ისტორია

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების უცნობი ისტორია

ისტორია, რომელსაც ქვემოთ მოგითხრობთ, საქართველოს ეროვნული გმირის, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ცხოვრების ერთ-ერთი უცნობი დეტალია. ამის შესახებ ქისტმა ქალბატონმა, პროფესიით მხატვარმა  ნათელა ცათიაშვილმა (აქვე აღვნიშნავთ, რომ ქალბატონი ნათელა მსახიობ ცისია მეტრეველის დედაა) მოგვითხრო, რომლის ბებიაც თურმე ძალიან კარგად იცნობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილს და მისგან მიღებული საჩუქრებიც დარჩენია რელიკვიად.

* * *

ქაქუცა ჩოლოყაშვილი წარმოშობით სოფელ მატნიდან იყო. იგი კარგად იცნობდა პანკისის ხეობას და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ქისტებთან. ხვთისო მამისიმედაშვილი თავის ნარკვევში „ვაინახები და ქართველი მთიელები“ შეფიცულთა რაზმის წევრ ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებებზე დაყრდნობით წერს, რომ შეფიცულებმა „თავდაპირველად პანკისის ხეობა აირჩიეს, სადაც ქისტები მოსახლეობდნენ და რომელთა შორისაც მრავლად ჰყავდათ ნაცნობებიცა და მოკავშირეებიც. შეფიცულთა რაზმიც სწორედ იქ ჩამოყალიბდა. თავიდან ოცამდე ყოფილან, მათ შორის, რამდენიმე ქისტიც პანკისის ხეობიდან: დათიკო ფარეულიძე, ჰასეი აჟიშვილი და სხვები“. აგრეთვე, დუისელი გაურგაშვილი, რომელიც საზღვარგარეთ გაჰყვა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს.

თავად ქაქუცა ჩოლოყაშვილს ფიცვერცხლით დაძმობა ჰქონია შეფიცული ხაზო ბაღაკაშვილთან, მეტიც, ერთი ულამაზესი ქისტი ქალიც შეჰყვარებია და მისი ცოლად მოყვანაც კი განუზრახავს, მაგრამ… თუმცა მოდით, ქალბატონ ნათელას მოვუსმინოთ, რომელიც მართლაც რომ საინტერესო ისტორიას მოგვითხრობს.

ნათელა ცათიაშვილი

ნათელა ცათიაშვილი:

„ჩემს ბავშვობაში ბებიაჩემისგან გამიგონია, რომ მათ ოჯახთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ერთ ლამაზ, ჭკვიან, მოხდენილ, კულტურულ და განათლებულ ქართველ თავადს, წარმოშობით მატნელს, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილს, რომელიც იმ დროს უკვე აღარ იმყოფებოდა საქართველოში. ბებიას საგულდაგულოდ ჰქონდა შენახული ხის ორნამენტიანი ჭურჭელი, რომელიც მისთვის ქაქუცას ოჯახს უსახსოვრებია. სულ მაინტერესებდა, რატომ არ ხმარობდა ბებია ამ ჭურჭელს და ერთხელ ვკითხე, ასე განსაკუთრებით რატომ უფრთხილდები-მეთქი? ბებიამ მიამბო, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილს ფიცვერცხლით დაძმობა ჰქონია შეფიცული ხაზო ბაღაკაშვილთან. ქაქუცა და მისი და-ძმა, ბეისარა და ჯანო ბაღაკაშვილების ხშირი სტუმრები ყოფილან. ქაქუცას ულამაზესი ქისტი ქალიდეში მარგოშვილი შეჰყვარებია, მაგრამ სხვადასხვა აღმსარებლობის გამო ქალის მშობლები მათ ქორწინებას არ დასთანხმებიან.

შემდეგ, როცა უკვე ქაქუცამ სხვა ქალთან გადაწყვიტა ოჯახის შექმნა, მომავალი მეუღლის სანახავად ფაეტონით წაუყვანია თავისი დადნაფიცი ხაზო და მისი ბიძაშვილი ძააძი ბაღაკაშვილი – ბებიაჩემი. სხვა ახლობელ ქისტებთან ერთად ქაქუცას ისინი ნიშნობასა და ქორწილშიც თავის გვერდით ჰყოლია. ბებიაჩემის თქმით, ქაქუცა თავისი ცოლ-შვილით თითქმის ყოველ შაბათს სტუმრობდა მათ ოჯახს, ჩაჰქონდა მათთვის საჩუქრები და ისინიც, თავის მხრივ, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ხვდებოდნენ, როგორც საკუთარი ოჯახის წევრს: კლავდნენ საკლავს, იმართებოდა ლხინი, ცეკვა-თამაში… და, როგორც უკვე გითხარით, ქაქუცას მიერ მიტანილი ნივთები ბაღაკაშვილის შთამომავლობისთვის დღესაც ოჯახის ძვირფას რელიკვიად ითვლება. სხვათა შორის, როდესაც ქაქუცამ საქართველო დატოვა, მან თავისი კუთვნილი მამულები, რომლებიც ალაზნის პირას, დუისის გაღმა ჰქონდა, ქისტებს დაუტოვა, მათ შორის, ბაღაკაშვილების ოჯახსაც. ქაქუცა სამშობლოს რომ ტოვებდა, გაცილება სწორედ პანკისის ხეობაში, ბაღაკაშვილების ოჯახში მოუწყვეს…“

ქაქუცა შეფიცულთა რაზმთან ერთად

* * *

სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში 2005 წელს გადმოასვენეს. მართალია, ქაქუცამ ანდერძად დაიბარა, რომ მისი ნეშტი დაეწვათ, რადგან ფიქრობდა, რომ მშობლიურ მიწაში დაკრძალვას ვერ ეღირსებოდა, მაგრამ, გარკვეული მოსაზრების გამო, შეფიცულთა რაზმის წევრებმა (შეფიცულთა რაზმი, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ჩამოაყალიბა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა 1922-24 წლებში) ეროვნულ გმირს დანაპირები არ შეუსრულეს – მისი ნეშტი არ დაუწვავთ. ქაქუცა 1930 წლის 27 ივნისს გარდაიცვალა, 41 წლის ასაკში (14 ივლისს 42-ის უნდა გამხდარიყო). ქაქუცას ცხედარი ექვსი დღე ყოფილა დასვენებული ბერძნულ ეკლესიაში, დაკრძალვის ცერემონიალი კი ისეთი მასშტაბური ყოფილა და ისეთი განცდით დაუტირებიათ ქართველი გმირი, რომ ასეთი დაკრძალვა თვით ვიქტორ ჰიუგოსაც არ ღირსებიაო, ამბობდნენ თურმე მაშინ საფრანგეთში.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი პარიზიდან ასი კილომეტრით დაშორებულ სენტ უანის სასაფლაოზე დაკრძალეს, მოგვიანებით კი მისი ცხედარი ლევილის ქართულ სასაფლაოზე გადაასვენეს. ძველ საფლავზე ამოტვიფრული იყო ეპიტაფია: „გარდახდა სიცოცხლე შენი, გაგრძელდეს საქმენი შენი“, ლევილის სასაფლაოზე კი სიმბოლურად ფარი და მახვილი დაუდეს. მთაწმინდის პანთეონი ქაქუცა ჩოლოყაშვილის უკვე მესამე და სამუდამო სამკვიდრებელია.

თამარ ოთიაშვილი

ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავი მთაწმინდის პანთეონში

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close