა

უცხო ქვეყანაში მუსიკალური კარიერის შექმნა არ იყო რთული? 

თეიმურაზი: 1993 წელს დაიწყო ჩვენი მოგზაურობა: კონკურსზე „ЯлтаМоскватранзит“ პირველი ადგილი ავიღე. ამის მერე იყო კიდევ სამი ფესტივალი: „Славянский базар“ ვიტებსკში, ბელარუსში, ერთ-ერთი – ბალტიისპირეთში, ყველგან სულ პირველ ადგილზე გავდიოდი. და ბოლო კონცერტი კი იყო „Золотой шлягер“, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ბელარუსში, რომელზეც გრანპრი ავიღე. ამ კონკურსებსა და კონცერტებს ჰქონდა დადებითი ის, რომ ფულადი პრიზები იყო, მაგრამ კარიერის შექმნაში ხელს ვერ გიწყობდა.

ელიზა: ამ დროს მე სახლში ვიყავი ბავშვებთან და „იავნანას“ ვუმღეროდი.

თეიმურაზი: „ნანაია ნანა სქუა“ (ღიღინებს)…

საქართველოში ხშირად გიწევთ ჩამოსვლა? როგორც ვიცი, სამეგრელოში ატარებთ კონცერტებს…

ელიზა: „რა თქმა უნდა, სამარგალოში ვატარებთ მაგარ მარგალურ კონცერტებს. მარტო სამეგრელო გველოდება… ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

თეიმურაზი: ხობის ფესტივალზე გამოვედით – ამისთვის დიდი მადლობა ბატონ გოდერძი ბუკიას. ყოველთვის სირთულეებს უკავშირდება ახლის შექმნა და დაწყება, მაგრამ პირველივე ფესტივალიდან გვერდში ვედექით. ბევრი ლამაზი სიმღერა შეიქმნა მეგრულად და ქართულად ამ ფესტივალისთვის.

ამის მერე ჩავატარეთ საქველმოქმედო კონცერტი სამეგრელოში, რომელსაც ერქვა „ორი წელიწადი სიყვარულის გზებით“; კერძოდ, მარტვილში, სენაკში, წალენჯიხაში, ხობში; 2 წელი ვატარებდით. ეს ჩვენი იდეა იყო.

ზოგჯერ კონცერტების ორგანიზებაში ის ადამიანებიც გვეხმარებოდნენ, რომლებიც თვლიან, რომ საჭიროა მომავლის იმედი და რაღაცა ახლის შექმნა.


ელიზა:
პერიოდულად ჩამოვდივართ იუბილეებზე, ქორწილებში გვიწვევენ, ასევე, მშობლების სანახავად. თეიმურაზის დედას 85 წელი უსრულდება, აგერ, მამაჩემს – 80 წელი. საიუბილეო წელია, ჩამოვალთ და ჩავეხუტებით ჩვენს საქართველოს და მშობლებს.

თეიმურაზი: თუ ყველაფერი კარგად წავიდა, წელსაც გვინდა სამეგრელოში ჩავატაროთ ფესტივალი, გვირეკავენ ბათუმიდანაც.

ელიზა: თეიმურაზი იდეებითაა აღსავსე, პირველად მესმის მეც ახლა ამ ფესტივალის შესახებ…

თეიმურაზი: გვინდა წელს საქართველოში გადავიღოთ კლიპი, სიმღერის სახელწოდებაა „,ქართული სული“.

რას ეტყოდით ქართველ ემიგრანტებს?

ელიზა: ქართული ნუ გავიწყდებათ, შვილებს შეაყვარეთ საკუთარი ენა და კულტურა!

თეიმურაზი: რა თქმა უნდა, ქართველობა არ დაგვავიწყდეს! ქართველობა ნამდვილად საამაყოა!

ესაუბრა ქეთი კვირკველია

მოუსმინეთ 11 წლის ვასიკო ბოჯგუას მიერ შესრულებულ სიმღერას – „საქართველო“ გადაცემა „ანა-ბანაში“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close