ისტორიის ცინიზმი – თებერვლის ქართულ-ბერძნული პარალელები
1921 წლის 25 თებერვალი რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ამაზე უკვე ბევრი დაიწერა. ალბათ კიდევ ბევრი დაიწერება, რადგან წითელი არმიის მიერ თბილისის აღების შედეგად გადაწყდა საქართველოს მომავალი ბედი. დიდი, ძალიან დიდი ხნით. მართალია, 1991 წელს საქართველომ მოახერხა დამოუკიდებლობის აღდგენა, მაგრამ წარსული, რომელიც 1921 წლის 25 თებერვალს დაიწყო, ჯერ ისევ ჩვენთანაა, ისევ ჩვენშია.
ისტორია სავსეა უცნაური პარალელებით, ზოგჯერ კი ამ პარალელების ცინიკურობა ყოველგვარ ზღვარს სცილდება – როგორც, მაგალითად, საქართველოს და საბერძნეთის შემთხვევაში.
1921 წლის 25 თებერვლამდე ზუსტად ასი წლით ადრე, 1821 წლის 21 თებერვალს დაიწყო საბერძნეთის რევოლუცია – ოსმალეთის იმპერიისაგან დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. ამ ბრძოლის პირველი აქტი იყო რუმინეთის ქალაქ გალაცის აჯანყება. ქალაქი მაშინ ოსმალეთის იმპერიას ეკუთვნოდა. ბერძენმა შეთქმულებმა გაანადგურეს ქალაქის დამცველი ოსმალური რაზმი, რის შემდეგაც, 22 თებერვალს ალექსანდრე იფსილანტის შესაძლებლობა მიეცა, თავის რაზმთან ერთად მდინარე პრუტი გადაელახა და მოლდავეთიდან ოსმალეთის სამფლობელოში შეჭრილიყო.
საგულისხმოა, რომ გალაცის ოპერაციას რუსეთის კონსული, ბერძნული წარმოშობის დიმიტრის არგიროპულოსი ხელმძღვანელობდა – ცხადია, რუსეთის ხელისუფლების დავალებით. რუსები ერთმორწმუნე ბერძნების თავისუფლებისთვის ბრძოლას უჭერდნენ მხარს. პატრიოტი ბერძნები აქტიურად იბრძოდნენ სამშობლოს თავისუფლებისთვის…
ალბათ ბევრს გასჩენია კითხვა, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო ჩვენი ცხოვრება, საქართველოს 1921 წელს დამოუკიდებლობა რომ შეენარჩუნებინა? ამას ვერასდროს გავიგებთ, ერთი რამ კი ცხადია – დღეს საქართველო სრულიად სხვაგვარი იქნებოდა. არავინ იცის, რამდენად უკეთესი ან უარესი, მაგრამ უეჭველად სხვაგვარი, სრულიად განსხვავებული.
ერთმა კაცმა მაინც სცადა, წარმოედგინა ეს განსხვავებული საქართველო და აღწერა კიდეც მხატვრულად. ვისაც ეს ალტერნატიული ისტორია აინტერესებს, აკა მორჩილაძის „მარია კუზნეცოვას სიკვდილი“ უნდა წაიკითხოს. ნაწარმოებში მოვლენები 1943 წელს ვითარდება. ჰიტლერი და სტალინი ერთმანეთს ებრძვიან. დამოუკიდებელ საქართველოს დიქტატორი ქაქუცა ჩოლოყაშვილი მართავს. ბერიას კონტრდაზვერვა აბარია, ჭიაურელს – კინო. გურჯიევი თბილისში საიდუმლოდაა ჩამოსული… ხოლო წითელი რუსეთის ჯაშუშის – მომაჯადოებელი მარია კუზნეცოვას და აპოლონ ქუთათელაძის თავს გადახდენილ ამბებს ამ წიგნის კითხვისას შეიტყობთ…
სხვა საკითხია, რომ მეორე, ჯერ არშემდგარ ისტორიაზეც გვმართებს დაფიქრება – კერძოდ, ჩვენს მომავალ ისტორიაზე, განვითარებაზე, სადაც აღარ იქნება 25 თებერვლის მსგავსი თარიღი, არც უცხოეთში გადახვეწილი ასიათასობით ქართველი და არც ქვეყანაში დარჩენილი, უიმედობით გატეხილი უამრავი ჩვენი თანამემამულე. უბრალოდ, უნდა გადავწყვიტოთ: ეს საქმე ქვეყნის ელიტის გონიერებას მივანდოთ, თუ მოქალაქეებმა თავად ვიკისროთ პასუხისმგებლობა.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები