თურქებმა ორი ბერძენი სამხედრო მოსამსახურე დააკავეს

ხუთშაბათს, 1-ლ მარტს ორმა ბერძენმა სამხედრო მოსამსახურემ, რომლებიც სასაზღვრო პუნქტ კასტანიესთან სასაზღვრო ნაწილში მსახურობენ, მორიგეობის დროს ცუდი კლიმატური პირობების გამო ორიენტაცია დაკარგეს და თურქეთის საზღვარი უნებლიედ გადალახეს. ჯარისკაცები თურქულმა მხარემ დააკავა და ადრიანოპოლში გადაგზავნა, სადაც ისინი სასამართლოს წინაშე წარადგინეს. მათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედებათ ბრალი.

ბრალდებულებს იარაღი და მობილური ტელეფონები ჩამოართვეს. ტელეფონებში აღმოაჩინეს სურათები, რომლებზედაც თოვლში ადამიანების ნაკვალევია აღბეჭდილი. სამხედროები ამტკიცებენ, რომ სურათები უფროსობისთვის გადასაცემად გადაიღეს, ხოლო თავად საზღვრის სავარაუდო დამრღვევის საძებნელად გაემართნენ, თუმცა ცუდ ამინდში გზა აებნათ და თურქულ მხარეს აღმოჩნდნენ.

როგორც ბერძნული მედია აღნიშნავს, მსგავსი შემთხვევები ადრეც მომხდარა, მარგამ სამხედრო მოსამსახურეები ადრიანოპოლში არასდროს გადაუყვანიათ – ფორმალური პროცედურის შემდეგ მათ ბერძნულ მხარეს გადასცემდნენ ხოლმე. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ამჯერად ბერძენ ჯარისკაცებს ჯაშუშობის ბრალდება წაუყენონ. ბოლო დროს საბერძნეთისა და თურქეთის გამწვავებული ურთიერთობების ფონზე ეს გამორიცხული სულაც არაა, მით უმეტეს, რომ საბერძნეთმა მეზობელ ქვეყანას არ გადასცა რამდენიმე თურქი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც სამხედრო გადატრიალების უშედეგო მცდელობის შემდეგ თურქეთიდან გაიქცნენ.

დაკავებულ ბერძენ სამხედროებს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საბერძნეთის თავდაცვის სამინისტო საკუთარი ჯარისკაცების გამოხსნას ცდილობს.

კომენტარები
Загрузка...