ბოლო დღეებში ამერიკულ და ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საელჩოებსა და საკონსულოებს ახალი ინსტრუქცია გაუგზავნა, სადაც მითითებულია, რომ ვიზის გაცემისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს განმცხადებლების ჯანმრთელობის მდგომარეობას – მათ შორის, ჭარბ წონას, დიაბეტსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
რა წერია დოკუმენტში
ონლაინ გამოცემა KFF Health News-ი ამტკიცებს, რომ გაეცნო შიდა ინსტრუქციას, სადაც აღნიშნულია:
- საკონსულოებმა უნდა განსაზღვრონ, შეძლებს თუ არა განმცხადებელი დამოუკიდებლად დაფაროს სამედიცინო ხარჯები;
- იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი შეიძლება „საზოგადოებრივ ტვირთად“ (public charge) იქცეს, მისი ვიზა შესაძლოა უარყონ;
- შეფასება შეეხება ქრონიკულ დაავადებებს, რომლებიც მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას და ძვირადღირებულ მედიკამენტებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს აღნიშნულ საკითხზე საჯარო განმარტება ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა გამოცემები New York Post, San Francisco Chronicle და People ადასტურებენ, რომ მითითება მართლაც გაიგზავნა და ამ ეტაპზე ეს არ არის კანონით განსაზღვრული, არამედ შიდა სახელმძღვანელო პრაქტიკა.
შესაძლო შედეგები
ექსპერტების შეფასებით, ამგვარი მიდგომა – ჯანმრთელობის სტატუსის გამოყენება, როგორც ეკონომიკური ტვირთის ინდიკატორი – დისკრიმინაციისა და ბიოეთიკური საკითხების შესახებ დებატებს იწვევს.
მათივე თქმით, ცვლილება შესაძლოა განსაკუთრებით შეეხოს დაბალი შემოსავლის მქონე აპლიკანტებს, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ და ვერ ახერხებენ სამედიცინო დაზღვევის ან მკურნალობის ხარჯების დამოუკიდებლად დაფარვას.
პოლიტიკური ფონი
ინფორმაცია გავრცელდა იმავე დღეს, როცა დონალდ ტრამპმა წონის დასაკლებ წამლებზე (Ozempic, Wegovy და სხვ.) დანახარჯების შემცირების გეგმები დააანონსა, ამიტომ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს ორი ინიციატივა ურთიერთკავშირშია.
ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე არაერთხელ გაამკაცრა საიმიგრაციო პოლიტიკა ეკონომიკური კრიტერიუმების მიხედვით, ხოლო ახალი მითითება შესაძლოა ამ მიმართულების გაგრძელებად განიხილებოდეს.
ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ ინსტრუქციაზე, რომელიც, სავარაუდოდ, უკვე მოქმედებს საკონსულოს დონეზე, თუმცა კანონით არ არის გამყარებული.
ამიტომ ვიზის მაძიებლებისთვის მნიშვნელოვანია, წინასწარ გაარკვიონ მოთხოვნები სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით და ფინანსური უზრუნველყოფის საკითხები.
კრიტერიუმების საბოლოო სია და გამოყენების პრაქტიკა, სავარაუდოდ, დაზუსტდება მაშინ, როცა სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ განმარტებას გამოაქვეყნებს.
რა უნდა იცოდეთ, თუ აშშ-ის ვიზის მიღებას აპირებთ
1. სამედიცინო ინფორმაცია:
თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება – მაგალითად, დიაბეტი, გულის დაავადება ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, მოამზადეთ ექიმის მიერ გაცემული ცნობა და მკურნალობის დეტალები.
2. ფინანსური უზრუნველყოფა:
საკონსულომ შეიძლება მოითხოვოს მტკიცებულება, რომ თავად შეძლებთ საკუთარი სამედიცინო ხარჯების დაფარვას. სასურველია წარმოადგინოთ დაზღვევის პოლისი ან ანგარიშის ამონაწერი.
3. ფორმა DS-260 და დამატებითი კითხვარი:
მნიშვნელოვანია ყველა სამედიცინო და სოციალური ხასიათის კითხვა სრულად შეავსოთ. არასრული ინფორმაცია შეიძლება ვიზაზე უარის თქმის მიზეზად იქცეს.
4. იურიდიული კონსულტაცია:
იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვცთ, რომელიც რეგულარულ მკურნალობას საჭიროებს, სასურველია წინასწარ გაიაროთ კონსულტაცია საიმიგრაციო იურისტთან.
5. მონიტორინგი:
თვალი ადევნეთ სიახლეებს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე – თუ ინსტრუქცია კანონად ჩამოყალიბდება, წესები შესაძლოა გამკაცრდეს ან შეიცვალოს.
ნანა ძნელაძე




კომენტარები