რას არ გაიგებ/ფაქტები

მიჩიო კაკუ: უცხოპლანეტელებს ამ საუკუნეში შევხვდებით

მსოფლიოში ცნობილი თეორეტიკოსი ფიზიკოსი და ფუტუროლოგი, დოქტორი მიჩიო კაკუ მიიჩნევს, რომ ადამიანებისათვის რობოტები უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, ვიდრე უცხოპლანეტელები, რომლებთანაც, მისი ვარაუდით, კაცობრიობა ამ საუკუნეში შეძლებს კონტაქტის დამყარებას.

მიჩიო კაკუმ ეს განცხადება Reddit AMA-ზე (მკითხეთ ყველაფერი) გააკეთა. ამ პლატფორმაზე უსვამდნენ კითხვებს დაინტერესებული მომხმარებლები ფიზიკოსს ხელოვნური ინტელექტისა და არამიწიერი სიცოცხლის შესახებ.

„პირადად მე მიმაჩნია, რომ ამ ასწლეულის განმავლობაში ჩვენ შევხვდებით უცხოპლანეტელთა ცივილიზაციას, უფრო სწორად, ეთერში მათ რადიოტალღებს დავიჭერთ, თუმცა საეჭვოა, რომ მათ ვაინტერესებდეთ. განვითარებული ცივილიზაცია ისე დაგვიწყებს ყურებას, როგორც ჩვენ ვუყურებთ ტყის ველურ ბინადრებს“.

„ვერ გეტყვით, რა განზრახვები ექნებათ უცხოპლანეტელებს. არიან ისინი ექსპანსიურები და აგრესიულები თუ პირიქით – მშვიდობიანები. არსებობს ალბათობა, რომ ისინი ჩვენთან ოფიციალურ კონტაქტში შემოვლენ, თეთრი სახლის გვერდით მწვანე მდელოზე დასვამენ თავიანთ ხომალდს და ასე გამოგვიცხადებენ საკუთარი არსებობის შესახებ, მაგრამ ეს ალბათობა სასაცილომდე მცირეა.  ჩვენ მათთვის უჩვეულო ტყის ცხოველების ახალი აღმოჩენილი სახეობა უფრო ვიქნებით. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უმჯობესია, მათთან ჯერ არ ვიურთიერთოთ“.

შემდეგ პოსტში მიჩიო კაკუმ განავითარა თავისი თეორია იმის თაობაზე, რომ ადამიანები, სავარაუდოდ, უცხოპლანეტელთა საზოგადოებისგან გარიყულები იქნებიან. კაკუს სიტყვებით, უცხოპლანეტელებს თავიანთი განვითარების ათასწლეულების განმავლობაში სექტანტური, ფუნდამენტური და ნაციონალისტური საკითხების გადაწყვეტა მოუწიათ. ადამიანებს ეს ჯერ კიდევ წინ აქვთ.

თუმცა ფიზიკოსმა აღიარა, რომ გარეშე ცივილიზაციების ეს გამომრიცხავი, უკეთეს შემთხვევაში, ნეიტრალური პოზიცია შეიძლება შეიცვალოს კიდეც, თუ „სწორ გზაზე დავდგებით“; შესაძლებელია,  ზრუნვაც კი დაიწყონ  ჩვენზე, თუ ხელს არ შევუშლით რამით, მაგრამ საეჭვოა, რომ მათ სამყაროთა კოსმოსური ომი უნდოდეთ.

უფრო დიდ საფრთხეს კაკუ რობოტოტექნიკის განვითარებაში ხედავს. მისი აზრით, უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტის განვითარების დონე მაიმუნების თვითშემეცნების დონეს მიაღწევს. და ამ მომენტისთვის რობოტები საგანგებოდ საშიშნი გახდებიან, დაუჯერებლად გაგვისწრებენ გამოთვლითი შესაძლებლობებით და ცივილიზაციის მაკონტროლებელ რიგ დარგებში ადამიანებს შეცვლიან. ამიტომაც, მიაჩნია მიჩიო კაკუს, ახლავე უნდა ვიზრუნოთ ბლოკირების ჩიპის შესაქმნელად, რომელიც ყველა რობოტის ტვინში ჩაინერგება და ასე უნდა ვაკონტროლოთ ხელოვნურ ინტელექტში წარმოქმნილი კაცობრიობისთვის მომაკვდინებელი აზრები.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რობოტები ჩვენი რთული უარმედეგი სისტემების გვერდის ავლას შეძლებენ, მოგვიწევს რობოტების მბრძანებლებად აღიარება. ამიტომ ადამიანებისთვის ერთადერთი მისაღები ვარიანტი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, რობოტების კონტროლქვეშ არ აღმოჩნდნენ – მათთან შერწყმაა. ანუ  არა მარტო ხელოვნური ინტელექტის თანდათანობით სრულყოფა, არამედ საკუთარი თავისაც, რათა ხელოვნურ ინტელექტს თანაბარ დონეზე ვეურთიერთოთ.

ხელოვნური ინტელექტის საფრთხეები და „რობოტი-მკვლელების“ შესაძლებელი პირქუში მომავალი  უკვე განიხილეს დარგის ცნობილმა ექსპერტებმა, მათ შორის, ილონ მასკმა და სტივენ ჰოუკინგმა.  SpaceX-ისა და Tesla-ს გენერალური დირექტორი ილონ მასკი ფიქრობს, რომ „ხელოვნური ინტელექტი ადამიანური ცივილიზაციისთვის ფუნდამენტურ საშიშროებას წარმოადგენს“ და გამოდის წინადადებით, რომ რობოტები და ავტომატური იარაღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დონეზე აიკრძალოს.

საქვეყნოდ ცნობილი ფიზიკოსი სტივენ ჰოუკინგი ამ ყველაფერს კიდევ უფრო პესიმისტურად უყურებს. იგი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი – ეს არის სიცოცხლის ახალი ფორმა, ამიტომ ადრე თუ გვიან ის მთლიანად განდევნის ადამიანებს, ისევე როგორც ადამიანებმა განდევნეს პითეკანთროპები და ნეანდერტალელები.

წყარო: infomaxx.ru

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close