„ისინი უფრო ინახავენ ქართველობას იქ, ევროპაში, ვიდრე ჩვენ – აქ…“

მსახიობი ზურა ნიჟარაძე ეკრანზე გამოჩენისთანავე მოექცა მაყურებლის ყურადღების ცენტრში, თუმცა მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თეატრალურ გამოცდილებას: რუსთაველის თეატრალური სარდაფი, თავისუფალი თეატრი, მოზარდ მაყურებელთა თეატრი… გორის თეატრის მმართველიც იყო. ნიჭიერი მსახიობი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა „ღამის შოუს“ სტუდიასთან, ტელესერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ყველასთვის საყვარელი პერსონაჟის – მერაბ დარჩიას განსახიერებით კი მის შემოქმედებაში კიდევ ერთი საინტერესო სახე ჩაიწერა. ზურას საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ჩვენებურებიც კარგად იცნობენ, ქართველი ემიგრანტები დიდი სიყვარულით ეხმიანებიან, მისი ნახვა და მასთან ერთად სუფრასთან მოლხენა ენატრებათ.

ზურა ნიჟარაძე: ჩემს გვარსა და ჯიშში მსახიობი არავინ ყოფილა, მე კი ეს პროფესია ბავშვობიდან მინდოდა, მეშვიდე-მერვე კლასიდან. სკოლაში სპექტაკლებში ვთამაშობდი, „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ წევრი ვიყავი, თან მეუბნებოდნენ, სცენისთვის ხარ დაბადებულიო და გადავწყვიტე, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, რისთვისაც ბევრი ვიშრომე… ყოველ შემთხვევაში, მოვინდომე. ქუთაისელი ვარ და ჯერ ქუთაისში, ხელოვნების ლიცეუმში ვსწავლობდი სამი წელი, შემდეგ კი საბუთები თეატრალურ უნივერსიტეტში შევიტანე და პირველივე წელს მოვხვდი გოგი ქავთარაძის, გურამ საღარაძისა და მზია მაღლაკელიძის ჯგუფში. ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა. საერთოდ, ბევრ ცნობილ, გენიალურ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა, თუნდაც კოტე მახარაძესთან, კარლო საკანდელიძესთან, გოგი გეგეჭკორთან და ეს ძალიან მეამაყება.

თეატრალურ უნივერსიტეტში, მგონი, სიმღერის ანსამბლი გქონდათ, არა?

ის ანსამბლი პირველი იყო თეატრალური უნივერსიტეტის ისტორიაში. რამდენიმე ბიჭი მივედით ბატონ ანზორ ერქომაიშვილთან და ვუთხარით, რომ ქალაქური ხალხური სიმღერის ანსამბლის ჩამოყალიბება გვინდოდა. ძალიან გაუხარდა, მაგრამ თავად არ ეცალა და ანსამბლ „რუსთავის“ პირველი ხმა – გოგიტა ბუგიანიშვილი მოგვივლინა ხელმძღვანელად. ძალიან კარგი ხმები იყო ჩვენს ანსამბლში, გარდა იმისა, რომ ფოლკლორს ვმღეროდით, თეატრალურად ანუ ხასიათში შეგვეძლო სიმღერა, შეგვეძლო კონცერტ-სპექტაკლივით დაგვედგა რაღაც, სანახაობრივი სახე მიგვეცა.

თავიდან ანსამბლის ჩამოყალიბებაში ძალიან შეგვიწყო ხელი ბატონმა გიგა ლორთქიფანიძემ, მერე ბატონი გოგი მარგველაშვილი დაგვეხმარა, ჩოხები შეგვიკერა და 2007 წელს საბერძნეთში, მსოფლიო ფესტივალზე წავედით, რომელშიც 42 ქვეყანა მონაწილეობდა. და მსოფლიო ფესტივალის ლაურეატები გავხდით, ჩვენმა ანსამბლმა გრან-პრი აიღო! ეს ჩემთვის წარმოუდგენელი მოვლენა იყო, მეგონა, „ოსკარი“ მივიღეთ… ცხადია, არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველაზე კარგად ვმღეროდით საქართველოში, მაგრამ ეს, ზოგადად, ქართული სიმღერის გამარჯვება იყო, რომელმაც ყველას ნათლად დაანახვა, რა მაგარი ფოლკლორი გვაქვს ქართველებს. სამწუხაროდ, შემდეგ ფინანსების უქონლობის გამო დავიშალეთ…

როგორც ვიცი, თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მესამე კურსზე გადაწყვიტეთ, რომ იურიდიულგანათლება მიგეღოთ…

მივიღე კიდეც. რომ გითხრათ, ჩემგან კარგი იურისტი დადგებოდა-მეთქი, კი, დადგებოდა, მაგრამ მე უფრო შემოქმედებითი კაცი ვარ და ამ მშრალმა კანონებმა აღარ დამაკმაყოფილა. თუმცა იურისპრუდენცია, ზოგადად, ძალიან საინტერესოა, მარტო კანონები კი არ არის, სულ ახლის ძიებაში ხარ… მაგრამ, ვფიქრობ, თეატრი და კინო უფროა ჩემი საქმე. იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ თავს იურისტად არ ვთვლი, არც მომღერლად…

არადა, ძალიან კარგადღერისო, მითხრეს!

ძალიან კარგად ცოტა ვინმე თუ მღერის საქართველოში. ეს ზუსტად იგივეა, როცა ამბობენ, კარგად წერს, პოეტიაო. ყოველი მეორე ადამიანი ალბათ პოეტია საქართველოში, „ყველა ხევსური, ვიცი, დანტეაო“, – ვისი ნათქვამია, აღარ მახსოვს, მაგრამ გენიალური ნათქვამია… იქ ყველა წერს, ის ხალხი, ზოგადად, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ვაჟა-ფშაველაა?! ასე რომ, რაღაცას მეც ვმღერი. 🙂

თამადაც კარგიაო…

აქაც იმავეს ვიტყვი: ისეთ წრეში გავიზარდე, რომ… კოტე მახარაძესთან ერთად სუფრასთან ჯდომა და მისი თამადობა ლეგენდა იყო, არაფერი შეედრებოდა. რა ვიცი, ვთამადობ… ისე, თამადობა 23 წლის ასაკში დავიწყე და ვთვლი, რომ, ზოგადად, ეს კარგი არ არის. ახალგაზრდებს ვეტყვი, რომ 23 წლის ასაკიდან არ დაიწყონ თამადობა, ჯობს სხვა რაღაცებს მიაქციონ ყურადღება. თუმცა არტისტისთვის კარგია, როცა აუდიტორია ჰყავს. რაღაც საინტერესოს თუ ამბობ, იუმორის გრძნობა თუ გაქვს, მღერი, ყოველთვის იმას აკეთებ, რაც საზოგადოებას მოსწონს და გისმენს – თავად გსიამოვნებს ეს ყველაფერი. ჩემთვის რაღაც სუფრები, ვიტყვი, რომ სპექტაკლივით იყო, სადაც მთავარ როლს ვთამაშობდი.

ამ მიმართულებით აუდიტორია  ეკრანის საშუალებითაც გყავდათ – სატელევიზიო პროექტი „სადღეგრძელო“ მაქვს მხედველობაში…

კი, ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავდა ამ გადაცემას, რატომ დახურეს, არ ვიცი. ახლაც ქუჩაში რომ მხედავენ, ვიღაც უცნობები ამბობენ: „ოო, ეს ხომ ჩვენი თამადაა!“ ერთ საინტერესო ისტორიას გიამბობთ: არც ისე დიდი ხნის წინათ  შვედეთში ვიყავი ჩასული ქალბატონ თამარ ფეიქრიშვილთან, რომელიც მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი, ფაქტობრივად, არ ვიცნობდი; შვედეთის მოქალაქეა, არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს. სანამ მე ჩავიდოდი, იქ თურმე ასეთი რაღაც მოხდა: შვედეთის ქართული დიასპორა ქეიფობდა და ვინ უნდა იყოს თამადაო, ამაზე მსჯელობდნენ. ერთს უთქვამს, ახლა ერთ კარგ რაღაცას ჩავრთავ და ის კაცი იქნება თამადაო. ჩართო თურმე ჩვენი ვიდეოები, რომელიც „ღამის შოუს“ სტუდიამ გადაიღო: მე რაღაც სადღეგრძელოს ვიტყვი, ისინი ქეიფობენ და არის ერთი ამბავი. ქალბატონ თამარს უკითხავს, რას უყურებთ, ქორწილიაო? აქ ერთი კარგი კაცი გვყავს, იმას ვათამადებთ, ჩვენ გვეზარებაო, უპასუხიათ. ქალბატონმა თამარმა შეხედა თურმე ვიდეოს და რომ დამინახა, უთქვამს, მე ვიცნობ ამ ბიჭსო. მერე ფეისბუქზე მომწერა და ისე მოხდა, მალე მათთან ჩავედი, იქ შვედეთის ქართველი ემიგრანტები გავიცანი, ძალიან კარგი ხალხი…

და ალბათ რეალურადაც ითამადეთ…

აბა, ისე როგორ გამოვიდოდა?!.. ქალბატონი თამარის მეუღლის დაბადების დღე ახლოვდებოდა და აქედანვე შევთანხმდით, რომ მის დაბადების დღეზე ჩავიდოდი. ჩავედი და „ხოშიანად“ ვიქეიფეთ, უზომოდ კმაყოფილი ვიყავი საკუთარი თავის, რადგან იმ ხალხს შევხვდი, ვისაც უყვარხარ, მოსწონხარ, მაგრამ აქეთ ვერ ჩამოდიან, თუმცა ისინი უფრო ინახავენ ქართველობას იქ, ევროპაში, ვიდრე ჩვენ – აქ… რაც გვაქვს, იმას ვერ ვაქცევთ ყურადღებას. ამიტომ, სადაც დამიძახებენ, ყველგან წავალ…

სადაც დაგიძახებენ, ვთქვათ, კინოში და სერიალში, იქაც ყველგან წახვალთ?

არა, ყველგან არ წავალ! არც ყველაფერს ვითამაშებ. მე ჩემი ხედვა მაქვს და არსებობს რაღაცები, რაც ჩემთვის მიუღებელია. არსებობს, ასევე, როლები, რომლებსაც არ ვითამაშებ, თან გააჩნია, ვინ იღებს, რეჟისორი ვინ არის.

ისიც გვითხარით, ყველაზე დიდი სიამოვნებით რა როლს ითამაშებდით?

ბევრია ასეთი როლი… ხშირად მისვამენ ამ კითხვას და სულ ვამბობ, რომ ყვარყვარეს ვითამაშებდი, კირილე მიმინაშვილი მინდა ვითამაშო ქართული კლასიკიდან… ვითამაშებდი რომანტიკულ შეყვარებულ სირანოს სპიესიდან „სირანო დე ბერჟერაკი“… ვითამაშებდი ალბათ ყველაფერს, სადაც ჩემი და რეჟისორის ტანდემი შედგებოდა…

უკვე ნათამაშევი როლებიდან თქვენს შინაგან მესთანრომელია უფრო ახლოს?

ნაწილობრივ ყველა. ბოროტი კაცი არც მე ვარ და ყოველთვის ისეთ სახეს ვქმნი, რომ არ მინდა ბოროტი იყოს… ზოგადად, ისეთი ფილმები მიყვარს, რომლებიც ადამიანობას, სიკეთეს ქადაგებენ, თუმცა ჩემი გმირის მანკიერ მხარეს აუცილებლად დავანახვებ საზოგადოებას.

ჩემი ცოლისაქალებზე“  რას გვეტყვით? სერიალში, მგონი, პირველი სეზონიდან ხართ?

არ ცდებით, პირველ სეზონში სამ სერიაში ვითამაშე, შემდეგ გავიდა ოთხი წელი და ისევ დამირეკეს. დღემდე ვთამაშობ…

რატომღაც მგონია, რომ პროტოტიპი ჰყავს თქვენს გმირს...

არა, კონკრეტული პროტოტიპი არ ჰყავს, მაგრამ ვიღაცებისგან რაღაც-რაღაცებს „ვიპარავ“, ასე რომ ვთქვათ. 🙂

დაბოლოს, გაგვმხილეთ თქვენი სურვილი!

ზოგადად, ვისურვებდი, რომ ადამიანებმა საკუთარ თავში ჩაიხედონ და სიკეთე აკეთონ ამქვეყნად, სხვას ნურასოდეს გაუკეთებენ იმას, რაც არ უნდათ, რომ თავად მათ გაუკეთონ…

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები
Загрузка...