ლიტერატურა/წიგნებისაბერძნეთი

ათენში გაიმართა ბერძენი მწერლის რომანის პრეზენტაცია, რომელიც ქართველ ემიგრანტ ქალზე მოგვითხრობს

გამომცემლობა „იოლკოსმა“ (“Ιωλκός “) კვირას, 2 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე ათენში, არქეოლოგიური მუზეუმის ბაღში (პატისიონის 44) თანამედროვე ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზაძოპულოსის რომანის – „დარიას“ პრეზენტაცია გამართა. წიგნი ცოტა ხნის წინ გამოიცა.

რომანის მთავარი გმირი – დარია ქართველი ქალია, ქუთაისიდან.

წიგნში აღწერილია ორი ახალგაზრდა ქალის ისტორია, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიემგზავრებიან საბერძნეთში: დარია ქუთაისიდან – ათენში, მეორე, სომეხი ახალგაზრდა ქალი კი – თესალონიკში.

პრეზენტაციაზე ავტორმა წიგნის შექმნის ისტორიაზე, მის ფაბულაზე და სხვა დეტალებზე ისაუბრა და თქვა, რომ შეეხო პროსტიტუციის და ნარკომანიის პრობლემებსაც თანამედროვე საბერძნეთში. მისივე თქმით, რომანზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა, წიგნის ყველა პერსონაჟს ჰყავს პროტოტიპი, მხოლოდ მთავარი გმირის, დარიას პერსონაჟია ორი პროტოტიპის – ორი ქართველი ქალის ისტორიისა და ხასიათის შერწყმა (ამიტომ ან ძალიან მოგეწონებათ ეს პერსონაჟი და შეგიყვარდებათ, ან, პირიქით, უარყოფითი დამოკიდებულება გაგიჩნდებათო). კაზაძოპულოსმა ასევე განმარტა, რომ დარია სპარსული სახელია და ძლიერს ნიშნავს. და რომ მისი მთავარმა გმირმაც ბევრი გასაჭირი გამოიარა, მაგრამ ძლიერი და მებრძოლი იყო, ბევრი ბარიერი გადალახა და მიზანს მიაღწია.

მარჯვნიდან პირველი – ნიკოს კაზაძოპულოსი; ნინო ბაჯელიძის ფოტო. 2 ოქტომბერი, 2022

ავტორმა წიგნის წარდგენისას თქვა, რომ აღფრთოვანებულია ქართველი ქალის სიძლიერით, დახვეწილობით და კულტურით. იგი საქართველოშიც იყო ჩამოსული, გაეცნო ქუთაისის და მთლიანად საქართველოს ისტორიას, იმყოფებოდა წალკაშიც, სადაც ბერძნები ცხოვრობდნენ…

პრეზენტაციას უძღვებოდა Tv MEGA-Ს ᲓᲐ BIMA-Ს ჟურნალისტი მარიალენა გერანტონი. რომანის შესახებ ისაუბრეს გამომცემლობა „იოლკოს“ ხელმძღვანელმა კონსტანტინე კორიდისმა, ლიტერატურის კრიტიკოსმა ელენი კიტსუმ; წიგნიდან ნაწყვეტები  წაიკითხა მსახიობმა ადრიანი ბარცოტამ, სიტყვით გამოვიდნენ, აგრეთვე, დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებიც.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში ნიკოს კაზაძოპულოსის რომანი „დარია“ ქართულადაც ითარგმნება და საქართველოში ფართო საზოგადოებასაც ექნება მისი გაცნობის საშუალება.

შემდეგი შეხვედრა ბერძენ მწერალთან გაიმართება ბერძნულ-ქართულ კულტურის ცენტრ „კავკასიაში“, ბატონ ავთანდილ მიქაბერიძესთან.

ნინო ბაჯელიძე

ათენის არქეოლოგიური მუზეუმის ბაღი. ნინო ბაჯელიძის ფოტო. 2 ოქტომბერი, 2022
ათენის არქეოლოგიური მუზეუმის ბაღი. ნინო ბაჯელიძის ფოტო. 2 ოქტომბერი, 2022

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close