საქართველოში, სოფელ იმირში აღმოჩენილი ღვინის ნაშთები 10 მსოფლიო აღმოჩენას შორის დასახელდა

კახა ხიმშიაშვილის ფოტო

მერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა ARCHAELOGY-მ საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ღვინის ნაშთები 2017 წლის 10 უმნიშვნელოვანეს მსოფლიო აღმოჩენას შორის დაასახელა.

„ადრეული ნეოლითის ხანის ძეგლებზე აღმოჩენილი კერამიკის ქიმიურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ეს ღვინის ნაშთი ახლო აღმოსავლეთში გამოვლენილი ნაშთებიდან უძველესია. თიხის ჭურჭელზე დიდი რაოდენობით ღვინის მჟავის არსებობა, სხვა ინდიკატორებთან ერთად, ყურძნისა და ღვინის ერთ-ერთ ძირითად ბიოლოგიურ მარკერს წარმოადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე ადამიანები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ. წ.-აღ-ით 6000 წელს აყენებდნენ – დაახლოებით 500 წლით უფრო ადრე, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. ამ ახალი აღმოჩენის თანახმად, ველური ევრაზიული ვაზი პირველად სწორედ ამ რეგიონში მოაშენეს“, – წერია ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ქვემო ქართლში, სოფელ იმირში მდებარე ნეოლითის ხანის (ძველი წელთაღრიცხვით VI-V სს.) არქეოლოგიურ ძეგლს – „გადაჭრილ გორას“ (იმირის გორა, შულავერის გორა) საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგთა ჯგუფი ათწლეულებია იკვლევს. რამდენიმე წლის წინათ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის საერთაშორისო მულტიდისციპლინურმა კვლევამ  დაადასტურა, რომ ძვ. წ. 6000-5800 წლებში აქ მოსახლე ტომები მეღვინეობას მისდევდნენ – ამ ადგილას ადამიანმა, მსოფლიოში პირველად, ველური ვაზი მოაშენა და მოწეული ყურძნისგან ღვინო დაწურა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „გადაჭრილი გორას“ განვითარების კონცეფციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად შეიმუშავებს. სახელმწიფო ინსტიტუციები ასევე ერთობლივად მოამზადებენ ძეგლის საფუძვლიანი კონსერვაციისა და მისი ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ქცევის გეგმასაც, რაც ძეგლის ინფრასტრუქტურულ მოწყობასა და ვიზიტორთა ცენტრის განვითარებას გულისხმობს.

სოფელ იმირში არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესი მაისიდან განახლდება. ძეგლის შესწავლას საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად, გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, კვლავაც გააგრძელებენ ტორონტოს (კანადა) უნივერსიტეტის არქეოლოგები, რომელთანაც ქართული მხარე 2016 წლიდან თანამშრომლობს. დაგეგმილია, რომ უახლოეს მომავალში „გადაჭრილ გორას“ ეროვნული კატეგორიის არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მიენიჭება.

კომენტარები
Загрузка...