მსოფლიოპოლიტიკა

გერმანიამ ARROW-3 აამოქმედა: როგორი იქნება ახალი ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო ფარი?

გერმანიამ უსაფრთხოების პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა: დეკემბრის დასაწყისში ქვეყანამ ოფიციალურად დაიწყო ახალი, მაღალტექნოლოგიური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის – Arrow-3-ის ექსპლუატაციის პირველი ფაზა. Arrow-3 დღემდე მხოლოდ ისრაელს ჰქონდა ინტეგრირებული თავის თავდაცვის სისტემაში და ევროკავშირის ტერიტორიაზე მისი დანერგვა პირველად ხდება.

ამ გადაწყვეტილებას მეტწილად გეოპოლიტიკური ფონი განსაზღვრავს – რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში და მზარდი საფრთხე, რომელიც შორი მოქმედების თანამედროვე რაკეტებს უკავშირდება, რაც გერმანიას ავალდებულებს, გააძლიეროს საკუთარი და კონტინენტის საერთო უსაფრთხოების სისტემა.

რატომ გახდა აუცილებელი ARROW-3?

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, Arrow-3 „პირველად აძლევს ბერლინს შესაძლებლობას, მოსახლეობა შორი მოქმედების (საკონტინენტთაშორისო) ბალისტიკური რაკეტებისგან დაიცვას“.

გერმანია, თავისი ცენტრალური გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი რეგიონია. რუსეთის ბალისტიკური რაკეტები ექსტრემალურად შორ მანძილზე მიფრინავენ (მათ შორის ყველაზე ახალი, „სარმატი“, დაახლ. 18 ათასი კმ-ზე) და საფრთხეს წარმოადგენენ რეგიონული კრიზისის დროს. აქამდე გერმანიას ასეთი კლასის საფრთხეზე პირდაპირი სამხედრო პასუხი არ ჰქონდა.

ნატოს სამხედრო ექსპერტები წლების განმავლობაში მიუთითებდნენ ევროპული საჰაერო თავდაცვის სისტემაში არსებულ ხვრელზე: ევროპის ქვეყნები კარგად არიან დაცული მოკლე და საშუალო რადიუსის სარაკეტო შეტევებისგან, მაგრამ არა – სტრატეგიული შეტევებისთვის, რომლებიც ბალისტიკური რაკეტებით ხორციელდება. Arrow-3 სწორედ ამ დანაკლისს ავსებს.

რა არის Arrow-3 და რატომ არის ის განსაკუთრებული

Arrow-3 მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და ტექნოლოგიურად მაღალი დონის რაკეტების გადამჭერ სისტემად მიიჩნევა. ის ერთობლივად შეიმუშავეს ისრაელმა და აშშ-მა, როგორც თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელსაც ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება დედამიწის ატმოსფეროს გარეთ შეუძლია. ახალი სარაკეტო სისტემა, რომელმაც 2019 წელს გამოცდა წარმატებით ჩააბარა, ბირთვული ქობინით არ არის აღჭურვილი და სამიზნე ბალისტიკურ რაკეტას შეჯახებით ანადგურებს.

მისი შესაძლებლობები ასე გამოიყურება:

  • დამიზნების სიმაღლე: 100 კმ-მდე
  • მოქმედების რადიუსი: დაახლოებით 2400 კმ
  • პრინციპი: „hit-to-kill“ — მტრული რაკეტის განადგურება პირდაპირი შეჯახებით, არა აფეთქებით
  • ტექნოლოგიური უპირატესობა: მინიმალური ნამსხვრევები და შემცირებული საფრთხე დასახლებულ სივრცეებში

სისტემა შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან:

  1. რადიოლოკაციური სადგური წინასწარი გაფრთხილებისთვის;
  2. საბრძოლო მართვის ცენტრი;
  3. მობილური გამშვები დანადგარები.

განსხვავებით საარტილერიო ან ფრთოსანი რაკეტებისგან, ბალისტიკური რაკეტები (ICBM) თითქმის კოსმოსში ადიან და სამიზნისკენ გრავიტაციული ტრაექტორიით ეშვებიან. მათი სიჩქარე 20 000 კმ/სთ-საც კი აღემატება, რაც მათ განსაკუთრებით რთულ სამიზნედ ხდის. Arrow-3-ის სიზუსტე და რეაგირების სისწრაფე სწორედ ამ გამოწვევაზეა მორგებული.

ევროპის მრავალსაფეხურიანი ფარი: Arrow-3 + Patriot + IRIS-T

გერმანიის საჰაერო უსაფრთხოება რამდენიმე სისტემის ერთობლიობას ემყარება, რომლებიც სხვადასხვა სიმაღლესა და დისტანციაზე მუშაობენ:

  • IRIS-T – მოკლე რადიუსზე, დაახლოებით 15 კმ
  • Patriot – საშუალო რადიუსზე, დაახლოებით 50 კმ
  • Arrow-3 – დიდი სიმაღლეები და შორი მანძილის სტრატეგიული საფრთხეები

ეს სამი ერთად ქმნის მრავალსაფეხურიან ფარს, რომელიც ევროპული თავდაცვის ერთ-ერთი ბირთვი ხდება.

თუმცა ფინანსური მხარეც სერიოზულია: Arrow-3-ის თითოეული რაკეტა-გადამჭერი რამდენიმე მილიონი ევრო ღირს, ხოლო Arrow-3-ის სისტემების შეძენისთვის გერმანიამ ისრაელთან 2023 წელს 3,6 მილიარდი ევროს კონტრაქტს მოაწერა ხელი – ეს გერმანია-ისრაელის ისტორიაში უმსხვილესი სამხედრო გარიგებაა.

სად განლაგდება Arrow-3 და რას ნიშნავს ეს ევროპისთვის

სისტემის პირველი ბატარეის განთავსებისთვის გერმანიამ ჰოლცდორფის სამხედრო აეროდრომი აირჩია, რომელიც ბერლინს სამხრეთიდან ესაზღვრება. აქ ხდება NATO-ს ინფრასტრუქტურაში მისი ინტეგრაცია და სამხედროების გადამზადება.

გეგმის მიხედვით, კიდევ ორი ობიექტი განთავსდება ბავარიაში და შლეზვიგ-ჰოლშტაინში, რაც რედუდანტულობას (redundancy – სისტემის დუბლირება ან დამატებითი კომპონენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მუშაობას, თუნდაც ერთ ნაწილი გაჩერდეს ან დაზიანდეს) უზრუნველყოფს – ანუ თუ ერთ კვანძს პრობლემები შეექმნა, დანარჩენებმა უნდა შეძლონ თავდაცვის სრული კონტურის შენარჩუნება.

გერმანიის „რკინის ფარის“ სრული ოპერატიული მზადყოფნა 2030 წლამდე იგეგმება, თუმცა პირველი შესაძლებლობები უკვე ამოქმედებულია.

გერმანიაში Arrow-3-ის განლაგება არა მხოლოდ ეროვნული, არამედ ევროპული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა. სისტემა გახდება ევროპული „ცის ფარის“ (ESSI) – 2022 წელს გამოცხადებული ინიციატივის – ცენტრალური ნაწილი. ასე ცდილობს ევროპა, შეამციროს დამოკიდებულება ამერიკულ სამხედრო ფარებზე და უფრო თვითკმარი თავდაცვითი არქიტექტურა შექმნას.

გეოპოლიტიკური მნიშვნელობა – რეალური ფარი

Arrow-3-ს აქვს ორმაგი მნიშვნელობა:

  1. სტრატეგიული – ის რეალურად იცავს ევროკავშირის უდიდეს ეკონომიკას სტრატეგიული დაბომბვისგან.
  2. პოლიტიკური – გერმანია აჩვენებს, რომ მზად არის, აიღოს ლიდერობა ევროპის უსაფრთხოების საკითხებში და გაზარდოს სამხედრო პასუხისმგებლობა.

ამავდროულად, შეთანხმება კიდევ უფრო ამყარებს ბერლინისა და ისრაელის პარტნიორობას და წარმოადგენს ერთგვარ პასუხს ახლო აღმოსავლეთში არსებული სამხედრო გამოწვევების ფონზე – სადაც Arrow-3 უკვე წლებია ფუნქციონირებს „რკინის გუმბათის“ პარალელურად.

ნიკო აბაშიშვილი

ამავე თემაზე: გერმანია საკუთარ „რკინის გუმბათზე“ ფიქრობს, რომელიც მას პუტინის რაკეტებისგან დაიცავს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close