პრემიერ-მინისტრ ციპრასის უპრეცედენტო გადაწყვეტილება – საბერძნეთი ფეხბურთის გარეშე რჩება?

12 მარტს სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საბერძნეთის მთავრობის საგანგებო სხდომა, რომლის მთავარი თემა წინა დღით თესალონიკში საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტი იყო. შეგახსენებთ, რომ მსაჯის მოქმედებით უკმაყოფილო „პაოკის“ პრეზიდენტი ივან სავიდისი მოედანზე შეიჭრა. მას თან ცეცხლასროლი იარაღი ჰქონდა და მსაჯს მოკვლით ემუქრებოდა.

საბერძნეთის მთავრობამ საბერძნეთის საფეხბურთო ჩემპიონატის უვადოდ შეწყვეტის შესახებ უპრეცედენტო გადადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი მზადაა, შესაბამისი პოლიტიკური ფასი გადაიხადოს, რადგან აღარ სურს დაუშვას იმ ქაოსური სიტუაციის გაგრძელება, რასაც ბერძნულ ფეხბურთში აქვს ადგილი. გადაწყვეტილების შესახებ მედიას სპორტის მინისტრის მოადგილემ გიორგოს ვასილიადისმა ამცნო.

მთავრობის გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასეს ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილე საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელებმა. მათი აზრით, ეს იგივეა, თავის ტკივილის მოსარჩენად ადამიანის თავი მოაჭრა.

ჯერჯერობით უცნობია რას მოიმოქმედებს საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცია. უეფამ უკვე დაგმო მომხდარი ძალადობა და საბერძნეთის საფეხბურთო მინდვრებზე წესრიგის დამყარება მოითხოვა. ამავე დროს, ჯერ არ ვიცით, როგორ შეაფასებენ ევროპის ფეხბურთის მესვეურები ციპრასის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

კომენტარები
Загрузка...