ფსიქოლოგია

რას მიგანიშნებთ ფერი, რომელსაც ირჩევთ

არსებობს უძველესი ასტროფსიქოლოგიური ტესტი, რომლის დახმარებითაც ადამიანები ჯერ კიდევ საუკუნეების წინათ იღებდნენ სწორ გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ სიტუაციაში.

როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ეს უძველესი ტესტი კონკრეტულ მომენტში კონკრეტულ ადამიანზე კონკრეტული პლანეტის ზემოქმედების თავისებურებებს ეფუძნება. ორთოდოქსი მეცნიერებიც კი არ უარყოფენ, რომ ადამიანზე უშუალოდ მოქმედებენ პლანეტების ვიბრაციები. ზემოქმედებას ახდენენ პიროვნების ფსიქიკაზე, ემოციათა სიმძაფრეზე, განწყობაზე. თითოეულ პლანეტას თავისი ფერი აქვს – წითლიდან (მარსი) დაწყებული, იასამნისფრით (სატურნი) დამთავრებული (მოგეხსენებათ, ჩვენი პლანეტა – დედამიწა ცისფერია).

ამა თუ იმ ფერის ინტუიციური არჩევანი სულაც არ არის შემთხვევითი. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ჩვენი ქვეცნობიერი გონებაზე გაცილებით უფრო „ჭკვიანია“. იგი მუდმივ ძიებაშია, ისე რომ ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ. მეხსიერებაში შემთხვევითი ფაქტორების მთელი კოლექცია აღიბეჭდება. ბევრი რამ, წესით, ნამდვილად არ უნდა გვახსოვდეს. ტვინი ინტუიციურად აჯამებს და ერთიმეორეს უპირისპირებს ამ გიგანტურ ინფორმაციას, ეძებს მათ შორის მიზეზშედეგობრივ კავშირს. მეტიც, ჩვენს ცხოვრებაში ნებისმიერ მნიშვნელოვან მოვლენას წინ მთელი რიგი წვრილმანი ფაქტორი უძღვის. ქვეცნობიერი „იჭერს“ ამ მოვლენათა ვიბრაციებს და ამიტომაც ძალუძს გამოიცნოს, რა მიმართულებით ვითარდება ყველაფერი, რა არის მოსალოდნელი საბოლოო ჯამში.

პლანეტა სატურნი

ფერთან დაკავშირებული უძველესი ასტროფსიქოლოგიური ტესტი ადამიანის გონების სწორედ ამ თვისებაზეა აგებული. ხელი თავისთავად ისწრაფვის შესაბამისი ფერისკენ – უპირატესობას ერთ-ერთ მათგანს ანიჭებს. ამ არჩევანში შემთხვევითობა არაფერ შუაშია, რადგან მას (არჩევანს) ინტუიცია, ჩვენი ქვეცნობიერი განაგებს.

იმისათვის, რომ ეს ტესტი პრაქტიკულად გამოიყენოთ, სხვადასხვა ფერის ქაღალდებისგან ერთნაირი ზომის და ფორმის ფიგურები გამოჭერით, გააბნიეთ მაგიდაზე და, თვალდახუჭულმა, ერთი ცალი აირჩიეთ. მანამდე კი კონკრეტულად ჩამოაყალიბეთ თქვენი შეკითხვა იმ თემის ირგვლივ, რომელიც გაინტერესებთ.

აირჩიეთ ფერი? ძალიან კარგი. ახლა უკვე ნახეთ, რაზე მიგანიშნებთ თქვენი არჩევანი.

წითელი

წითელი აქტიური მოქმედების ფერია. თითქოს ზეციდან გკარნახობენ: „წინ, გამარჯვებისკენ!“ დიახ, შესაძლოა ჩანაფიქრი მართლაც ასრულდეს, თუმცა მიზნის მისაღწევად რისკზე წასვლა და საქმიანობის სწრაფად წარმართვა დაგჭირდებათ.

წითელი მარსის ფერია და ამიტომ თავის თავში სახიფათო ქმედებებსაც გულისხმობს. გაფრთხილებთ კიდეც, უფრო სწორად მიგანიშნებთ, რომ ბრძოლა მოგიწევთ. შესაძლოა აგრესიულობასა და არაკეთილსაიმედო დამოკიდებულებებთან მოგიწიოთ შეჯახება. თუ თქვენს მიერ დასმული შეკითხვა ლაკონურ პასუხს – „დიახ“ ან „არა“ – გულისხმობდა, ფერი ამაზე აშკარად მიგითითებთ.

მოკლედ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩანაფიქრის ასრულების დიდი შანსი გაქვთ, მაგრამ რისკზე წასვლაა საჭირო, რომელიც წაგების, დამარცხების ალბათობასაც არ გამორიცხავს.

მწვანე

მწვანე ფერი განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომლებსაც თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობა აფიქრებთ. თუ ავად იყავით (ან ხართ) და თქვენი შეკითხვაც ამ საკითხს შეეხება, მწვანე გპასუხობთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საერთოდ კი, ეს ფერი შინაგან ძალას მატებს ადამიანს და წარმატებული მოქმედებისკენ უბიძგებს. ის იმაზეც მეტყველებს, რომ შექმნილ მდგომარეობაში ბევრი ახალი, უკეთესი პოტენციური შესაძლებლობა გექნებათ.

მწვანე ფერი იმის საშუალებას გაძლევთ, რომ იოლად გადალახოთ ყოფიერების სიმძიმე და მინიმალური დანაკარგებით განვლოთ თქვენი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდიც კი. მაგრამ ნურც მის რჩევას დაივიწყებთ: უფრთხილდით სიზარმაცეს, დაუდევრობას, გულმავიწყობას – ამ ყველაფერმა შესაძლოა ცუდად იმოქმედოს თქვენს საქმიანობაზე.

ცისფერი

ცისფერი ყველაზე მეტად შეყვარებულებს გაახარებთ, რომლებიც სიყვარულთან დაკავშირებულ საკითხებზე ელიან პასუხს. ცისფერი ვენერას ფერია, იგი გრძნობათა გაძლიერებასა და რჩეულთან ჰარმონიულ ურთიერთობას წინასწარმეტყველებს. ვენერა ორ ახლობელ ადამიანს შორის წარმოქმნილ კონფლიქტს ანეიტრალებს, გზას უკვალავს ურთიერთგაგებასა და თანასწორუფლებიანობას.

ცისფერი ოცნებების ასრულების, სასიყვარულო წრის შეკვრის ფერია. ის არც საქმიან ასპექტში გაგიცრუებთ იმედებს, რადგან წარმატების ფერიცაა და იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი სამუშაო დადებით ემოციებს გპირდებათ, ოპტიმისტურად განგაწყობთ. იმ სასიკეთო ცხოვრებისეული ფონის გაუარესება, რომელსაც ცისფერი გპირდებათ, მხოლოდ ეგოიზმს, სიხარბეს და ცბიერებას შეუძლია.

ნარინჯისფერი

ნარინჯისფერი ბედნიერი ადამიანების წილხვედრია. მზის ფერი თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელ კარგ ამინდზე მიგანიშნებთ. დროა, დაიბრუნოთ ოპტიმიზმი, ცხოვრების ხალისი და აღმაფრენა. ერთი სიტყვით, ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ თქვენი სასიცოცხლო ტონუსი უმაღლეს საფეხურზე აღმოჩნდეს.

ნარინჯისფერი მოგიწოდებთ, რომ საკუთარ ლიდერობაზე გააკეთოთ აქცენტი. შეეცადოთ, თავად მართოთ სიტუაცია, მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ. თქვენ ამისთვის შესაძლებლობების მრავალფეროვანი სპექტრი გაქვთ. ეს ფერი იმის შესახებაც გაფრთხილებთ, რომ საჭიროა მოერიდოთ პატივმოყვარეობას, გადაჭარბებულ სიამაყეს, ამპარტავნობას. ამ შემთხვევაში ფორტუნა აუცილებლად თქვენს მხარეზე იქნება – სასურველ შედეგს მიიღებთ და თავს ბედნიერად იგრძნობთ.

ლურჯი

ლურჯი ასევე დადებითი ფერია. მის მფლობელს იუპიტერი ნებისმიერი სადავო საკითხის სამართლიან გადაჭრას ჰპირდება. ყველაზე კონფლიქტურ სიტუაციაშიც კი გამოსავალს აუცილებლად იპოვით. გარწმუნებთ, ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ ჩანაფიქრის განხორციელებისას წარმატებას მიაღწიოთ. მფარველობას ვინმე ძლიერი პიროვნება გაგიწევთ. მაგრამ იუპიტერი გაფრთხილებთ კიდეც: ნაკლები ამპარტავნობა! და საკუთარი „მეს“ გადაჭარბებული სიყვარული გამორიცხეთ. ეგოიზმს შეუძლია თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი უარესობისკენ შეცვალოს.

ყვითელი

ყვითელი ფერი მიგანიშნებთ, რომ ამჟამად თქვენს ბედისწერაზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს პლანეტა მერკური, რომლისგანაც არც ისე ცოტა სარგებელს უნდა ელოდოთ. მერკური უზრუნველყოფს სასარგებლო ნაცნობობას, სასიამოვნო ურთიერთობებს, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებას. ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, რომელიც ახალი შესაძლებლობების სწორად და გონივრულად გადაწყვეტაში დაგეხმარებათ; ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ, ძალიან რომ გჭირდებათ.

ვინსენტ ვან გოგი

ყვითელი დინამიკური ცხოვრების ფერია, მაგრამ ის გაფრთხილებთ კიდეც: შესაძლოა ზიანი მოგაყენოთ სიცრუემ და ცილისწამებამ, რადგან თქვენს ზურგს უკან ბევრს ჭორაობენ და ინტრიგათა ქსელს ქსოვენ. ნუ აჰყვებით ჭორებს!

იისფერი

იისფერი სატურნის ანარეკლია. თქვენს შეკითხვაზე ის მკაცრად გპასუხობთ: „არა!“ ჯერჯერობით არ არსებობს საჭირო პირობები იმისათვის, რომ ოცნება აისრულოთ. მიზნის მისაღწევად გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი მარცხით დასრულდება. რაც უფრო იაქტიურებთ, მით უფრო უარეს შედეგს უნდა ელოდოთ. მომავალი საფრთხის წინასწარ განჭვრეტას კი შეუძლია ნაწილობრივ მაინც გაანეიტრალოს ნეგატიური შედეგი. იისფერი მარტოობის, დანაკარგების, სულიერი დისკომფორტის ფერია. ნუ შეეცდებით სიტუაციასთან შებრძოლებას, ამით მხოლოდ საკუთარ თავს მიაყენებთ ზიანს.

ცხოვრებისეული წარუმატებლობა მუდმივი არ არის. მას თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს, ამიტომ უმჯობესია, თუ უსიტყვოდ, ზედმეტი ხმაურის გარეშე გაუმკლავდებით მას. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გახსოვდეთ, რომ ღამეში ყველაზე დიდი წყვდიადი განთიადის წინ ჩამოწვება ხოლმე.

შავი

შავი ფერი კატეგორიულად გპასუხობთ, რომ ჩანაფიქრი არ აგისრულდებათ. მიიღეთ ეს პასუხი, როგორც აკრძალვა ნებისმიერ მნიშვნელოვან ქმედებასთან, ნოვაციასთან, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ისევე, როგორც იისფერი, შავიც მოთმინებისა და ცხოვრების უკეთესი პერიოდის მოლოდინისკენ მიგითითებთ. ის გაფრთხილებთ, რომ მიზნისკენ მიმავალი ყველა გზა ჩაკეტილია. ამ ფერის დევიზია – ლოდინი და უკეთესი მომავლის იმედი.

თეთრი

თეთრიც საკმაოდ კატეგორიული ფერია, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ პასუხი დადებითია. პლანეტები ირწმუნებიან, რომ ნებისმიერი წინააღმდეგობის დაძლევა ძალუძთ. თქვენ მიერ ამ პერიოდში წამოწყებული ნებისმიერი საქმე გრანდიოზული გამარჯვებით დასრულდება. არც სიყვარულში ჩანს დაბრკოლებები და არც კარიერულ წინსვლაში. ჩაიფიქრეთ? – მაშ, დაიწყეთ მოქმედება! წარმატება გარანტირებულია. ბედისწერა გზას გიხსნით – საითაც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან დიდ მხარდაჭერას იგრძნობთ.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close