ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი რუსეთში ცხოვრობს

წყარო: „ამერიკის ხმა“

2017 წლის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 840 ათასი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობდა.

ეს მონაცემები „პიუს კვლევითი ცენტრის“ ვებგვერდზე (www.pewglobal.org) რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. ინტერაქტიული რუკა, რომელიც მასალას ახლავს, აჩვენებს, რომ საქართველოდან წასული ყველაზე მეტი – 450 ათასამდე მიგრანტი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს, 80 000 მიგრანტი – საბერძნეთში, 70 000 – უკრაინაში, 50 000 – აზერბაიჯანში, 40 000 – სომხეთში, 30 000 – ამერიკაში, 20 000 – გერმანიაში, 20 000 – კვიპროსზე; იტალიაში კი დაახლოებით 10 000 ქართველი მიგრანტია. 10 ათასამდე ქართველი იმიგრანტი ცხოვრობდა გასულ წელს ისრაელშიც.

ამავე მონაცემებით, 10 000-ზე ნაკლები და 1000-ზე მეტი ქართველი იმიგრანტია ამ დროისთვის ესპანეთში, ბელარუსში, თურქეთში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, ბელგიაში, ესტონეთში, შვედეთში, ლატვიაში, პორტუგალიასა და ჩეხეთში.

1990 წლისთვის მონაცემები მცირედით განსხვავებული იყო, თუმცა მაშინაც ქართველი მიგრანტების უდიდესი ნაწილი რუსეთში ცხოვრობდა – 660 000 ადამიანი. შემდეგი იყო უკრაინა – 80 000 ქართველი იმიგრანტით, შემდეგ მოდიოდა აზერბაიჯანი – 70 000-მდე, საბერძნეთი – 40 000 და ისრაელი – საქართველოს 30 000 მოქალაქით.

​რაც შეეხება შეერთებულ შტატებში ქართველ მიგრანტთა რაოდენობის დინამიკას, „პიუს კვლევითი ცენტრის“ ინფორმაციით, თუკი 1990 წლისთვის ამერიკაში 10 000-ზე ნაკლები ქართველი ცხოვრობდა, 20 წლის შემდეგ ეს რიცხვი გაორმაგდა და 2010 წელს აქ უკვე 20 000-ზე მეტი ქართველი იმიგრანტი იყო. როგორც მონაცემები აჩვენებს, ყოველ 10 წელიწადში ქართველი მიგრანტების რაოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 10 000-ით იმატებს – 2017 წლისთვის ამერიკაში უკვე 30 000-მდე ქართველი ცხოვრობდა.

2000 წელთან შედარებით, 2010 წელს რუსეთში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა 630 000-დან 440 000-მდე შემცირდა, საქართველოში კი რუსეთში დაბადებული მიგრანტების რიცხვმა დაახლოებით ორი მესამედით იკლო.

რუსეთი ლიდერობს საქართველოში მცხოვრები იმიგრანტების რაოდენობითაც: 2017 წლისთვის საქართველოში რუსეთის ფედერაციაში დაბადებული 40 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. შემდეგ ლიდერობენ სომხეთსა და უკრაინაში დაბადებული მოქალაქეები (10 000 თითოეული). 1000-იდან 10 000-მდე იმიგრანტია საქართველოში აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და ბელარუსიდან. შედარებით ნაკლები, ათას მცხოვრებზე ცოტაა საქართველოში შემდეგ ქვეყნებში დაბადებულ მოქალაქეთა რიცხვი: გერმანია, მოლდოვა, თურქეთი, ყირგიზეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ლიტვა, ლატვია, თურქმენეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, ტაჯიკეთი, ესტონეთი, ირანი, ამერიკა, პაკისტანი, ჩინეთი, უნგრეთი, ავღანეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, გაერთიანებული სამეფო, ინდოეთი, ისრაელი, მონღოთი, ავსტრია, ბელგია და სხვები.

„მიგრანტთა წარმომავლობა და დანიშნულების ადგილები მსოფლიოში“ – ასე ჰქვია „პიუს გლობალური ცენტრის“ მიერ ჩატარებულ ფართომასშტაბიან კვლევას. ეს მონაცემები არ ეყრდნობა მიგრაციის ყოველწლიურ მონაცემებს თითოეული ქვეყნისთვის და მასში გაანალიზებულია ე. წ. „კუმულაციური“ მონაცემები 1990, 2000, 2010 და 2017 წლებისთვის.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ მოსახლეობის დეპარტამენტის განმარტებით, „საერთაშორისო მიგრანტი“ არის ადამიანი, რომელიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს სხვა ქვეყანაში და არა იქ, სადაც დაიბადა.

ფოტო: სქრინშოთები www.pewglobal.org-იდან

სტატიის სრული ორიგინალური ვერსია იხილეთ „ამერიკის ხმის“ ვებგვერდზე:

https://www.amerikiskhma.com/a/global-migrant-stocks/4276406.html

კომენტარები
Загрузка...