ტრაგიკული შემთხვევა საბერძნეთში: 49 წლის ქალი საცხობში დანადგარის მექანიზმმა ჩაითრია და დაიღუპა – რა აჩვენა ექსპერტიზამ (ვიდეო)

საბერძნეთში, ლარისის რეგიონის სოფელი დამასი გლოვობს 49 წლის მცხობელ ქალს, რომელიც საზარელმა ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა. ზოი ლეტსიუ საკუთარ საცხობში სამუშაო პროცესში დაიღუპა – უბედური შემთხვევა იმდენად წარმოუდგენელი და ფატალური იყო, რომ მთელი სოფელი შოკში ჩააგდო. შემთხვევის შესახებ „კათიმერინი“ წერს.
ქალი დღეს, 14 ნოემბერს დაკრძალეს. იგი 12:00 საათზე დამასის წმინდა ტრიფონის ტაძრიდან გამოასვენეს. სოფლის მცხოვრებლების თქმით, ზოი მშვიდი, თბილი და შრომისმოყვარე ქალი იყო, ორი შვილის დედა, რომელიც ყოველდღე დილადრიან დგებოდა და მარტო უძღვებოდა საცხობის საქმეს.
როგორ მოხდა უბედური შემთხვევა
ფატალური ტრაგიკული შემთხვევა ხუთშაბათს, 13 ნოემბერს, დილით ადრე მოხდა, როცა ქალი ცომის მოსაზელ დანადგარს წმენდდა. სწორედ ამ დროს, მოულოდნელად მისი შარფი მოქმედმა მექანიზმმა ჩაიხვია. ჩაჭედილმა ქსოვილმა მარყუჟივით იმოქმედა და ქალი მოიგუდა.
სამწუხაროდ, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ გადარჩენის შანსი, პრაქტიკულად, აღარ დარჩა.
თვითმხილველი: „შარფი მანქანაში ჩაიჭედა… უგონოდ იყო“
შოკისმომგვრელი სურათი პირველად სოფლის მცხოვრებმა ქალმა დილის 06:15 საათზე აღმოაჩინა.
„დილით, 06:15 საათზე მივედი ფუნთუშების საყიდლად, როგორც ყოველთვის, მაგრამ არაფერი იყო. შევედი შიგნით და დავინახე, როგორ იდგა მუხლებზე ზოი ცომსაზელი მანქანის წინ, რომელიც ცომს ჭრის და ფორმას აძლევს. როგორც წესი, ზოი მრავალი წლის განმავლობაში ყოველ დილით წმენდდა დანადგარს მუშაობის დაწყებისას. მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო და რადგან შემეშინდა, გარეთ გავედი დახმარების გამოსაძახებლად. საბედნიეროდ, საცხობში მოსული კაცი დამეხმარა და ერთად გამოვიძახეთ საგანგებო სიტუაციების სამსახური“, – თქვა თვითმხილველმა ქალმა მედიასთან საუბრისას.
ΕΚΑΒ-ის ბრიგადა ადგილზე 15 წუთში მივიდა, თუმცა რეანიმაციის პროცედურებმა შედეგი არ გამოიღო და ქალი ვეღარ გადაარჩინეს.
ექსპერტიზის დასკვნა
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ქალის გარდაცვალება მექანიკური დახრჩობით მოხდა – ჩაჭედილმა შარფმა მარყუჟივით იმოქმედა და სიკვდილი თითქმის მყისიერად დადგა.
ისტორიული პარალელი – ტრაგედია, რომელმაც ბევრს აისედორა დანკანის სიკვდილი გაახსენა
შემთხვევის შესახებ საუბრისას ზოგიერთი პარალელს ავლებს თითქმის ერთი საუკუნის წინათ, 1927 წელს ნიცაში მომხდარ მსგავს ტრაგიკულ შემთხვევასთან – სცენის ლეგენდის, ამერიკელი მოცეკვავის, აისედორა დანკანის (Isadora Duncan) ტრაგიკულ სიკვდილთან: მასაც ყელზე შემოხვეული გრძელი შარფი ჩაეჭედა მოძრავ ნაწილში (მანქანის ბორბალში), რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია. სხვათა შორის, აისედორა დანკანიც დაახლოებით იმავე ასაკში გარდაიცვალა – 50 წლისა.
ორივე შემთხვევა გვახსენებს, როგორ შეიძლება ჩვეულებრივმა, ყოველდღიურმა საგნებმაც კი მყისიერად გადააქციოს სამუშაო გარემო სიცოცხლისთვის სახიფათო სივრცედ.
ნინო ბაჯელიძე




კომენტარები