fbpx
ეკონომიკასაქართველო

როგორ დავაბრუნოთ უკან ონლაინ ნაყიდი ნივთი?

14 დღე გექნებათ იმისთვის, რომ მოიფიქროთ, გინდათ ნაყიდი ნივთის დატოვება თუ არა. თუ ონლაინ შეძენილი ნივთის დაბრუნებას გადაწყვეტთ, მაღაზიამ თანხა სრულად უნდა დაგიბრუნოთ.

რადიო თავისუფლებამ მომხმარებლების ამ ახალი უფლების დეტალები გაარკვია.

რომელ მაღაზიაში შემიძლია დავაბრუნო?

ნებისმიერ ონლაინ მაღაზიაში, ნებისმიერი დისტანციურად ნაყიდი ნივთი. მათ შორის ტექნიკა თუ სხვა პროდუქცია, რომელიც სახლში მოგიტანეს, იქვე შემოგთავაზეს პირობები და თქვენც შეიძენთ.

ყველაფერს იბრუნებენ?

უკან ვერ დააბრუნებთ ისეთ ნივთებს, რომლებიც ერთჯერადად გაიყიდა, მაგალითად ვინმეს კუთვნილ ავტომობილს ან მობილურ ტელეფონს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოფილ მფლობელებს არანაირი ვალდებულება არ აქვთ. კანონში აქამდეც არსებობდა გარიგების, მათ შორის ერთჯერადი გარიგების დადებასთან დაკავშირებული ნორმები.

ვერ დააბრუნებთ ნივთებს რომლებიც ონლაინ ვაჭრობისას შეიძინეთ არამეწარმისგან (მეწარმე ორგანიზებულად, სამართლებრივი ფორმით სისტემატურად ვაჭრობს რაიმე ნივთით ან საქონლით). თუ თქვენ ფულს ურიცხავთ ფიზიკურ პირს, ეს ვერ იქნება მეწარმესთან დადებული გარიგება.

ვთქვათ დავაბრუნე, ფულს უკან მთლიანად მომცემენ?

დიახ, თანხა სრულად უნდა დაგიბრუნონ და უფრო მეტიც, მაღაზიამ ნივთის უკან წაღების ხარჯიც თავად უნდა დაფაროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა თქვენ სტანდარტულ მომსახურებაზე უარი თქვით და ნივთის სახლში მოტანა უფრო ძვირი დაგიჯდათ.

რა მიზეზით შეგიძლიათ ნივთზე უარის თქმა?

  • თუ ნივთი არ მოგერგოთ.
  • არ მოგეწონათ.
  • აღარ გინდათ.
  • არ მუშაობს. თუ კი მაგალითად თვლით, რომ ტექნიკა გამართულად არ მუშაობს მის დასაბრუნებლად არათუ 14 დღე, არამედ 6 თვეც კი გაქვთ.

მოკლედ, მიზეზები და რაიმეს მტკიცება არ დაგჭირდებათ. მტკიცების ტვირთი სრულად გადადის მოვაჭრეზე.

რა შემთხვევაში შეიძლება ნივთი არ დაიბრუნონ?

  • თუ მას ეტყობა მოხმარების კვალი.
  • თუ შეძენილი ნივთი მალფუჭებადია.
  • თუ ის ჰერმეტული იყო, ხოლო ყიდვის შემდეგ დაირღვა მისი ჰერმეტულობა.
  • თუკი შენაძენი საფინანსო–სადაზღვეო სფეროში გააკეთეთ.
  • თუ თქვენ და გამყიდველი წინასწარ შეთანხმდით, რომ აღარ გექნებოდათ ნივთის უკან დაბრუნების უფლება, თქვენ ეს იცოდით და მომსახურებითაც სრულად ისარგებლეთ.
  • თუ ნივთი თქვენი შეკვეთით არის დამზადებული და მხოლოდ თქვენს საჭიროებებს ერგება

რა ვქნა, თუ კი ნივთს არ იბრუნებენ?

ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კონკურენციის სააგენტოს, რომელიც ამ კანონის აღმსრულებელი ორგანო ხდება. თუმცა ეს არ შეგეძლებათ 1 ნოემბრამდე. სააგენტო მხოლოდ შემოდგომიდან მიიღებს საჩივრებს. ამისთვის სპეციალური განყოფილებაც შეიქმნება.

დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოვაჭრე მიიღებს გაფრთხილებას. განმეორების შემთხვევაში კი დაეკისრება ჯარიმა, წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2%.

როდიდან შევძლებ ონლაინ შენაძენის დაბრუნებას?

პირველი ივნისიდან.

ზაფხულში ძალაში შედის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” ახალი კანონი, რომელიც ამ უფლებას მოგცემთ და ასევე გამყიდველს დაავალდებულებს, სრულად გაგაცნოთ დაბრუნების პირობები.

ახალი კანონის ინიციატორია პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი. ეს ცვლილება საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილია და კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებას ისახავს მიზნად.

სოფო დათიშვილი

radiotavisufleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close