მსოფლიოსაზოგადოება

დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთში, სულ ცოტა, 284 ადამიანი შეეწირა, 2300-ზე მეტი დაშავდა (ფოტო, ვიდეო)

230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სირიაში, მიწისძვრის ეპიცენტრის მახლობელ პროვინციებში

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში დღეს დილით, 04:17 სთ-ზე (ადგილობრივი დროით) 7,4 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სააგენტო ანადოლუ ავრცელებს.

სტიქიის კერა ქალაქ გაზიანთეფის მახლობლად იყო, სადაც 1 მლნ-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მთავარი მიწისძვრის შემდეგ 42 აფთერშოკი დაფიქსირდა, რომელთაგან უძლიერესი 6,6 მაგნიტუდის იყო.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქტაის ინფორმაციით, ქვეყანაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად თურქეთის ათ პროვინციაში 284 ადამიანი დაიღუპა და, სულ ცოტა, 2 323 დაშავდა. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. უცნობია, რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ნანგრევების ქვეშ.

ბევრი დასახლებული პუნქტის მცხოვრებლებმა ღამე ქუჩაში გაათიეს, კოცონის გარშემო.

მიწისძვრის შემდეგ ზოგიერთ რაიონში – საწარმოებსა და ოფისებში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულნი არიან სახანძრო სამსახურები.

ბიძგები  მეზობელ პროვინციებშიც იგრძნობოდა. თურქეთში გამოცხადებულია საფრთხის უმაღლესი დონე. ქვეყნის ხელისუფლებამ საერთაშორისო დახმარება ითხოვა.

აშშ-მა, ნატო-მ, გერმანიამ და ისრაელმა უკვე გამოთქვეს მზადყოფნა თურქეთის დასახმარებლად.

„საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის ნებისმიერი საჭირო დახმარების აღმოსაჩენად“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქეთის მთავრობას და თურქ ხალხს მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თანაგრძნობა გამოუცხადა.

სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა სირიაშიც. ბოლო მონაცემებით, თურქეთის მოსაზღვრე სირიის პროვინციებში დაღუპულია 230-ზე მეტი ადამიანი (თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიის Trt-ის მონაცემებით, სირიაში დაღუპულია 427 ადამიანი), სულ ცოტა, 639 ადამიანი დაშავდა, ნანგრევების ქვეშ მოყოლილთა ძებნა გრძელდება.

თურქმა სეისმოლოგებმა მიწისძვრა, რომლის კერის სიღრმე 17,9 კმ იყო, 7,4 მაგნიტუდით შეაფასეს, აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმაკი – 7.8 მაგნიტუდით.

თურქეთი სეისმურად  ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ზონაში მდებარეობს. 1999 წელს იზმითის რაიონში მომხდარ მიწისძვრას 17 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.

ნინო ხოშტარია

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close