ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

„ემიგრანტობა მძიმე ჯვარია, რომლის ზიდვა ყველას არ შეუძლია“

ჩვენი კოლეგა, ჟურნალისტი ლალი დავითულიანი უკვე ექვსი წელია იტალიაში იმყოფება. მის შესახებ კარგა ხანს არაფერი ვიცოდით; ერთ დღესაც შევიტყვეთ, რომ ლალი, როგორც თვითნასწავლი მხატვარი, რეჯო კალაბრიაში პერსონალური გამოფენისთვის ემზადებოდა (იტალიაში წასვლამდე ლალიმ პერსონალური გამოფენა მოაწყო თბილისში და მისმა ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა მოწონება დაიმსახურა). იგი ახლა მილანში – დიზაინისა და მოდის ქალაქში ცხოვრობს და მერიის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში ეუფლება ვიტრაჟის ტექნოლოგიას, თუმცა სანამ აქამდე მოვიდოდა, მეტად რთული გზა გაიარა.

„საქართველოდან რაც წამოვიღე – ეს სახატავი ფუნჯები, საღებავები და ფურცლები იყო. თითქმის სამი წელი საქართველოში არავისთან მქონდა შეხება, მხოლოდ ოჯახის წევრებს და რამდენიმე მეგობარს ვეხმიანებოდი. არ მინდოდა ჩემი ასეთი ცხოვრების შესახებ ვინმეს გაეგო. ან რა უნდა მომეყოლა – რომ მციოდა, მშიოდა, ფული არ მქონდა და გული მტკიოდა?!..“ – ამბობს იგი და თავის ექვსწლიან ემიგრანტულ ცხოვრებაში ახლა უკვე გულახდილად „გვამოგზაურებს“.

ლალი, რამდენიმე წლის წინათ მოულოდნელად აღმოჩნდი ევროპაში, ალბათ ძნელი იყო უცხო გარემოსთან ადაპტირება…

ექვსი წლის წინათ მართლაც მოულოდნელად  დავტოვე საქართველო და  ევროპაში, კერძოდ, იტალიაში ჩამოვედი. აქ დავიწყე ახალი ცხოვრება. თავიდან ბევრი სიძნელის გადალახვა მომიწია, მხოლოდ ორი სიტყვა – „პრონტო“(pronto)  და „ჩაო“(ciao) ვიცოდი იტალიურად. პირველად რომში ვიყავი, მერე სიცილიაზე, კერძოდ, ქალაქ კატანიაში ვიმუშავე ერთი თვე, შემდეგ ისევ რომში დავბრუნდი და დავიწყე სამუშაოს ძებნა. თითქმის ერთი წელი ასე დავდიოდი მთელ იტალიაში – ერთი თვე ვმუშაობდი, სამი თვე უმუშევარი ვიყავი და აღებულ ხელფასს ვიზოგავდი. ასე წვალებით მოვახერხე ადაპტირება, შევეჩვიე იტალიურ ცხოვრებას და ემიგრანტის მძიმე ტვირთის ზიდვას.

არცერთ სამსახურს არ ვთაკილობდი, რადგან აქ არავინ გამოგიწვდის დახმარების ხელს, ფეხზე არავინ წამოგაყენებს, მით უმეტეს, ფინანსურად, რადგან ყველას უჭირს და თავადაც უამრავი პრობლემა აქვთ.

სამწუხაროდ, იტალიაში არავინ დამხვედრია და არც არავის უზრუნია ჩემზე. აქ რომ დავმკვიდრებულიყავი, ამისთვის ვიბრძოდი და გასაჭირში უფალიც არ მტოვებდა. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ  როცა ერთი ევროც კი აღარ მქონდა, სწორედ მაშინ გამომიჩნდებოდა სამუშაო. ყოველთვის მჯეროდა, რომ უფალი არ მიმატოვებდა და, ამდენი წამებისა და გაჭირვების მიუხედავად, სასოწარკვეთილებაში არასოდეს ჩავვარდნილვარ, ყოველთვის ჩემს მიზანს ვაყენებდი წინ და თავს შევუძახებდი: „ლალი, აბა, როგორ გინდა?! გინდა გახდე დიზაინერი და შენი ოცნება აიხდინო? ამიტომ ყველაფრისთვის მზად იყავი!“ – და ისევ ენერგიულად ვიწყებდი ბრძოლას დამკვიდრებისთვის. ამასობაში გადავსერე იტალია სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე და კიდეც გავიდა ერთი წელი.

ამ ჩემს მძიმე ხვედრს ხატვა მიმსუბუქებდა. საქართველოდან რაც წამოვიღე – ეს სახატავი ფუნჯები, საღებავები და ფურცლები იყო. თითქმის სამი წელი საქართველოში არავისთან მქონდა შეხება, მხოლოდ ოჯახის წევრებს და რამდენიმე მეგობარს ვეხმიანებოდი. არ მინდოდა ჩემი ასეთი ცხოვრების შესახებ ვინმეს გაეგო. ან რა უნდა მომეყოლა?! რომ მციოდა, მშიოდა, ფული არ მქონდა და გული მტკიოდა?!..

ერთ-ერთი მიზეზი კი მაინც ის იყო, რომ არ მინდოდა, დავბრუნებულიყავი საქართველოში, არ მინდოდა, მიმეტოვებინა ჩემი მიზანი – ჩემი მომავალი ხელოვნებაში, რისთვისაც დიდი მსხვერპლი გავიღე: შევწირე კარიერა, დავტოვე მეგობრები, ოჯახი, ნათესავები და ადამიანები, რომლებსაც ვჭირდებოდი. პირველად ვფიქრობდი, რომ მათ ვუღალატე, მაგრამ არა! – ეს იყო სწრაფვა წარმატებისაკენ, რასაც, სამწუხაროდ, საქართველო ვერ მომცემდა…

დღეს რა ხდება? როგორ ფიქრობ, სწორად მოიქეცი, საქართველოს გარეთ ცხოვრება რომ გადაწყვიტე?

დღევანდელი გადასახედიდან მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცი. ვინც კარგად მიცნობს, იცის ჩემი ოპტიმისტური ხასიათი და მათაც სჯერათ, რომ მივაღწევ იმას, რაც მიზნად დავისახე, რა თქმა უნდა, უფლის შემწეობით. მოხდა ისე, რომ, ჩემდა ბედად, ერთ წელიწადში გამოვიდა  კანონი „სანატორია“, რამაც საშუალება მომცა, იტალიაში დავრჩენილიყავი. ლეგალიზაციის მერე შემეძლო სწავლა და, რაც მთავარია, ევროპაში თავისუფლად მოგზაურობაც.

ახლა, როგორც ვიცი, მილანში ხარ…

დიახ, ახლა მილანში ვცხოვრობ და ვიტრაჟის ტექნოლოგიას ვეუფლები მილანის მერიის დახელოვნების უმაღლეს სკოლაში (ჩვენთან მეორად ფაკულტეტად ითვლება, ან მაგისტრატურად).

იტალიური სახელოვნებო სკოლა ცნობილია მთელ მსოფლიოში. ჩემთან სწავლობენ სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულები, რომლებიც მეორე ფაკულტეტად ირჩევენ სხვადასხვა განხრას და ხელოვნებაში წინ მიიწევენ.

რეჯო კალაბრიაში ორჯერ მივიღე მონაწილეობა გამოფენაში იტალიელ მხატვრებთან ერთად. დაახლოებით 30 ნახატი გავყიდე. ორი რომში, ადვოკატების ოჯახშია, ერთი – ამერიკაში, დანარჩენები – რეჯო კალაბრიაში. გარდა ამისა, მონაწილეობა მივიღე საქველმოქმედო კონკურსში, სადაც ჩემი ნახატი გაიყიდა და იქიდან შემოსული თანხა ინვალიდი ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხა.

საქართველოში ამდენს ვერ მოვახერხებდი, რადგან ხელისუფლების ცვლას ყოველთვის მოსდევს ქვეყნის განვითარების შეჩერება, ხშირ შემთხვევაში, უკუღმა სვლა და თუ რამის გაკეთება გინდა, შენც ხელი გეშლება. ვფიქრობ, ამასობაში მე მაინც ბევრი გავაკეთე – დრო ტყუილად არ დამიკარგავს.

იტალიაში, როგორც ვიცი, ბევრი ქართველია, ერთმანეთთან ურთიერთობას თუ ახერხებთ?

კი, იტალიაში ძალიან ბევრნი ვართ ქართველები. ვიზალიბერალიზაციის შედეგად  უფრო მოიმატა ქართველთა რაოდენობამ არა მარტო იტალიაში, არამედ მთელ ევროპაში. რეჯო კალაბრიაში, სადაც მე ვიმყოფებოდი, 1000-ზე მეტი ქართველი იყო, ახლა მათი რაოდენობა 2000-ზე მეტია. ეს პატარა ქალაქია. რაც შეეხება მილანს, აქაც ბევრი ქართველია, მაგრამ დიდ ქალაქში ნაკლებად ჩანს, თუმცა მთელი დღის მანძილზე მაინც გადააწყდები ქართველს ქუჩაში და გაიგებ ქართულ საუბარს. ქართველები ერთმანეთს დასვენების დღეებში ხვდებიან. იტალიის ყველა ქალაქში არის ადგილი, სადაც ჩვენი ემიგრანტები თავს იყრიან. მილანში კი თავშეყრის ერთ-ერთი ადგილი  ეკლესიაა, სადაც შაბათ-კვირას ქართველი მრევლი დადის. ეკლესიის მოძღვარია დეკანოზი კირიონ მაჩაიძე. ასევე, კომუნიკაციის საშუალებებით თანხმდებიან შეხვედრის ადგილზე. ინფორმაცია სხვადასხვა ქალაქიდან ელვის სისწრაფით ვრცელდება. ბევრი ქართველია რომში, ფლორენციაში, რეჯო ემილიაში, მოდენაში, პიზაში, ნეაპოლში, ბარიში, ბოლონიაში,  ვენეციაში და ა. შ. – ქართველს ყველგან ნახავ, ყველა ქალაქში, მთელ ევროპაში.

იტალიურ წეს-ჩვეულებებსაც ალბათ  შეეჩვიე…

თავიდან ძალიან გამიჭირდა. მიჩვეული ვიყავი 24-საათიანი შრომის რეჟიმს საქართველოში, გვიან სატელეფონო ზარებს, სადღეღამისო სააფთიაქო და სასურსათო მომსახურებას… დასვენების დღეებში საქართველოში ყველაფერი ღიაა. ევროპაში კი შუადღისთვის, 13-15 საათზე ყველაფერი დაკეტილია. შეუძლებელია მაღაზიებში რაიმე შეიძინო. თუ რაღაც გამოუვალი მდგომარეობა არ არის, დიდ უზრდელობად ითვლება ამ დროს ვინმესთან დარეკვა, რადგან შეიძლება სადილობდეს, ან ისვენებდეს… საღამოს 7-8 საათის შემდეგ შეუძლებელია სამსახურის საქმეზე დარეკვა, რადგან ეს მათი თავისუფლების დროა და ოჯახთან, მეგობრებთან ერთად არიან; ეს მათი პირადი ცხოვრებაა და არავის აქვს უფლება, წაართვას.

ასევე, კვირა დღეს ყველა მაღაზია დაკეტილია (დიდი მეგამარკეტების, სასტუმრო ზონებში განთავსებული მაღაზიების გარდა), წარმოიდგინე, აფთიაქიც კი, მხოლოდ მორიგე მუშაობს, ამიტომ შაბათ-კვირისთვის წინასწარ ემზადებიან. მეც შევეჩვიე თანდათან.

ჟურნალისტმა  დიზაინის სწავლა რომ გადაწყვიტე, რა პერსპექტივას ხედავ?

ჩვენს წრეში ყველამ იცის ჩემი ამბავი: ერთი დიდი პროექტის ჩავარდნის შემდეგ, რომელზეც ვმუშაობდი და ერთ-ერთი ავტორი ვიყავი, მოულოდნელად ხატვა დავიწყე. შემდეგ იყო გამოფენები… იცი, როდესაც რაღაც გეკარგება, უფალი სანაცვლოს გაძლევს. ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაშიც. ადრე რომ ეთქვათ, მხატვარ-დიზაინერი იქნებიო, გამეცინებოდა, რადგან ბავშვობაში ხატვის ნიჭი საერთოდ არ მქონდა, მაგრამ მოხდა სასწაული. მოულოდნელად წამოვედი და დავრჩი იტალიაში, ლეგალიზაცია გავაკეთე – გამეხსნა გზა სწავლისკენ. შუშაზე ვიტრაჟების ტექნოლოგიების შესწავლის მიზნით საცხოვრებლად გადმოვედი მილანში – დიზაინისა და მოდის ქალაქში, თუმცა აქამდე რომ მიმეღწია, დიდი შრომა დამჭირდა. ჩემი ცხოვრება მოულოდნელობებითა და სასაწაულებით არის სავსე – რადგან უფალი არ მტოვებს გასაჭირში.

ევროპამ მასწავლა რეალური ცხოვრება და შრომის ფასი. როდესაც ადამიანს საშოვარზე გაუშვებ, მას მორალი არ უნდა მოჰკითხო. ასეთ გარემოში დარჩე ადამიანად, ხალხს უყვარდე და ჰქონდეთ იმედი, რომ დაეხმარები – ეს დიდი ბედნიერებაა.

რაც შეეხება პერსპექტივას – ვარ ევროპაში, აქედან ადვილია კონტაქტების დამყარება მსოფლიოსთან. ჩემი დიპლომით მინდა მომავალში ხელოვნებით დავკავდე და ჩემი შემოსავლის წყარო სწორედ ეს გახდეს. გამოყენებითი ხელოვნება მსოფლიოში ძალიან ძვირად ღირებულია.

მახსოვს,  არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ქალები“ გინდოდათ დაგეარსებინათ – დააარსეთ?

არასამთავრობო ორგანიზაცია მართლაც გვინდოდა დაგვეარსებინა, ეს იყო რეჯო კალაბრიაში. მიზნის მისაღწევად ქალაქი დავტოვე და მილანში გადმოვედი, თუმცა ამ ორგანიზაციის დაარსება გეგმაში ისევ მაქვს, ვნახოთ, როგორ წარიმართება ცხოვრება…

ქართველი ემიგრანტების ყველაზე დიდი ტკივილი რა არის?

ყველა ქართველისთვის დიდი ტკივილი სამშობლოსთან განშორებაა, თავის კერისა და ოჯახისგან მოწყვეტა… ემიგრანტის ტვირთი ძალიან მძიმეა; სამწუხაროდ, აქ ჩამოსული ქალების დიდი ნაწილი „ფულის საჭრელ დაზგად“ იქცა. ემიგრაციაში, ძირითადად,  ქალები მოდიან, რადგან სამუშაო ევროპაში უფრო ქალებისთვისაა. მოხუცებთან სახლებში ჩაკეტილები, საათს მისჩერებიან, როდის გავა დღე, რომ თავის ოთახში შევიდნენ და ინტერნეტის საშუალებით ოჯახის წევრებს დაელაპარაკონ, შორიდან მოეფერონ შვილებს, ახლობლებს… თანდათან ამ ყველაფერს ეჩვევი და ყოველდღიური ცხოვრების წესად გექცევა, საქართველოში დარჩენილებიც ეგუებიან უჩვენობას.

საქართველოში ყოფითი ცხოვრება ისეთი მძიმეა, რომ ემიგრანტები მხოლოდ მაღალი ანაზღაურებისთვის უმძიმეს სამსახურში შედიან, თითქმის არ ისვენებენ, რათა შვილებს დაეხმარონ, ოჯახი ფეხზე წამოაყენონ. ამასაც ეჩვევიან და ამასობაში წლები გადის… ბერდებიან და, სამშობლოში ჩასულები, უცხოდ გრძნობენ თავს.

ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“ მახსენდება: „…როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ  შემეყრება იგი მერას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე? ვინ იცის: იქნება მე ჩემმა ქვეყანამ ზურგი შემომაქციოს, როგორც უცხო  ნიადაგზედ  გადარგულსა და  აღზრდილსა? იქნება ზურგიც არ შემომაქციოსმაშინ რა ვქმნა, რომ ჩემმა ქვეყანამ მამიყოლოს და მიამბოს თავის გულისტკივილი, თავისი გლოვის  ფარული მიზეზი, თავისი იმედი და უიმედობა, და მე კი, მის ენას გადაჩვეულმა, ვერ გავიგო  მისი ენა, მისი სიტყვა?არის მრავალი ქვეყნები, ჩვენზედ უფრო  უბედურად  გაჩენილნი, მაგრამ უფრო  ბედნიერად  მცხოვრებნი; და ის თვითოეული ნაპერწკალი, რომელიც არ შეიძლება რომ ყოველს კაცში არა ჟოლავდეს, ერთ დიდ ცეცხლად შევაგროვო  ჩემის  ქვეყნის გაციებულის  გულის  გასათბობლად. შევიძლებ კი?..“

მართლაც, ნეტავ, როგორ მიმიღებს ჩემი სამშობლო, ჩემი ერი? – ეს საფიქრალია. ადამიანს უცხოეთში ცხოვრების პერიოდში გეცვლება მენტალიტეტი, ცხოვრების წეს-ჩვეულებები, გიჭირს შვილებთან, მეგობრებთან, მშობლებთან ურთიერთობა, ამიტომაც ისევ იქით მიიწევ, იქ, სადაც გიგებენ, სადაც კარგად გრძნობ თავს…. ევროპული ცხოვრება განსხვავდება საქართველოს ცხოვრების წეს-ჩვეულებებისგან, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ყველაფერ ცუდსა და მიუღებელს რატომღაც ევროპულს უწოდებენ, არადა, ამ დროს ამგვარი ყოფითი რამეები ევროპისთვისაც მიუღებელია და არ ითვლება ჯანსაღი ცხოვრების წესად, განსაკუთრებით მოზარდებსა და ბავშვებში. თუმცა ეს სხვა თემაა და ამაზე ალბათ ვრცლად დავწერ.

ერთ-ერთი ძლიერი ტკივილი კიდევ ის არის, რომ უცხოეთიდან გადმორიცხული დიდი თანხა შემოდის საქართველოში. დაახლოებით 1,5 მილიონი ემიგრანტია და თითოეული მათგანი 500 ევროს მაინც გზავნის თვეში, ქვეყანას კი არაფერი ეტყობა. ისეა მოწყობილი ეკონომიკა, რომ მხოლოდ ფულს ხაპავს.

თქვენი სათქმელი ემიგრანტებისთვის…

ჩვენ დავბრუნდებით საქართველოში, რადგან ქართული ფესვები ძლიერია და მისი ამოძირკვა ძალიან ძნელია. ქართულ მიწას სხვა სურნელი აქვს, სხვა სითბო და სხვანაირი სიყვარული შეუძლია.

სწორედ ემიგრანტების ზურგზე გადადის ბევრი რამ, ამით სუნთქავს დღეს საქართველო, ჩვენი ოჯახები, ჩვენი მეგობრები… ჩვენ ევროპაში დამკვიდრება გვიწევს, როგორც ერს, ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გვქონდეს ერთმანეთის იმედი, რომელიც ყველა სირთულეს გადაგვალახვინებს ერთად.

ახლობლებს, მეგობრებს რას ეტყოდით?

რას ვეტყოდი?.. ემიგრანტობა დიდი და მძიმე ტვირთია, სავიზიტო ბარათია მსოფლიოში – როგორ წარადგენ შენს ქვეყანას და ერს. ეს ცრემლიანი ღამეებია, დიდი შრომა, ძლიერი განცდები და მუდმივად ფიქრი – როგორ არიან შენები… მძიმე ჯვარია, რომლის ზიდვა ყველას არ შეუძლია.

უამრავ სიკეთესთან ერთად იტალიელები დილით ერთმანეთს ღიმილით ხვდებიან და ბედნიერ დღეს უსურვებენ, არ არის აუცილებელი, ნაცნობები იყვნენ. მეც მინდა, ჩემი ქვეყანა ევროპის ღიმილიან ქვეყანას დაემსგავსოს.

მილანის ხედი

მომავლის გეგმებზე რას გვეტყვით?

ერთი სული მაქვს, მალე დავასრულო ხელოვნების აკადემიაში სწავლის სამწლიანი კურსი. ვეცდები, ეს ორ წელიწადში შევძლო, მოვაწყო გამოფენები – ნამუშევრები ფერწერაში ჯერ არ დამისრულებია, ჩარჩოებში მაქვს ჩასასმელი. და, რაც მთავარია, პირად ცხოვრებას მივხედო. ალბათ ეს უკვე დავიმსახურე. პირველად ვამბობ, რომ მინდა ჩემ გვერდით იყოს მამაკაცი, რომელიც ჩემთან ერთად გაიზიარებს ჩემს წარმატებებს.

და ეს მამაკაცი აუცილებლად ქართველი უნდა იყოს?

კი!.. აბა, რაა?!.. ვფიქრობ, ჩემი ხასიათი ქართველი მამაკაცისთვის უფრო მისაღებია.

საქართველოში როდისთვის უნდა გელოდოთ?

საქართველოში, როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, ჩამოვალ, ერთი სული მაქვს, ცოტა ხნით მაინც გადავავლო თვალი ჩემს ქალაქს…

ბედნიერებასა და წარმატებებს, გისურვებ, ლალი! გელოდებით…

გმადლობ!

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close